თბილისის საკრებულოში ევროპის ახალგაზრდა მეცნიერთა კონკურსის ეროვნული ტურის მონაწილეთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ როგორც ქართველი, ისე უცხოელი სტუმრები.
კონკურსის მიზანია ხელი შეუწყოს ახალგაზრდა მეცნიერთა თანამშრომლობას მეცნიერებისა და ტექნოლოგიის სხვადასხვა დარგში. ევროპის ახალგაზრდა მეცნიერთა კონკურსი მასშტაბური ღონისძიებაა, რომელიც ევროკავშირის წევრ ერთ–ერთ ქვეყანაში 1989 წლიდან ყოველწლიურად ტარდება. წელს კონკურსის მასპინძლობის პატივი წილად ხვდა ბულგარეთის დედაქალაქ სოფიას.
ღონისძიებაზე ახალგაზრდა მეცნიერთა კონკურსის ეროვნული ტურის ყველა მონაწილეს სხვადასხვა საპრიზო კატეგორიაში გამარჯვებისთვის სერტიფიკატები გადაეცა, ხოლო საერთაშორისო კონკურსზე საქართველოს წარადგენს 3 ახალგაზრდა მეცნიერი:
- ნია გოგოხია, საბა გოგიჩაიშვილი – სიმსივნის ლოკალური ლიკვიდაცია;
- ნინო ბულბულაშვილი – დისტანციური დიაგნოსტირება.
ქირურგიის ეროვნული ცენტრი მოხარულია, რომ ასეთი მნიშვნელოვანი ღონისძიების ერთ–ერთი სპონსორია.
აღსანიშნავია, რომ კონკურსის ჟიურის ერთ–ერთი წევრი გახლდათ ქირურგიის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ლაშა ბაზაძე.
„ახალგაზრდა მეცნიერებს ამ კონკურსის მეშვეობით საკუთარი იდეების პრაქტიკაში რეალიზების საშუალება ეძლევათ, ითვისებენ შესაბამის უნარ–ჩვევებსა და გამოცდილებას, ურთიერთობენ ცნობილ მეცნიერებთან, ესწრებიან ლექციებსა თუ სემინარებს, იღრმავებენ ცოდნას. ქირურგიის ეროვნული ცენტრი აქტიურად უჭერს მხარს ახალგაზრდა მეცნიერებს. კლინიკის სახელით გამარჯვებულებს გადავეცით წამახალისებელი პრიზები. ამასთან, მათ საშუალება ეძლევათ სამეცნიერო, სამედიცინო პრაქტიკა აწარმოონ ჩვენი კლინიკის ბაზაზე. ახალგაზრდა მეცნიერებს ვულოცავ გამარჯვებას, წარმატებას ვუსურვებ დიდ სამეცნიერო გზაზე. გამარჯვებულმა სამედიცინო თემამ ძალიან დიდი გავლენა მოახდინა ჟიურის წევრებზე. მოხარული ვარ, რომ საკონკურსო 2 თემა სამედიცინო სფეროს ეძღვნება“, – განაცხადა ბატონმა ლაშა ბაზაძემ.
1998 წლიდან საქართველოს წარმომადგენლებს მონაწილეობა მიუღიათ საბერძნეთში, ნორვეგიაში, ავსტრიაში, უნგრეთში, ირლანდიაში, ესპანეთში, დანიაში, საფრანგეთსა და პორტუგალიაში გამართულ ევროკონკურსებში. ამ კონკურსში, პოსტსაბჭოთა სივრციდან, მონაწილეობენ კონკურსანტები შემდეგი ქვეყნებიდან: საქართველო, ლატვია, ლიტვა, ესტონეთი, უკრაინა, მოლდოვა, რუსეთი და ბელარუსი.
წლების განმავლობაში საქართველოდან წარდგენილი პროექტები მოწონებას იმსახურებს ევროპელ ჟიურის წევრებს შორის, მაგალითად, 2018 წელი ნაყოფიერი იყო საქართველოს გუნდისთვის. კერძოდ, პროექტისთვის „ხელის დეტექტორი რეტრორეფლექტური მოზაიკური ეკრანებით ოპტიკური არაერთგვაროვნებების ვიზუალიზებისთვის“ დეა ილარიონოვა, შორენა და მარინა გუჯაბიძეები დაჯილდოვდნენ მე-3 ძირითადი პრიზით.
2009 წელს პროექტმა ”ბაქტერიოფაგები – ინფექციური დაავადებების მკურნალობის ალტერნატიული საშუალება” გამოიწვია დიდი ინტერესი, რის შედეგადაც მისი ავტორი ია მიქელთაძე მიიწვიეს სასწავლებლად ტარტუს სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტში (ესტონეთი).
2003 წელს ალექსი ვაჩაძე, პროექტისთვის ”ჯეირანის აღდგენის და კონსერვაციის ასპექტების შესწავლა ქართულ-აზერბაიჯანულ საზღვარზე”, ორი კვირით მიიწვიეს ნორვეგიის პოლარულ ინსტიტუტში, ხოლო დანარჩენი ორი მონაწილე დაჯილდოვდა წამახალისებელი პრიზებით.
2000 წელს დაწესებული 25 პრიზიდან სამმა სტუდენტმა მოიპოვა 5 პრიზი. მათ შორის მთავარი პრიზით (6000 ევრო) და სპეციალური პრიზით (გამგზავრება ლონდონის ახალგაზრდულ ფორუმსა და ტრენინგზე ეკოლოგიურ ცენტრში, სეიშელის რესპუბლიკა) დაჯილდოვდა ნიკოლოზ ჭანყოშვილი პროექტისათვის „ღამურების დაცვა საქართველოში“, მეორე მონაწილე ლევან კობახიძე დაჯილდოებულია სპეციალური პრიზით (ლონდონის ახალგაზრდულ ფორუმში მონაწილეობის მიღება), ხოლო მესამე მონაწილე ნიკო ბერუჩაშვილი – წამახალისებელი პრიზით.
ასევე რამდენიმე მონაწილემ, საქართველოდან, სხვადასხვა წელს მონაწილეობა მიიღო შვეიცარიის ახალგაზრდა ტალანტთა ფორუმში.
ქირურგიის ეროვნული ცენტრი ახალგაზრდა მეცნიერებს წარმატებას უსურვებს.
ქირურგიის ეროვნული ცენტრის მისამართი: ქალაქი თბილისი, დიღომი, ჩაჩავას N5.
ქირურგიის ეროვნულ ცენტრს შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ქოლ–ცენტრის დახმარებით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გისურვებთ ჯანმრთელობას!