ქირურგიის ეროვნული ცენტრი ორგანიზაცია „კარიერის დაგეგმვის ცენტრთან“ თანამშრომლობს.
თანამშრომლობის ფარგლებში კლინიკაში პერმანენტულად ტარდება ლექციები იმ აბიტურიენტებისთვის, რომლებიც მედიცინით არიან დაინტერესებულნი და გეგმავენ, რომ მომავალი სამედიცინო სფეროს დაუკავშირონ.
პროფესიული ორიენტაციის განვითარების მიზნით, კიდევ ერთი ლექცია ჩაატარა კლინიკურმა დირექტორმა ნიკოლოზ ჩადუნელმა.
ბატონი ნიკოლოზის ლექცია მედიცინის ისტორიას ეძღვნებოდა კოლხი მედეას დროიდან დღემდე, თუ როგორ მკურნალობდნენ პაციენტებს საუკუნეების წინ. მან მოსწავლეებს მოუთხრო ჯანდაცვის სისტემაში პროგრესის, პრიმიტიული სამედიცინო იარაღებიდან სამეცნიერო დონის პრაქტიკულ მოღვაწეობაზე გადასვლის ეპოქაზე, ასევე თანამედროვე მედიცინის გამოწვევებზე.
კლინიკურმა დირექტორმა ლექციაზე შეადარა წარსული და აწმყო, თუ რა კრიტერიუმებით ხელმძღვანელობდნენ მისი თაობის ახალგაზრდები პროფესიის შერჩევისას და რას ანიჭებენ უპირატესობას დღეს.
„თუმცა მნიშვნელობა არ აქვს რომელ ეპოქაზე ვსაუბრობთ, ვფიქრობ, მჯერა, მედიცინასთან ურთიერთობა სიყვარულის ერთი დიდი ისტორიაა. ექიმი მედიცინაზე ქორწინდება და მასთან ერთად ატარებს დარჩენილ ცხოვრებას. იმ წუთს, როდესაც ჰიპოკრატეს ფიცს დებ, მედიცინასთან ოჯახს ქმნი, რომელსაც ვერასდროს უღალატებ. დიდი პასუხისმგებლობა და საპატიო საქმიანობაა ადამიანის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე ზრუნვა“, – განაცხადა მან.
ბატონი ნიკას აზრით, კარგი ექიმის მონაცემები უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:
- კარგი განათლება;
- საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვა;
- ტექნოლოგიური სიახლეების მიმართ ინტერესი;
- უცხო ენების ცოდნა;
- ღრმა პროფესიული ცოდნა;
- პაციენტის სიყვარული და პატივისცემა;
- ცოდნის მუდმივი განახლება და განვითარება.
აბიტურიენტები გაეცნენ ქირურგიის ეროვნული ცენტრის ისტორიას, კლინიკის ულტრათანამედროვე სამედიცინო აპარატურასა და თანამედროვე სერვისებს, მათ შორის, ინსულტის ცენტრსა და რადიოთერაპიის დეპარტამენტს.
მკითხველს შევახსენებთ, რომ ქირურგიის ეროვნული ცენტრის ინსულტის ცენტრი ქვეყნის მასშტაბით უნიკალურია და აღჭურვილია ულტრათანამედროვე ორმკლავიანი ანგიოგრაფით. საქართველოში მხოლოდ ქირურგიის ეროვნულ ცენტრშია შესაძლებელი ინსულტის მკურნალობა ყველა თანამედროვე მეთოდით (თრომბოლიზისი, თრომბექტომია).
ბატონმა ნიკოლოზმა აბიტურიენტებს განუცხადა, რომ ქირურგიის ეროვნული ცენტრის რადიოთერაპიის დეპარტამენტი თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით პაციენტებისთვის ინდივიდუალიზირებული, სამედიცინო მტკიცებულებებზე დაფუძნებული, მაღალი სტანდარტის სხივური თერაპიის ჩატარებას უზრუნველყოფს, რომ დეპარტამენტი აღჭურვილია ამერიკული კომპანია Varian-ის თანამედროვე და მაქსიმალურად დახვეწილი, კლინიკურად ეკვივალენტური (ტყუპი) უახლესი სხივური ამაჩქარებლებით.
აღსანიშნავია, რომ ქირურგიის ეროვნული ცენტრი ზრუნავს ახალგაზრდების პროფესიულ ორიენტაციაზე და ამ კუთხით არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიების სპონსორიც ყოფილა, ხოლო ორგანიზაცია „კარიერის დაგეგმვის ცენტრი“ ახალგაზრდებს პროფესიის შერჩევასა და წარმატების მიღწევაში ეხმარება.
გისურვებთ ჯანმრთელობას!