ქირურგიის ეროვნულმა ცენტრმა კიდევ ერთხელ უმასპინძლა აბიტურიენტებს.
კლინიკას სტუმრობდნენ ის აბიტურიენტები, რომლებიც მედიცინით არიან დაინტერესებულნი და გეგმავენ, რომ მომავალი სამედიცინო სფეროს დაუკავშირონ. ამჯერად ვიზიტი ძალიან მასშტაბური იყო და ქირურგიის ეროვნულ ცენტრს 50–მდე ახალგაზრდა ეწვია.
ორგანიზაცია „კარიერის დაგეგმვის ცენტრთან“ თანამშრომლობის ფარგლებში, პროფესიული ორიენტაციის განვითარების მიზნით, კლინიკაში კიდევ ერთი ლექცია ჩაატარა კლინიკურმა დირექტორმა ნიკოლოზ ჩადუნელმა და აბიტურიენტებს სიტყვით მიმართა: „მედიცინასთან ურთიერთობა სიყვარულის ისტორიას ჰგავს. ჯერ უნდა გაიცნო, მოგეწონოს, შეგიყვარდეს და მხოლოდ ამის შემდეგ დაუკავშირო მას შენი ბედი, მომავალი. ექიმი მედიცინაზე ქორწინდება და მასთან ერთად ატარებს დარჩენილ ცხოვრებას. როდესაც ჰიპოკრატეს ფიცს დებ, მედიცინასთან ოჯახს ქმნი, რომელსაც ვერასდროს უღალატებ“.
კლინიკურმა დირექტორმა მოსწავლეებს აუხსნა თუ რაოდენ დიდი პასუხისმგებლობა და საპატიო საქმიანობაა ადამიანის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე ზრუნვა, მოუთხრო მედიცინის ისტორიაზე, თუ როგორ მკურნალობდნენ საუკუნეების წინ ადამიანებს, როგორ განვითარდა და რა გამოწვევების წინაშეა დღეს მედიცინა, გაიხსენა საინტერესო კლინიკური შემთხვევები. მოსწავლეებს განუმარტა რას ნიშნავს და რატომ არის რუტინული, პროფილაქტიკური გამოკვლევა მნიშვნელოვანი მაშინაც კი, თუ ადამიანს რაიმე სიმპტომი არ აწუხებს.
ასევე ლექციაზე დამსწრე სტუმრებს საშუალება ჰქონდათ გასცნობოდნენ ქირურგიის ეროვნული ცენტრის ისტორიას, ულტრათანამედროვე სამედიცინო აპარატურას, მის სერვისებს და მათ შორის უახლესს – ინსულტის ცენტრს, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უნიკალურია და აღჭურვილია ულტრათანამედროვე ორმკლავიანი ანგიოგრაფით. საქართველოში მხოლოდ ქირურგიის ეროვნულ ცენტრშია შესაძლებელი ინსულტის მკურნალობა ყველა თანამედროვე მეთოდით (თრომბოლიზისი, თრომბექტომია) ერთობლივად.
კლინიკურმა დირექტორმა მოსწავლეებს ასევე გააცნო რადიოთერაპიის დეპარტამენტი.
ბატონმა ნიკოლოზმა აბიტურიენტებს განუცხადა, რომ ქირურგიის ეროვნული ცენტრის რადიოთერაპიის დეპარტამენტი თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით პაციენტებისთვის ინდივიდუალიზირებული, სამედიცინო მტკიცებულებებზე დაფუძნებული, მაღალი სტანდარტის სხივური თერაპიის ჩატარებას უზრუნველყოფს, რომ დეპარტამენტი აღჭურვილია ამერიკული კომპანია Varian-ის თანამედროვე და მაქსიმალურად დახვეწილი, კლინიკურად ეკვივალენტური (ტყუპი) უახლესი სხივური ამაჩქარებლებით.
მოსწავლეები დაინტერესდნენ როგორ მიხვდა კლინიკური დირექტორი, რომ აუცილებლად ექიმი გახდებოდა.
„ოჯახში ექიმი არავინ მყავდა, თუმცა ყოველთვის ინტუიციურად ვგრძნობდი, რომ ცხოვრებას თეთრ ხალათს დავუკავშირებდი. ვფიქრობ, ეს პროფესია მხოლოდ სიყვარულით უნდა აირჩიოთ და თუ არ გიყვართ, გულისხმიერი და წარმატებული მედიკოსი ვერასდროს გახდებით“, – განაცხადა ბატონმა ნიკოლოზმა.
აღსანიშნავია, რომ ქირურგიის ეროვნული ცენტრი ზრუნავს ახალგაზრდების პროფესიულ ორიენტაციაზე და ამ კუთხით არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიების სპონსორიც ყოფილა, ხოლო ორგანიზაცია „კარიერის დაგეგმვის ცენტრი“ ახალგაზრდებს პროფესიის შერჩევასა და წარმატების მიღწევაში ეხმარება.
გისურვებთ ჯანმრთელობას!