საახალწლო სუფრა და დიაბეტი – რა უნდა მიირთვან და რას მოერიდნონ დიაბეტით დაავადებულები?

საახალწლო სუფრა და დიაბეტი – რა უნდა მიირთვან და რას მოერიდნონ დიაბეტით დაავადებულები?

შაქრიანი დიაბეტი დაავადებაა, რომელიც ხასიათდება ქრონიკული ჰიპერგლიკემიით ანუ სისხლში გლუკოზის კონცენტრაციის მომატებით.

იმისთვის, რომ გლიკემიის ციფრები მუდმივად ნორმის ფარგლებში შენარჩუნდეს, დიაბეტით დაავადებული პაციენტებისთვის უმნიშვნელოვანესია დიეტოთერაპია, ისევე როგორც ტაბლეტოთერაპია ან ინსულინთერაპია. 

დიაბეტიანებს ეკრძალებათ ადვილად ასათვისებელი ნახშირწყლების შემცველი პროდუქტები. მენიუ მრავალფეროვანი უნდა იყოს, მაგრამ დაბალკალორიული, ნახშირწყლების მცირე შემცველობით.
როგორ უნდა იკვებოს დიაბეტის მქონე ადამიანმა საახალწლო დღესასწაულზე და სუფრაზე რა ტიპის პროდუქტებია მათთვის ნებადართული? სწორედ ამ თემაზე გვესაუბრება ქირურგიის ეროვნული ცენტრის ენდოკრინოლოგი სოფიო ფუტურიძე.

ხილი
როგორც ქალბატონმა სოფიომ ჩვენთან ინტერვიუში განაცხადა, დიაბეტის დროს შესაძლებელია ადამიანმა მიირთვას ციტრუსი, კივი და ვაშლი დღეში ორჯერ, საკვების მიღებიდან 2 ან 2.5 საათის შემდეგ. ბანანი ნახევარი თითო კვებაზე. დაუშვებელია ყურძენი, კარალიოკი, ხურმა, ბალი, თუთა, ლეღვი.

ბოსტნეული
ქალბატონი სოფიო განმარტავს, რომ ბოსტნეულიდან რეკომენდებულია მიირთვათ: კიტრი, პომიდორი, ბადრიჯანი, კომბოსტო, მწვანილეული. ეს ბოსტნეული მცირე რაოდენობით შეიცავს ნახშირწყლებს, მაგრამ მაინც სასურველია დაიცვათ ზომიერება. არ უნდა მიირთვათ სტაფილო, ჭარხალი, კარტოფილი, ლობიო, ბარდა.

მინერალური წყალი, ტკბილი სასმელი, ალკოჰოლი, ხილი წვენი, კომპოტი
„შეგიძლიათ დალიოთ მინერალური წყალი. თქვენი ჯანმრთელობისთვის არ არის რეკომენდებული ალკოჰოლი, ხილის წვენი, ტკბილი და გაზიანი სასმელები, კომპოტი“, – აცხადებს ქალბატონი სოფიო. დალიეთ წყალი დღეში 2 ლიტრის ოდენობით.

ხორცი
ჩვენი კლინიკის ენდოკრინოლოგი გირჩევთ, რომ მიირთვათ საქონლის, ხბოს, ქათმის, ინდაურის მოხარშული ხორცი. ყოვლად დაუშვებელია ღორი და ცხვარი. ამასთან, მოხარშული ხორცი რეკომენდებულია მიირთვათ სადილზე ძირითადი კერძის სახით.

მაიონეზით მომზადებული სალათები
ჩვენი რესპონდენტის რეკომენდაციით, შეგიძლიათ მიირთვათ მაიონეზით მომზადებული სალათები ზომიერად, დღეში ერთხელ სადილზე. თუმცა ის არ უნდა შეიცავდეს კარტოფილსა და პარკოსნებს. დაუშვებელია ამ ინგრედიენტებით მომზადებული სალათი!

ტკბილეული (ნამცხვარი, შოკოლადი, კანფეტი)
როგორც ჩვენი კლინიკის ენდოკრინოლოგმა ინტერვიუში განაცხადა, ნებისმიერი სახის ტკბილეული დიაბეტით დაავადებული ადამიანისთვის მავნებელია, მაგრამ სადღესასწაულო დღეებში, როცა სუფრა მრავალფეროვანი კერძებითაა გაწყობილი და შესაბამისად, ცდუნებაც იზრდება რეკომენდებულია დიაბეტური ტკბილეული, თუმცა ძალიან მცირე რაოდენობით!

ჩურჩხელა, გოზინაყი, საცივი, „ხალადეცი“, ბაჟე
ჩურჩხელა, გოზინაყი და ლაბასხმული (ხალადეცი) დიაბეტით დაავადებულებმა არ უნდა მიირთვან. ბაჟე ნებადართულია. საცივი ზომიერად. ყველა ბურღულეული ნახშირწყლების დიდ რაოდენობას შეიცავს და სწორედ ამიტომ უნდა გაითვალისწინოთ, რომ თითო მიღებაზე უნდა მიირთვათ 8 სუფრის კოვზი ღომი. რაც შეეხება მჭადს – რეკომენდებულია ერთ კვებაზე 1 პატარა მჭადი (50 გრამი).

ფხალეული
ქალბატონი სოფიო აცხადებს, რომ ფხალეული ნებადართულია და შეგიძლიათ მიირთვათ ნიგვზით შეკმაზულიც.

თევზეული
ენდოკრინოლოგის თქმით, მოხარშული თევზეულის მიღება სასარგებლოა.

რძის პროდუქტები
ქალბატონი სოფიო აცხადებს, რომ დიაბეტით დაავადებულმა ადამიანმა შეიძლება მიირთვას ყველი (სასურველია ყველი, რომელსაც მცირე რაოდენობით აქვს მარილი) უშაქრო ხაჭო და მაწონი.

საწებელი, მჟავე მწნილეული
საწებელი ნებადართულია მცირე რაოდენობით. მჟავე მწნილეულის ნორმა დღის განმავლობაში 200 გრამს არ უნდა აღემატებოდეს. თუ წნევა გაწუხებთ, უპირატესობა მიანიჭეთ მწნილს მარილის ნაკლები დოზის შემცველობით.


ცომეული (პიცა, იმერული, ლობიანი)
„ლობიანი კატეგორიულად იკრძალება. ნებადართულია დღეში მხოლოდ ერთი ნაჭერი იმერული ხაჭაპური ან პიცა. თუმცა გაითვალისწინეთ, რომ ერთდროულად პიცისა და იმერულის მიღება არ შეიძლება. ან ერთი ნაჭერი პიცა უნდა მიირთვათ ან იმერული ხაჭაპური. მსურს მკითხველს განვუმარტო, რომ როცა საკითხი დიაბეტს ეხება, რაციონში ცომეული მთლიანად იზღუდება. უნდა შეიძინოთ მხოლოდ დიაბეტური პური. ამ შემთხვევაშიც ზომიერების დაცვა გმართებთ, მაგალითად, თითო მიღებაზე დასაშვებია მხოლოდ 50–დან 100 გრამამდე დიაბეტური პურის მიღება. გილოცავთ დამდეგ ახალ წელს, გისურვებთ ჯანმრთელობას, დღეგრძელობასა და ბედნიერებას!“, – განაცხადა ენდოკრინოლოგმა.

ქირურგიის ეროვნული ცენტრის მისამართი ქალაქი თბილისი, დიღომი, ჩაჩავას N5;

შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ქირურგიის ეროვნული ცენტრის ქოლ–ცენტრს ნომერზე 577 11 91 19;

თქვენთვის პრობლემურ, ნებისმიერ საკითხზე, კონსულტაციის მიზნით შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ექიმ–ენდოკრინოლოგს სოფიო ფუტურიძეს ნომერზე 593 25 11 55

გისურვებთ ჯანმრთელობას!