თორმეტგოჯა ნაწლავის სარკომა იშვიათი დაავადებების ჯგუფს მიეკუთვნება.
კუჭ–ნაწლავის ტრაქტის სიმსივნეებს შორის აღინიშნება შემთხვევათა 1–2%–ში. ყველაზე ხშირ ფორმას წარმოადგენს ლეიომიოსარკომა, რომელიც ხასიათდება ცუდი პროგნოზით. დაავადების საერთაშორისო სტატისტიკა უცნობია, აშშ–ში ნაწლავის ლეიომიოსარკომის სიხშირე 100 000 პაციენტზე ვლინდება 1.4 შემთხვევაში. თითქმის თანაბარი სიხშირით გვხვდება ქალებსა და მამაკაცებში, 40–49 წლის ასაკში. სქესი არ წარმოადგენს დაავადების პროგნოზის განმსაზღვრელ ფაქტორს. დაავადების განვითარების მიზეზი უცნობია, ახასიათებს ჰემატოგენური მეტასტაზირება. შორეული მეტასტაზები უხშირესად გვხვდება ღვიძლში (პაციენტთა 55%–ში ვითარდება ღვიძლის მეტასტაზური დაზიანება) და პერიტონეუმზე. სხვა რბილქსოვილოვანი სარკომებისგან განსხვავებით, რომლებიც ძირითადად მეტასტაზირებენ ფილტვებში. დაავადების ძირითად ჩივილს წარმოადგენს სისხლდენა (70%), ტკივილი, წონაში კლება.
სწორედ ამ დიაგნოზის მქონე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ქირურგიის ეროვნული ცენტრის ექიმ ქიმიოთერაპევტის ირინე ხუბუას მიერ ჩატარებული მკურნალობის შედეგად გაუმჯობესდა. ქალბატონ ირინეს ძალიან ბევრი მადლიერი პაციენტი ჰყავს. მან კიდევ ერთ ადამიანს დაუბრუნა სიცოცხლის ხალისი – ქიმიოთერაპიის დახმარებით პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა.
ქალბატონმა ირინემ თორმეტგოჯა ნაწლავის ლეიომიოსარკომის შესახებ მოხსენება 24 ნოემბერს, რიგით მესამე სამეცნიერო კონფერენციაზე წარმოადგინა. კონფერენცია სახელწოდებით „ინოვაციებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების როლი სამედიცინო პრაქტიკის განვითარებაში“, ქირურგიის ეროვნული ცენტრის 71 წლისთავისადმი და აკადემიკოს კონსტანტინე ერისთავის დაბადების 128 წლისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში ჩატარდა.
როგორ გრძნობს თავს პაციენტი? ამ შეკითხვით მივმართეთ ქალბატონ ირინეს.
„ჩემს პრაქტიკაში დაფიქსირდა ძალიან საინტერესო და იშვიათი შემთხვევა. რამდენიმე თვის წინ კლინიკას მომართა პაციენტმა მუცლის ტკივილის ჩივილით. აღსანიშნავია, რომ ამ პაციენტს ჩატარებული ჰქონდა რადიკალური ოპერაცია – პანკრეატო–დუოდენური რეზექცია 12 გოჯა ნაწლავის ლეიომიოსარკომის დიაგნოზით. ოპერაცია წარმატებით დაგვირგვინდა. პაციენტი დაბარებული იყო გეგმიურ კვლევებზე. სწორედ ერთ–ერთი გეგმიური კვლევის დროს კომპიუტერულ ტომოგრაფიაზე გამოჩნდა ღვიძლის მრავლობითი მეტასტაზური დაზიანება. პაციენტს დაენიშნა ქიმიოთერაპიის კურსი. 3 კურსის შემდეგ შევაფასეთ დინამიკა, რომელიც იყო დადებითი. ამჟამად პაციენტი აგრძელებს მკურნალობის კურსს, თავს გრძნობს კარგად. გაუმჯობესდა პაციენტის ზოგადი მდგომარეობა: მოიმატა წონაში, აღენიშნება მადის გაძლიერება, გადაადგილდება დამოუკიდებლად, აქტიურადაა ჩართული ყოველდღიურ საქმიანობაში. ეს შემთხვევა კიდევ ერთი მაგალითია იმისა, რომ კიბო განაჩენი არ არის და სწორად, დროულად შერჩეული მკურნალობა ეფექტურია, თუ რაოდენ სასარგებლო და მნიშვნელოვანია ქიმიოთერაპია“, – განაცხადა ირინე ხუბუამ.
ქირურგიის ეროვნული ცენტრის მისამართი ქალაქი თბილისი, დიღომი, ჩაჩავას N5;
შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ქირურგიის ეროვნული ცენტრის ქოლ–ცენტრს ნომერზე 577 11 91 19.