საახალწლო პიროტექნიკით დაზარალებულ პაციენტებს რეკონსტრუქციული ქირურგიული ჩარევა დასჭირდათ

საახალწლო პიროტექნიკით დაზარალებულ პაციენტებს რეკონსტრუქციული ქირურგიული ჩარევა დასჭირდათ

ახალი წლის ღამეს და მომდევნო დღეებში, პიროტექნიკის არასწორად გამოყენების გამო, ქირურგიის ეროვნულ ცენტრში 20–ზე მეტი პაციენტი მკურნალობდა.

11 პაციენტი მტევნის მძიმე დაზიანებით შემოვიდა, ხოლო დანარჩენებს ზედაპირული ჭრილობები და დამწვრობები აღენიშნებოდათ.

დაშავებულთა უმეტესობა 30 წელს გადაცილებულია.

5 პაციენტს რეპლანტაცია, თითების მრავალქსოვილოვანი აღდგენა, ურთულესი რეკონსტრუქციული ჩარევა დასჭირდა.

„11 პაციენტი თითების ამპუტაციით შემოიყვანეს – ყველა მათგანს რეკონსტრუქციული ოპერაცია ჩაუტარდა; 5 შემთხვევაში საჭირო გახდა რეპლანტაცია. აღსანიშნავია, რომ ასეთი ტიპის ტრავმიდან გამომდინარე, როდესაც ასაფეთქებელი მასალით დიდი ქსოვილოვანი სტრუქტურაა გახლეჩილი და დაზიანებული, მტევნის ფუნქცია პირვანდელ, ანუ დაზიანებამდე არსებულ მდგომარეობას ვერ უბრუნდება. მკითხველმა კარგად რომ გაიაზროს თუ რა მასშტაბის დაზიანებასთან გვაქვს საქმე, ვიტყვი, რომ მტევნის ზოგიერთი ნაწილი აფეთქების ტალღამ ან ჰაერში გაისროლა, ან მოლეკულებად დაშალა. თანამედროვე მედიცინისა და ჩვენი სპეციალისტების დახმარებით, ყველა ქსოვილის აღდგენა შევძელით და პაციენტები საკუთარი მტევნით გავწერეთ ბინაზე. ეს ძალიან დიდი გამარჯვებაა, მაგრამ კიდევ ერთხელ განვმარტავ, რომ მათი მტევანი ისეთივე ვეღარასდროს იქნება როგორც ტრავმამდე და უფრო მეტიც, 15–20 წლის წინ ეს შედეგიც კი წარმოუდგენელი იყო – მსგავსი დაზიანება მხოლოდ ამპუტაციას ექვემდებარებოდა. აფეთქებისას მტევანში ვიღებთ უამრავ დაფლეთილ, დაჩეჩქვილ და გაჭყლეტილ ქსოვილს. ყველა პაციენტმა დაუშვა მთავარი შეცდომა, კერძოდ, პიროტექნიკა დაიკავა ხელში, რაც დაუშვებელია. საახალწლო პიროტექნიკა უნდა ჩაიფლოს მიწაში ან დაფიქსირდეს ვერტიკალურ მდგომარეობაში, არ შეიძლება მისი ხელით მართვა. ძველით ახალი წელი მოდის და ყველა მკითხველს ვთხოვ, გაითვალისწინოს ინსტრუქცია და ახსოვდეს, რომ ქაღალდის მილში აფეთქების ჯამური სიმძლავრე არაფრით ჩამოუვარდება ხელყუმბარას. ასევე ვმკურნალობდით პაციენტს, რომელმაც ძალიან ძვირად ღირებული პიროტექნიკა შეიძინა სპეციალიზირებულ მაღაზიაში. ამით იმის თქმა მინდა, რომ ხარისხსა და ფასს არსებითი მნიშვნელობა არ აქვს“.

საახალწლო პიროტექნიკით დაზარალებული ყველა პაციენტი უკვე გაეწერა კლინიკიდან.

აღსანიშნავია, რომ პიროტექნიკით მიღებული აფეთქებითი დაზიანება ყველაზე მძიმე მექანიკურ ტრავმად ითვლება, რადგან ძლიერი ტალღის გამო ჭრილობის ირგვლივ მდებარე ქსოვილები იჭეჭყება და შეიძლება სრულიად უსიცოცხლო გახდეს. ქსოვილთა დიდი ნაწილის კვდომის გამო, მათ ჩანაცვლებასა და აღდგენას არაერთი ოპერაცია სჭირდება და რეაბილიტაციის პროცესიც ზოგჯერ საკმაოდ ხანგრძლივია. პიროტექნიკის არასწორად გამოყენება აზიანებს როგორც კუნთებს, ისე ძვლებს.  

გთხოვთ, მოარიდოთ ბავშვები პიროტექნიკას და გაითვალისწინოთ ყველა რეკომენდაცია.

საახალწლო პიროტექნიკა ააფეთქეთ დისტანციურად, რადგან მისი ხელში დაკავება შეიცავს რისკს.

გისურვებთ ჯანმრთელობას!