ქირურგიის ეროვნული ცენტრის და კლინიკა „ახალი სიცოცხლის“ თანამშრომლებმა არაგვის ხეობაში იჯომარდეს.
ჩვენი კლინიკებისთვის უცხო არ არის კორპორატიული საღამოები, მაგრამ ჯომარდობა ექსტრიმით გამოირჩევა, შესაბამისად, ქირურგიის ეროვნული ცენტრისა და კლინიკა „ახალი სიცოცხლის“ სპორტული, ენერგიული და ხალისიანი თანამშრომლები ამ ღონისძიებას დიდი ენთუზიაზმით ელოდნენ – ზოგიერთმა მდინარის ზვირთებთან ჭიდილი გადაწყვიტა, სხვები კი საგულშემატკივროდ მოემზადნენ.
ჯომარდობა სპორტის პოპულარული სახეობაა, რომელიც აქტიური დასვენებისა და განტვირთვის საუკეთესო შესაძლებლობას იძლევა.
ჯომარდობა კომპანია „ავერსის“ თანამშრომლებისთვის ტრადიციულ გასართობ ღონისძიებად იქცა.
21 ივლისს, დიდი ფუსფუსი იყო – ქირურგიის ეროვნული ცენტრის და „ახალი სიცოცხლის“ თანამშრომლები სპორტული ღონისძიებისთვის ემზადებოდნენ. ავტობუსებმა გეზი არაგვის ხეობისკენ აიღეს. ყველა გრძნობდა, რომ ეს დღე ძალიან ხალისიანი იქნებოდა.
ორგანიზატორებმა არაფერი დაიშურეს იმისთვის, რომ დღე მართლაც დაუვიწყარი, საინტერესო გამოსულიყო და ღონისძიებაში მონაწილე ყველა ადამიანს თავი კომფორტულად ეგრძნო.
ქირურგიის ეროვნული ცენტრისა და კლინიკა „ახალი სიცოცხლის“ გუნდებმა ჯომარდობაში მესამე საპრიზო ადგილი მოიპოვეს.
ჯომარდობის შემდეგ მხიარულებამ ხმელეთზე გადაინაცვლა. ქირურგიის ეროვნული ცენტრის თანამშრომლებმა სპორტულ გასართობ შეჯიბრებებში მიიღეს მონაწილეობა და პირველი ადგილი დაიკავეს. მათ სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც მრავალეტაპიან შეჯიბრში გაიმარჯვეს!
ღონისძიებას აშუქებდა ტელეკომპანია Pulsi TV.
მონაწილეთა განწყობაზე ზრუნავდა სპეციალურად მოწვეული დიჯეი.
კლინიკამ თანამშრომლებისთვის სიურპრიზი მოამზადა! სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის შეიკერა მაისურები ქირურგიის ეროვნული ცენტრისა და „ახალი სიცოცხლის“ ლოგოებით.
მოჯომარდეები მდინარის ზვირთებთან შეხვედრით კმაყოფილები იყვნენ. როგორც ჩვენთან ინტერვიუში განმარტეს, ადრენალინისა და ენერგიის მოზღვავება იგრძნეს. ყველა თანამშრომელი განიტვირთა და გაერთო. მათი დადებითი ემოციები კარგად აისახა სოციალურ ქსელებში ფოტოების სახით. მდინარის ფონზე გადაღებული სელფებით, ჯომარდობის უნიფორმაში გამოწყობილი მომღიმარი სახეებით, დიჯეის მელოდიურ მუსიკაზე აცეკვებული თუ სხვადასხვა სპორტულ–გასართობ აქტივობაში ჩართული თანამშრომლების კადრებით დარწმუნდებოდით, რომ დღე მართლაც პოზიტივით იყო სავსე, არაგვის სანაპიროზე მხიარული და აზარტული ატმოსფერო სუფევდა.
მსგავსი ღონისძიებები მკვეთრად ამაღლებს თანამშრომელთა სამუშაო განწყობას და კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ ცხოვრების ჯანსაღი, აქტიური წესით სიამოვნებისა და განტვირთვის მიღებაა შესაძლებელი.
ეს ლამაზი დღე ქირურგიის ეროვნული ცენტრისა და კლინიკა „ახალი სიცოცხლის“ თანამშრომლებს დიდხანს ემახსოვრებათ.
გისურვებთ ჯანმრთელობას!