ამერიკის რადიაციულ ონკოლოგთა საზოგადოების ყოველწლიურ შეკრებას ესწრებოდა ჩვენი კლინიკის რადიოთერაპიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ბესიკ სოკურაშვილი.
აღსანიშნავია, რომ ბატონი ბესიკი ერთადერთი იყო საქართველოს სამედიცინო დაწესებულებებიდან, ვინც დაესწრო კონგრესს.
ღონისძიება ყოველწლიურად ტარდება და ძალიან მასშტაბურია, რადგან ამ სფეროში მოღვაწე 11 000–მდე სპეციალისტი ესწრება. ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას შესაძლებლობა ეძლევა, გაეცნოს რადიაციული თერაპიის უახლეს მიღწევებს, თანამედროვე ტექნოლოგიებს.
ASTRO-ს კონგრესი უმნიშვნელოვანეს მოვლენას წარმოადგენს. კონგრესის მიზანია პრაქტიკული რადიაციული ონკოლოგიის განვითარება – სამეცნიერო კვლევათა შედეგების გამოქვეყნება–გავრცელება შემდგომში პრაქტიკაში დანერგვის მიზნით. კონგრესზე მონაწილეებს საშუალება ეძლევათ, შეხვდნენ მსოფლიოში ცნობილ პროფესიონალებს და ერთმანეთს გაუზიარონ გამოცდილება.
ბატონი ბესიკის ვიზიტი კონგრესზე წარმოადგენს იმ დიდი პროექტის ერთ–ერთ შემადგენელ ნაწილს, რომელსაც ქირურგიის ეროვნული ცენტრი ახორციელებს.
შეგახსენებთ, რომ ძალიან მალე ქირურგიის ეროვნულ ცენტრში იფუნქციონირებს რადიოთერაპიის დეპარტამენტი, რომელიც პაციენტებს შესთავაზებს მტკიცებულებებზე დაფუძნებულ მაღალი სტანდარტის მკურნალობას, ულტრათანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით.
ქირურგიის ეროვნულ ცენტრში ჩატარდება თავის ტვინის, თავ-კისრის, ფილტვის, მკერდის, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ორგანოების, შარდ-სასქესო სისტემის ონკოლოგიური დაავადებების, თავის ტვინისა და ძვლების მრავლობითი მეტასტაზების რადიოთერაპია დასხივების თანამედროვე ტექნიკის გამოყენებით.
ამ მიზნით, კლინიკამ უკვე შეიძინა მსოფლიოში ცნობილი Varian-ის ფირმის რამდენიმე სხივური ამაჩქარებელი, როგორც სტანდარტული მკურნალობისთვის, ასევე მაღალი სირთულის რადიოქირურგიული (SRS, SBRT) პროცედურებისთვის.
Varian Oncology Systems მსოფლიოში ერთ–ერთი ყველაზე წარმატებული კომპანიაა, რომელიც აწარმოებს სხივური თერაპიისთვის განკუთვნილ საჭირო აპარატურას. კომპანია ულტრათანამედროვე დანადგარებით ამარაგებს კლინიკებსა და სხივური თერაპიის ცენტრებს. მათი სხივური ამაჩქარებლების საშუალებით შესაძლებელია მაქსიმალური სიზუსტით დასხივდეს სამიზნე მოცულობა, ჯანსაღი ქსოვილების დაცვით, რაც უმნიშვნელოვანესია თანამედროვე სხივურ თერაპიაში.
ჩვენი კლინიკის რადიოთერაპიის დეპარტამენტის პერსონალს განათლება და სამუშაო გამოცდილება მიღებული აქვს საზღვარგარეთ, წამყვან კლინიკებში. გამოცდილ ფიზიკოსთა ჯგუფი შეადგენს მკურნალობის გეგმას დაგეგმარების ისეთი უახლესი მეთოდებით, როგორიცაა 3D CRT, iMRT, VMAT(RapidArc).
მკურნალობის ყოველდღიური პროცედურა შესრულდება IGRT (გამოსახულებით მართული რადიოთერაპია) კონტროლით, რაც მკურნალობის გეგმის მაღალი სიზუსტით განხორციელებას უზრუნველყოფს.
ქირურგიის ეროვნული ცენტრის რადიოთერაპიის დეპარტამენტი გთავაზობთ დასხივების პროცედურას უსაფრთხოების სრული დაცვით, მაქსიმალური სიზუსტითა და მკურნალობის დადებითი შედეგით.
გისურვებთ ჯანმრთელობას!