ხერხემლის არეში ტკივილის მკურნალობის ინოვაციური მეთოდი – ქირურგიის ეროვნულ ცენტრში მალთაშუა დისკის თიაქარი ენდოსკოპიური მეთოდით ამოკვეთეს

ხერხემლის არეში ტკივილის მკურნალობის ინოვაციური მეთოდი – ქირურგიის ეროვნულ ცენტრში მალთაშუა დისკის თიაქარი ენდოსკოპიური მეთოდით ამოკვეთეს

პირველად საქართველოში, ქირურგიის ეროვნულ ცენტრში ხერხემლის სვეტზე ურთულესი ქირურგიული ოპერაცია ენდოსკოპიური მეთოდით ჩატარდა.

კლინიკის ქართველმა ნეიროქირურგებმა ოპერაცია თურქეთში მოღვაწე ნეიროქირურგის, პროფესორ თუნჩ კოჩის ზედამხედველობით ჩაატარეს. 

დიაგნოზი

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე კვირის წინ ქირურგიის ეროვნულმა ცენტრმა დააანონსა თურქი პროფესორის ვიზიტის შესახებ. კერძოდ, ნებისმიერ მსურველს, რომელსაც ხერხემლის პათოლოგია ან/და ნეიროქირურგიული პრობლემა ჰქონდა, თურქი ნეიროქირურგის უფასო კონსულტაციით სარგებლობა შეეძლო.

უფასო კონსულტაციის შემდეგ კი პროფესორი იმ პაციენტებს გამოავლენდა, რომლებიც ექვემდებარებოდნენ და საჭიროებდნენ დროულ ქირურგიულ ჩარევას.

სწორედ ამ უფასო აქციით ისარგებლა ახალგაზრდა ქალბატონმა, რომელიც უჩიოდა აუტანელ ტკივილს ხერხემალზე. პაციენტს მაგნიტურ–რეზონანსული ტომოგრაფიის საფუძველზე დაუდგინდა მალთაშუა დისკის თიაქარი. თიაქარი იწვევდა ნერვზე კომპრესიას (ზეწოლა, მიჭყლეტვა). კლინიკაში ვიზიტამდე პაციენტმა ჩაიტარა მედიკამენტური მკურნალობა და ფიზიოთერაპია, მაგრამ უშედეგოდ – მდგომარეობა საჭიროებდა ქირურგიულ ჩარევას.

აღსანიშნავია, რომ ნერვის კომპრესია ვითარდება მაშინ, როცა გარშემო ქსოვილები, ძვლები, ხრტილი, კუნთი ან მყესი ნერვს აწვება, შედეგად ირღვევა ნერვის ფუნქცია.

ოპერაცია – მიკროდისკექტომია ენდოსკოპიური მეთოდით

როგორც ქირურგიის ეროვნული ცენტრის ნეიროქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გიორგი ეგუტიძემ ჩვენთან ინტერვიუში განაცხადა,  ეს მასშტაბური ოპერაცია ჩატარდა პრაქტიკულად განაკვეთის გარეშე, დარჩა მხოლოდ ერთი ნაჩხვლეტი.

„მიკროდისკექტომია ენდოსკოპიური მიდგომით ძალიან ეფექტური მეთოდია, რადგან ხერხემალს პრაქტიკულად ტრავმა არ ადგება.  საინტერესოა იმ კუთხითაც, რომ ოპერაცია არ მიმდინარეობს ნარკოზით, შესაბამისად, ოპერაციის დროს პაციენტს ღვიძავს, შეუძლია ქირურგთან საუბარი. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ამოიკვეთა თიაქარი და ტკივილიც მომენტალურად გაქრა. ოპერაციისთვის საჭიროა სპეციალური ტექნიკური აღჭურვილობა (ულტრათანამედროვე ენდოსკოპიის აპარატი, მონიტორი, ინსტრუმენტები), რომელიც თურქმა პროფესორმა ჩამოიტანა“, – განაცხადა ბატონმა გიორგიმ. 

პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა

ოპერაციიდან ზუსტად 1 დღეში პაციენტი ჯანმრთელობის დამაკმაყოფილებელი მდგომარეობით გაეწერა ბინაზე. ხერხემალზე ტკივილით აღარ იტანჯება და დაუბრუნდა ცხოვრების ჩვეულ რიტმს.

მსგავსი ტიპის აქცია კიდევ იგეგმება, შესაბამისად, თუ ხერხემლის ნებისმიერი ტიპის პათოლოგია ან/და ნეიროქირურგიული პრობლემა გაწუხებთ, გთხოვთ, ადევნოთ თვალი ქირურგიის ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ვებ გვერდსა და „ფეისბუქს“.

ქირურგიის ეროვნული ცენტრის მისამართი: ქალაქი თბილისი, დიღომი, ჩაჩავას N5.

ქირურგიის ეროვნულ ცენტრს შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ქოლ–ცენტრის დახმარებით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.

გისურვებთ ჯანმრთელობას!