პირველად საქართველოში! ინტერვენციულმა კარდიოლოგმა ფილტვის არტერიიდან დიდი ზომის თრომბი ამოიღო

პირველად საქართველოში! ინტერვენციულმა კარდიოლოგმა ფილტვის არტერიიდან დიდი ზომის თრომბი ამოიღო

პირველად საქართველოში, ქირურგიის ეროვნულ ცენტრში, ჩატარდა სისხლძარღვოვანი მიდგომით (ენდოვასკულურად) ფილტვის მწვავე თრომბოემბოლიის დროს, დახშული სისხლძარღვიდან თრომბის ამოღება.

რა არის ფილტვის მწვავე თრომბოემბოლია?

ფილტვის მწვავე თრომბოემბოლია სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობას წარმოადგენს და ოფიციალური სტატისტიკით, 65%–იანი სიკვდილიანობა ახასიათებს. თრომბოზის გამომწვევ კერას წარმოადგენს ქვემო კიდურების ღრმა ვენების თრომბოზი, ანუ ღრმა ვენიდან მოწყვეტილი თრომბი გულის გავლით ხვდება ფილტვის არტერიაში და ახშობს მას, რაც თავისთავად იწვევს სუნთქვის მწვავე უკმარისობას.

ქირურგიის ეროვნულ ცენტრში სასწრაფო გადაუდებელი დახმარების ბრიგადამ შემოიყვანა 85 წლის პაციენტი.   

პაციენტს აღენიშნებოდა სუნთქვის გაძნელება, ქოშინი. შემოსვლიდან მალევე საჭირო გახდა ხელოვნური სუნთქვის დაწყება. მდგომარეობა იყო უკიდურესად მძიმე. გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტში პაციენტს ჩაუტარდა გულმკერდის კომპიუტერული ტომოგრაფია ანგიორეჟიმით, რომელმაც დაადასტურა ეჭვი ფილტვის არტერიის თრომბოემბოლიაზე.

პაციენტის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა საჭიროებდა დაუყოვნებლივ ჩარევას, ფილტვის არტერიიდან თრომბის ასპირაციას.

ფილტვის არტერიიდან თრომბის ასპირაცია (თრომბის მოცილება)

ბარძაყის ვენის პუნქციის შემდეგ, ანგიოგრაფიული კონტროლით, კათეტერი ბარძაყის ვენიდან გულის გავლით მოთავსდა ფილტვის არტერიის შესაბამის ტოტში. შემდეგ კი, თრომბის დაშლა, დაქუცმაცებასთან ერთად მოხდა მასების ამოქაჩვა და სისხლძარღვის სანათური გათავისუფლდა.

როგორც ქირურგიის ეროვნული ცენტრის კარდიოინტერვენციული მიმართულების ხელმძღვანელმა, ინტერვენციულმა კარდიოლოგმა ზურაბ ლელაძემ ჩვენთან ინტერვიუში განაცხადა, თრომბი იყო იმდენად დიდი ზომის, რომ მასიური მოცულობის გამო საასპირაციო კათეტერში იჭედებოდა, გავლა უჭირდა.

„ჩატარდა ოპერაცია, რაც გულისხმობს ფილტვის არტერიიდან ემბოლის ენდოვასკულურ ამოღებას, ანუ კათეტერული ტექნიკით, ერთი ჩხვლეტით ხდება ფილტვის არტერიიდან თრომბის მოცილება. ოპერაცია ჩატარდა რეგიონში ექსკლუზიური, ულტრათანამედროვე ანგიოგრაფის Trinias B12–ის კონტროლით. ოპერაცია გრძელდებოდა 1.5 საათის განმავლობაში და ჩარევამ ჩაიარა ყოველგვარი გართულების გარეშე. პაციენტი განაგრძობს მკურნალობას ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში“, – განაცხადა ბატონმა ზურამ.

როგორია პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ოპერაციის შემდეგ?

ოპერაციის შედეგად მაქსიმალურად გაიხსნა სისხლძარღვი, ფილტვის არტერიაში სისხლის მიმოქცევა აღდგა, შესაბამისად, გაუმჯობესდა პაციენტის ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობა. ჩარევიდან მეორე დღეს პაციენტი მოიხსნა მართვითი სუნთქვიდან, გაუმჯობესდა სუნთქვის პარამეტრები და კარდიო–ექოსკოპიური მონაცემები.

ქირურგიის ეროვნული ცენტრის მისამართი: ქალაქი თბილისი, დიღომი, ჩაჩავას N5.

ქირურგიის ეროვნულ ცენტრს შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ქოლ–ცენტრის დახმარებით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.

გისურვებთ ჯანმრთელობას!