ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია თრომბით ფილტვის არტერიის ბლოკირება, დახშობაა.
იმის გამო, რომ ამ დროს ფილტვებში ირღვევა სისხლის მიმოქცევა, ნორმალურად ვერ ხდება ჟანგბადის ათვისება, საფრთხე ექმნება სხვა ორგანოებსაც და თუ საქმე გვაქვს მასიურ თრომბოემბოლიასთან, შესაძლოა, შემთხვევა ფატალურადაც კი დასრულდეს. შესაბამისად, დროული დიაგნოსტირება და სათანადო მკურნალობა უმნიშვნელოვანესია!
ფილტვის არტერიის თრომბოემბოლიის შესახებ გვესაუბრება ქირურგიის ეროვნული ცენტრის კარდიოლოგი თამარ ავალიანი.
„ფილტვის არტერიის ემბოლიის ყველაზე ხშირი მიზეზი თრომბია, რომელიც ფილტვში უხშირესად ხვდება მუცლის ღრუს, მენჯისა და ქვედა კიდურების ღრმა ვენებიდან, იშვიათად კი სხეულის სხვა ნაწილებიდან. ის შესაძლებელია გულშიც მდებარეობდეს. ფილტვის არტერიის დახშობა თრომბის გარდა შეუძლია გამოიწვიოს სისხლში მოხვედრილმა ჰაერის ბუშტმა, სიმსივნური ქსოვილის ნაწილმა. არსებობს ცხიმოვანი ემბოლიაც, რომელიც ხშირია ძვლების მოტეხილობის დროს, განსაკუთრებით ეს ეხება ლულოვან ძვლებს (ბარძაყი, წვივი, მხარი, იდაყვი, სხივის ძვლები)“, – განაცხადა კარდიოლოგმა.
– ქალბატონო თამარ, სხვა რომელი რისკ-ფაქტორებია გასათვალისწინებელი?
– ემბოლიის ყველაზე ხშირი მიზეზი ქვედა კიდურების ღრმა ვენების თრომბოზია. ორგანიზმის ხანგრძლივი წოლითი რეჟიმი, იმობილიზაცია ზრდის დაავადების განვითარების რისკს. ის ასევე გვხვდება სიმსივნური პათოლოგიების დროს, განსაკუთრებით ქიმიოთერაპიაზე მყოფ პაციენტებში, მოტეხილობების შემთხვევაში. მავნე ჩვევა, როგორიცაა თამბაქოს მოხმარება ზრდის სისხლის შედედების, ანუ ჰიპერკოაგულაციის რისკს, რაც ხელს უწყობს თრომბების ფორმირებას. ასევე ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება ხელს უწყობს ორგანიზმის გაუწყლოებას და შესაბამისად, სისხლის შესქელებას. წონის მატება, გარკვეული მედიკამენტების გამოყენება, განსაკუთრებით ეს ეხება ჰორმონულ საშუალებებს, ქირურგიული ჩარევებიც თრომბების წარმოქმნის რისკს წარმოადგენს.
– რა სიმპტომები ახასიათებს ფილტვის არტერიის თრომბოემბოლიას?
– ფილტვის არტერიის თრომბოემბოლიის სიმპტომები მრავალფეროვანია, რაც დამოკიდებულია იმაზე, თუ ფილტვის რა ნაწილია ჩართული ამ პროცესში, რა ზომის თრომბებზეა საუბარი, როგორი კალიბრის სისხლძარღვების დახშობა ხდება და ზოგადად ადგილი აქვს თუ არა ფილტვის ან გულის თანმხლებ რაიმე პათოლოგიას. ძირითადი სიმპტომებია: სუნთქვის გაძნელება, რომელიც უფრო ხშირად უეცრად ვითარდება, თუმცა, როდესაც ვსაუბრობთ ქრონიკულ თრომბოემბოლიაზე, შესაძლოა სუნთქვის გაძნელება თანდათანობით, ნელა პროგრესირებდეს. შესაძლოა პაციენტმა იგრძნოს ტკივილი გულმკერდის არეში, რომელიც ხშირად ჰგავს გულის შეტევას. ის ხშირად უკავშირდება სუნთქვას, ძლიერდება ხველის, ფიზიკური დატვირთვის დროს, თუმცა მოსვენებულ მდგომარეობაში არ ჩერდება. ხველა შესაძლოა იყოს სისხლიანი. ხშირად თან ახლავს ტკივილი ქვედა კიდურებში, რაც შესაძლო ღრმა ვენების თრომბოზზე და ამ მიზეზით განვითარებულ თრომბოემბოლიაზე გვაფიქრებინებს, ასევე ტემპერატურის მატება, საერთო სისუსტე, გაძლიერებული გულისცემა, გონების კარგვა. ახლო წარსულში ჩატარებული ქირურგიული ჩარევა ყოველთის წარმოადგენს თრომბოემბოლიის განვითარების რისკს. ამის გამო დიდი მნიშვნელობა აქვს ოპერაციამდე და ოპერაციის შემდეგ პაციენტის სწორ მართვას.
– როგორ ხდება ფილტვის არტერიის თრომბოემბოლიის დიაგნოსტირება ქირურგიის ეროვნულ ცენტრში?
– ფილტვის არტერიის თრომბოემბოლიის დროულ დიაგნოსტირებას დიდი მნიშვნელობა აქვს. სწორედ ამ გზითაა შესაძლებელი ფატალური გართულებების თავიდან აცილება. დაავადების დიაგნოსტირებისათვის უპირველესია ანამნეზური მონაცემების შეგროვება. პაციენტის რისკ–ფაქტორების შეფასება – ჩივილები ექიმს აფიქრებინებს სავარაუდო დიაგნოზზე, რომლის შემდგომაც იწყება სათანადო ლაბორატორიული თუ ინსტრუმენტული კვლევები: ელექტროკარდიოგრაფია, ექოკარდიოგრაფია, გულმკერდის რენტგენოლოგიური გამოკვლევა, ფილტვის არტერიის კომპიუტერული ტომოგრაფია ანგიოგრაფიის რეჟიმში, რომელიც არაინვაზიურ და მაღალინფორმაციულ კვლევად ითვლება, კარდიული მარკერების, D დიმერის განსაზღვრა, მაგნიტურ–რეზონანსული კვლევა და სხვა. ასევე არსებობს კვლევის ინვაზიური მეთოდებიც, როგორიცაა პულმონური ანგიოგრაფია.
– როგორ მკურნალობთ ფილტვის არტერიის თრომბოემბოლიას ქირურგიის ეროვნულ ცენტრში და რას გვეტყვით პრევენციის მეთოდებზე?
– ნებისმიერი დაავადების მართვაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება პროფილაქტიკურ ღონისძიებებს. ქვედა კიდურების ვენური უკმარისობის ქირურგიული თუ მედიკამენტური მკურნალობა, ელასტიური წინდების გამოყენება, ღრმა ვენების თრომბოზის მკურნალობა, საჭიროებისას კავა ფილტრის იმპლანტაცია, ოპერაციული მკურნალობის შემდგომ პერიოდში სათანადო ანტიკოაგულაციური თუ ანტიაგრეგაციული თერაპია - ყოველივე ზემოაღნიშნული ძალიან მნიშვნელოვანია, რათა თავიდან ავიცილოთ ფილტვის არტერიის თრომბოემბოლიის განვითარება. დიაგნოზის დასმის შემდგომ იწყება აქტიური ანტიკოაგულაციური თერაპია, რომელიც ლაბორატორიული მონაცემების კონტროლის ქვეშ ხორციელდება. დაავადების მძიმე მიმდინარეობის შემთხვევაში გამოიყენება თრომბოლიზისი, შესაძლოა, ქირურგიულად თრომბექტომიის ჩატარებაც გახდეს აუცილებელი. პაციენტებს ვმკურნალობთ ფილტვის არტერიის თრომბოემბოლიის ეროვნული გაიდლაინების მიხედვით, თუმცა ცალკეულ შემთხვევებში, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, საჭირო ხდება დამატებითი ღონისძიებების ჩატარება.
რეკომენდებულია სითხის მიღება დეჰიდრატაციის თავიდან ასაცილებლად, ასევე თამბაქოს, ალკოჰოლის შეზღუდვა, წონის კორექცია.
ქირურგიის ეროვნული ცენტრის მისამართი: ქალაქი თბილისი, დიღომი, ჩაჩავას N5.
ქირურგიის ეროვნულ ცენტრს შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ქოლ–ცენტრის დახმარებით ნომერზე 577 119119 ან 2 02 25 25.
თქვენთვის პრობლემურ, ნებისმიერ საკითხზე, კონსულტაციის მიზნით შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ქირურგიის ეროვნული ცენტრის კარდიოლოგ–თერაპევტს თამარ ავალიანს ნომერზე 555 57 55 99.
გისურვებთ ჯანმრთელობას!