ყაბზობა, ანუ შეკრულობა ნაწლავების დაყოვნებული, გაძნელებული ან არასრული დაცლაა.
ჯანმრთელი ადამიანების უმეტესობას ნაწლავთა მოქმედება–დეფეკაცია დღე-ღამეში 1-2–ჯერ აქვს, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში ნაწლავთა ორ დღეში ერთხელ დაცლაც შეიძლება ნორმად ჩაითვალოს.
ჩვეულებრივ, შეკრულობად ითვლება ნაწლავთა დაცლის შეფერხება 48 საათით და მეტი ხნით, შესაბამისად, ეს ცნება შედარებითი და ინდივიდუალურია.
მკითხველისთვის განვმარტავთ, რომ შეკრულობა არის იშვიათი დეფეკაცია გამკვრივებული, მცირე განავლით, რომელსაც თან ახლავს ჭინთვები და დაუკმაყოფილებლობის შეგრძნება.
დეფეკაციის გაძნელება სწორ ნაწლავში განავლოვანი მასების ხანგრძლივი დაყოვნების შედეგი და ძალიან შემაწუხებელი მდგომარეობაა. ადამიანი განუწყვეტლივ დეფეკაციაზე ფიქრობს, ნაწლავებში სიმძიმეს გრძნობს, წუხს. ნორმაში ადამიანმა დღეში 150-160 გრამამდე განავალი უნდა გამოყოს. ფეკალური მასა არც თხელი უნდა იყოს და არც მკვრივი. ყოველი დეფეკაციის შემდეგ ადამიანს კმაყოფილების, კომფორტის შეგრძნება უნდა ჰქონდეს.
ყაბზობის, შეკრულობის შესახებ გვესაუბრება ქირურგიის ეროვნული ცენტრის გასტროენტეროლოგი.
– რა სიმპტომები ახასიათებს ყაბზობას?
– ყაბზობისთვის, შეკრულობისთვის დამახასიათებელია შემდეგი სიმპტომები:
- ნაწლავების შემცირებული მოქმედება;
- დაძაბვის მოთხოვნა ნაწლავთა მოქმედებისას;
- მკვრივი ან მცირე ოდენობის განავალი;
- სწორი ნაწლავის არასრული დაცლის შეგრძნება;
- მუცლის ტკივილი.
პაციენტი ასევე შეიძლება უჩიოდეს შემდეგ სიმპტომებს:
- მუცლის შებერვა;
- მუცლის ყურყური;
- დეფეკაციისას დაუცლელობის შეგრძნება;
- ზოგჯერ საერთო სისუსტე;
- თავბრუსხვევა;
- თავის ტკივილი;
- მადის დაქვეითება;
- ბოყინი;
- გულისრევა, რაც ნაწლავში შიგთავსის დაყოვნების გამო ტოქსინების შეწოვითაა განპირობებული.
გაძნელებული დეფეკაციის შემდეგ პაციენტს შესაძლოა აწუხებდეს შემდეგი პროქტოლოგიური პრობლემები:
- ტკივილი, ქავილი ან წვის შეგრძნება ანუსის არეში;
- სისხლიანი გამონადენი და სხვა.
– რა იწვევს ყაბზობას?
– ყაბზობის გამომწვევი რამდენიმე მექანიზმი არსებობს, კერძოდ:
1. ნევროგენული შეკრულობა (ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციური ან ორგანული დაავადებები, დეფეკაციის რეფლექსის დათრგუნვა და სხვა);
2. რეფლექტორული შეკრულობა (საჭმლის მომნელებელი ორგანოების ორგანული დაზიანებებისას, ასევე სხვა ორგანოებისა და სისტემების), მათ შორის პროქტოგენული;
3. ტოქსიკური შეკრულობა (მორფინით, ნიკოტინით, ნიტრობენზოლით, ტყვიით მოწამვლისას, ქოლოლიტიკებისა და სპაზმოლიტიკების დიდი დოზებით მიღებისას);
4. ენდოკრინული შეკრულობა (ჰიპოფიზის, საკვერცხეების ფუნქციის დარღვევისას);
5. ალიმენტური შეკრულობა (საკვებთან უჯრედისის არასაკმარისი შეღწევით);
6. ჰიპოკინეტიკური შეკრულობა (არასაკმარისი ფიზიკური აქტივობისას, ადინამიის დროს და სხვა);
7. მექანიკური შეკრულობა (ნაწლავის შევიწროება სიმსივნით, ნაწიბურებით ან მსხვილი ნაწლავის თანდაყოლილი პათოლოგიური დაგრძელებით, მისი ინტრამურული ნერვული წნულების განუვითარებლობა, ჰირშპრუნგის დაავადება).
–რას გვეტყვით ყაბზობის დიაგნოსტირებისა და მკურნალობის
მეთოდებზე ქირურგიის ეროვნულ ცენტრში?
– ყაბზობის დიაგნოსტირებისთვის მნიშვნელოვანია, რომ პაციენტმა დროულად მიმართოს ექიმს. ჩივილებისა და ანამნეზის საფუძველზე, პაციენტს ასევე შეიძლება დაენიშნოს ინსტრუმენტული და ლაბორატორიული კვლევები, მაგალითად, ირიგოსკოპია, მუცლის ღრუს რენტგენოსკოპია ბარიუმით, მუცლის ღრუს ექოსკოპიური და კომპიუტერული დიაგნოსტირება, კოლონოსკოპია და ა.შ.
– თუ პაციენტმა ყაბზობას არ უმკურნალა, რა გართულებებია მოსალოდნელი?
– ბოლო დროს ძალიან გახშირდა მსხვილი ნაწლავის დივერტიკულოზი, რაც მისი კედლის სუსტ ადგილებში ჯიბეების გაჩენას ნიშნავს. შეკრულობის დროს (ხშირი ჭინთვის შედეგად) იმატებს ნაწლავშიდა წნევა, რის გამოც ეს ჯიბეები შესაძლოა გაიზარდოს და მათში მოხვედრილი შიგთავსისგან ვერ გათავისუფლდეს. ამას შეიძლება მოჰყვეს ანთებითი პროცესები, რასაც დივერტიკულიტი ეწოდება. ყოველივე ეს საკმაოდ ამძიმებს პაციენტის საერთო მდგომარეობას და მას შესაძლოა, ნაწლავის კედლის პერფორაცია, ანუ გახვრეტაც მოჰყვეს, რაც მეტად სერიოზული გართულებაა. ასევე ძალიან ხშირია პროქტოლოგიური პრობლემები, მაგალითად, ჰემოროი (ბუასილი), ნახეთქი, სისხლდენა სწორი ნაწლავიდან, კოპროსტაზი – ფეკალური ჩაჭედვა (მშრალი, მაგარი განავლის დაგროვება სწორ ნაწლავში).
სწორედ ამიტომ, გართულებების თავიდან ასაცილებლად, სასურველია ყაბზობის პრობლემა დროულად მოგვარდეს, ამისთვის კი საჭიროა სპეციალისტს მიმართოთ მაშინვე, როგორც კი შეკრულობისთვის დამახასიათებელ სიმპტომებს შენიშნავთ.
ქირურგიის ეროვნული ცენტრის მისამართი: ქალაქი თბილისი, დიღომი, ჩაჩავას N7.
ქირურგიის ეროვნულ ცენტრს შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ქოლ–ცენტრის დახმარებით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გისურვებთ ჯანმრთელობას!