რა არის დიალიზი და როდის დგება თირკმლის ჩანაცვლებითი თერაპიის საჭიროება?

რა არის დიალიზი და როდის დგება თირკმლის ჩანაცვლებითი თერაპიის საჭიროება?

დიალიზი თირკმლის ჩანაცვლებითი თერაპიაა.

როდესაც თირკმელი სათანადოდ ვეღარ ფუნქციონირებს, ინიშნება დიალიზი. მისი მთავარი დანიშნულება ორგანიზმიდან ნივთიერებათა ცვლის ნარჩენი პროდუქტებისა და ჭარბი სითხის მოშორებაა, ხელოვნური გზით.

ქირურგიის ეროვნული ცენტრის ნეფროლოგიის, ჰემოდიალიზისა და ტრანსპლანტაციის დეპარტამენტში 20 წელზე მეტია წარმატებით ტარდება დიალიზი.

დეპარტამენტი ემსახურება სახელმწიფო პროგრამაში ჩართულ პაციენტებს გეგმიურ რეჟიმში. პროცედურა ტარდება ყოველდღიურად, სამი ცვლის პირობებში და დღეის მონაცემებით, პროგრამაში ჩართულია 160–მდე ბენეფიციარი.

აღსანიშნავია, რომ გადაუდებელი კლინიკური შემთხვევის სამართავად კლინიკის კრიტიკული მედიცინისა და გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტში ყველა აუცილებელი პირობაა შექმნილი. აღნიშნული სერვისი 24 საათის განმავლობაში ხორციელდება!

დეპარტამენტის თითოეული წევრი მაქსიმალურად ცდილობს პროგრამაში ჩართულმა პაციენტმა თავი კომფორტულად და დაცულად იგრძნოს. მოგეხსენებათ, 4 საათის განმავლობაში ნახევრად მჯდომარე პოზაში ყოფნა არც ისე კომფორტულია, მაგრამ ეს რამდენიმე საათი პაციენტმა მსუბუქად რომ გადაიტანოს, ხელმძღვანელების გადაწყვეტილებით, ოთახი აღიჭურვა ტელევიზორით, კარგი ხარისხის ინტერნეტით – სურვილისამებრ, ბენეფიციარს შეუძლია წაიკითხოს წიგნი, მოუსმინოს სასიამოვნო მელოდიას და სხვა.

დეპარტამენტში წარმატებით ფუნქციონირებს სამედიცინო ტურიზმიც და ამ მიმართულებით კლინიკამ არაერთი უცხოელი დიალიზის პაციენტი მიიღო, სტუმრის სტატუსით. პროცედურაზე რაიმე შეფერხება ჰემოდიალიზის ჩატარებასთან დაკავშირებით არ შექმნილა. იგივე სტატუსით პროგრამულ დიალიზზე მყოფ არაერთ პაციენტს, რომელიც სხვა კლინიკაში იტარებს გეგმიურ პროცედურას, ჩვენს კლინიკაში, სუბიექტური გარემოებების დროს წარმოქმნილ გადაუდებელ შემთხვევებში უტარდება პროგრამული დიალიზი.

დიალიზის შესახებ გვესაუბრება ქირურგიის ეროვნული ცენტრის ნეფროლოგი ნანა სადუნაშვილი.

– ქალბატონო ნანა, რა უნდა ვიცოდეთ ჰემოდიალიზისა და პერიტონეალური დიალიზის შესახებ?

 არსებობს დიალიზის ორი სახეობა: ჰემოდიალიზი და პერიტონეალური დიალიზი.

ჰემოდიალიზის დროს სისხლიდან ურემიული ტოქსინების წმენდა წარმოებს „ხელოვნური თირკმლის“ აპარატის მეშვეობით. „ხელოვნური თირკმლის“ აპარატში სისხლის წმენდის პროცესი ნახევრადგამტარი მემბრანის პრინციპზეა აგებული.

პერიტონეალურიდიალიზის დროს სისხლიდან ურემიული ტოქსინებისა და ჭარბი სითხის ტრანსფორმირება ხორციელდება მუცლის ფარის გავლით. აღნიშნული ტოქსინები ჯერ წინასწარ შეყვანილ სადიალიზო სითხეში ხვდება, ხოლო შემდეგ გარეთ იდევნება.

ჰემოდიალიზისდროს, ისევე როგორც პერიტონეული დიალიზის დროს, სისხლის ტოქსინებისგან წმენდისა და ჭარბი სითხის გამოდევნის პროცესები ხორციელდება  დიფუზიის, ულტრაფილტრაციისა და კონვექციის საფუძველზე.

გადაუდებელ შემთხვევებში ჰემოდიალიზით მკურნალობის დაწყების მიზნით, გამოიყენება ორარხიანი ცენტრალური ვენური კათეტერი, რომელიც საუღლე, ბარძაყის ან ლავიწქვეშა ვენაში თავსდება. ვიყენებთ როგორც ხანმოკლე, ისე ხანგრძლივ კათეტერებს, შემდგომში კი ოპერაციიდან 3-6 კვირის გასვლის შემდეგ არტერიო–ვენური ფისტულის/პროთეზის პუნქცია ინიშნება.

– კლინიკაში დიალიზს ყველა პაციენტისთვის ინდივიდუალურად არჩევთ. კონკრეტულად რა კრიტერიუმებით ხელმძღვანელობთ?

  თითოეული პაციენტის წონის, არტერიული წნევის მაჩვენებლების, დიალიზშორის წონის მატების გათვალისწინებით, ინდივიდუალურად ვარჩევთ დიალიზატორს, სადიალიზო სითხის შემადგენლობას, სისხლის ნაკადისა და ულტრაფილტრაციის სიჩქარეს.

პაციენტის სავარძელზე მოთავსების შემდეგ იზომება არტერიული წნევა. კანის ანტისეპტიკური ხსნარით დამუშავების შემდეგ შეიძლება არტერიო/ვენური ფისტულის პუნქცია: არტერიული ნემსის ბოლოსთან ერთდება არტერიული მაგისტრალი, ხოლო ვენურთან - ვენური მაგისტრალი და ამგვარად, ექსტრაკორპორული კონტური მიერთებულია ორგანიზმთან.

არტერიო-ვენური ფისტულის პუნქცია მეტნაკლებად მტკივნეულია პაციენტისთვის. უშუალოდ პროცედურის მსვლელობისას შესაძლებელია არტერიული წნევის ცვალებადობა. სწორედ ამიტომ მიმდინარეობს მუდმივი მონიტორინგი, შესაბამისი სიმპტომური მკურნალობა.

პროცედურის დასრულების შემდეგ ექსტრაკორპორულ კონტურში არსებული სისხლი უბრუნდება პაციენტს, რის შემდეგაც შესაძლებელია არტერიო-ვენური ნემსების ამოღება. პუნქციის ადგილას სისხლდენის შესაჩერებლად საჭიროა ხანმოკლე (5-10 წუთი) ზეწოლა. ორთოსტატური კოლაფსის თავიდან ასაცილებლად აუცილებელია სავარძლიდან ადგომის წინ პაციენტისათვის წნევის გაზომვა. ასევე აუცილებელია წონის შეფასება პროცედურის დასრულების შემდეგაც.

– როდის არ ტარდება დიალიზი?

ჰემოდიალიზის აბსოლუტურ უკუჩვენებას წარმოადგენს:

  • მწვავე ჰემორაგიული ინსულტი;
  • მწვავე სისხლდენა;
  • პაციენტის კრიტიკული, ტერმინალური მდგომარეობა.  

ყველა ამ შემთხვევაში პროცედურა ხორციელდება მხოლოდ სასიცოცხლო ჩვენებით (როცა ხელოვნური თირკმლის გარეშე პაციენტი დაიღუპება).

ქირურგიის ეროვნული ცენტრი მულტიპროფილური კლინიკაა და მულტიპროფილურობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჰემოდიალიზის დეპარტამენტისთვის, რადგან საჭიროების შემთხვევაში თუ პროგრამაში ჩართულ პაციენტს ნეფროლოგის გარდა სხვა პროფილის ექიმი, მაგალითად, ჰემატოლოგი დასჭირდა ისარგებლებს მძლავრი და მასშტაბური ჰემატოლოგიური დეპარტამენტის მხარდაჭერით. სხვადასხვა პროფილის ექიმისა და ყველა კვლევის ერთ სივრცეში არსებობა მაქსიმალურად ამარტივებს ყველაზე რთული კლინიკური შემთხვევის მართვის შესაძლებლობას.

– რასაკვირველია, დიალიზზე მყოფი პაციენტის ცხოვრების რიტმი გარკვეული დოზით იზღუდება, მაგრამ რომ გვითხრათ არის თუ არა რაიმე სახის კატეგორიული აკრძალვა?

  დიახ, დიალიზზე მყოფი პაციენტების ცხოვრების რიტმი გარკვეული დოზით იზღუდება, თუმცა პაციენტების უმეტესობა უბრუნდება თავის სამსახურს, სასწავლებელს. ამ შემთხვევაში პაციენტი და მკურნალი ექიმი ათანხმებენ სამსახურის, უნივერსიტეტში სწავლის გრაფიკსა და დიალიზის ჩატარებისთვის განკუთვნილ დროს. დიალიზის პაციენტს შეუძლია იმოგზაუროს და მოგზაურობის დროს ჩაიტაროს დიალიზი საქართველოში არსებულ ნებისმიერ სადიალიზო განყოფილებაში, ჰემოდიალიზის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში. რაც შეეხება მოგზაურობას საზღვარგარეთ, ესეც შესაძლებელია. პაციენტი უკავშირდება კონკრეტულ სადიალიზოს მისთვის სასურველ ქალაქში, ათანხმებს დროსა და ფინანსურ საკითხებს.

როცა დიალიზზე მყოფი პაციენტი მკურნალი ექიმის ყველა რეკომენდაციას ზედმიწევნით ითვალისწინებს, არც მოგზაურობაში ეშლება ხელი, სამსახურშიც აქტიურად მუშაობს, უნივერსიტეტშიც წარჩინებით სწავლობს და სხვა.

გისურვებთ ჯანმრთელობას!


რა აინტერესებთ პაციენტებს

იხილეთ ვრცლად