აი, რა ემართება ორგანიზმს, როცა ზღვაში ნასვამ მდგომარეობაში ცურავთ

აი, რა ემართება ორგანიზმს, როცა ზღვაში ნასვამ მდგომარეობაში ცურავთ

მაშველების არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, ზოგიერთი დამსვენებელი სანაპიროზე ალკოჰოლს მაინც სვამს.

ალკოჰოლური თრობის დროს ადამიანმა შეიძლება სიცოცხლისთვის სახიფათო ისეთი გადაწყვეტილება მიიღოს, რომელსაც ფხიზელ მდგომარეობაში ვერასდროს გაბედავდა.

ალკოჰოლი ერთგვარი დეპრესანტია, რომლის გამოც ტვინი მიღებულ ინფორმაციას სათანადოდ ვეღარ ამუშავებს, შესაბამისად, დაქვეითებულია ადეკვატური რეაქციაც. ალკოჰოლური სასმელი სხეულს ადუნებს, ნასვამს უჩნდება ყალბი გრძნობა უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, ირღვევა დისტანციისა და მიმართულების სწორად აღქმის უნარი.

ეს მცირე ჩამონათვალია იმ ცვლილებებისა, რასაც ალკოჰოლი ორგანიზმში იწვევს და სრულიად საკმარისი იმის გასაანალიზებლად თუ რა მოხდება, როცა ნასვამი ზღვაში შევა!

გვესაუბრება ქირურგიის ეროვნული ცენტრის კარდიოლოგი ხათუნა ბერინაშვილი.

„ნასვამ მდგომარეობაში აუზში, მდინარეში, ტბასა თუ ზღვაში ცურვა დაუშვებელია! ალკოჰოლის გამო მნიშვნელოვნად ქვეითდება სწრაფად აზროვნების უნარი და ადამიანი სათანადოდ ვეღარ აანალიზებს ნაპირამდე მისასვლელ დისტანციას. გაითვალისწინეთ სხეულის ტემპერატურაც. როგორც წესი წყალი თავდაპირველად ყველა ორგანიზმისთვის შედარებით გრილია და ამის ფონზე დიდია ჰიპოთერმიის (ადამიანის ორგანიზმის ტემპერატურის კლება) განვითარების რისკი. ალკოჰოლის გამო სავსებით შესაძლებელია, რომ იმდენად დაუძლურდეთ, ცურვაც ვერ შეძლოთ, ცივი კუნთის გამო გაგიჭირდეთ წყალთან გამკლავება“, – აცხადებს ქალბატონი ხათუნა.        

– ქალბატონო ხათუნა, საზოგადოებაში ხშირად ამბობენ ნასვამი იყო და გული გაუსკდაო. რას ნიშნავს ეს ფრაზა და რეალურად რა ემართება ამ დროს გულს? 

დახრჩობა ესაა სასუნთქ გზებში სითხის მოხვედრის შედეგად ფილტვებში განვითარებული ასფიქსია (სულის შეხუთვა), რასაც თან სდევს თავის ტვინის ფუნქციის მოშლა, გონების დაკარგვა, სუნთქვისა და გულისცემის შეჩერება. თუმცა წყალში დახრჩობისას სიკვდილის მიზეზი ყოველთვის სასუნთქი გზების დახშობა არ არის და შესაძლოა, სიკვდილი გულის გაჩერებამ ან წყალში დიდხანს ყოფნით გამოწვეულმა ჰიპოთერმიამ განაპირობოს. არის შემთხვევები, როდესაც დახრჩობა შიშისგან სუნთქვის რეფლექსური გაჩერებით არის გამოწვეული.

ავსტრალიის სამაშველო ორგანიზაციის Royal Life Saving Society of Australia წარმომადგენლების ინფორმაციით, ყოველწლიურად ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი ზრდასრულების 20% წყალში იღუპება.

კიდევ ერთხელ განვმარტავ – ნასვამი სათანადოდ ვეღარ აცნობიერებს საფრთხეს. ალკოჰოლის გამო სწრაფად იცვლება სხეულის ტემპერატურა და განსაკუთრებით მაშინ, როცა წყალი გრილია. სპაზმის გამო შეიძლება სასუნთქი გზის ფუნქციონირება შეიზღუდოს, წყალი კი პირდაპირ სასულეში ჩავიდეს, რასაც თან სდევს სუნთქვისა და გულისცემის შეჩერება.

– ცურვის გარდა ზოგადად ნასვამ მდგომარეობასა და ნაბახუსევზე შეიძლება თუ არა ცხელი ან/და ცივი შხაპის მიღება?

ნაბახუსევის დროს სახიფათოა ცურვა და ასევე შხაპის მიღება. ამ დროს ხდება სისხლის მჟავიანობის მომატება და სისხლძარღვთა პერიფერიული სპაზმი, სისხლძარღვები შევიწროებულია და ადამიანს სჭირდება დიდი რაოდენობით მინერალური წყალი. ასეთ პირობებში ფიზიკური აქტივობა, წყალში ჩასვლა, ცივი ან ცხელი აბაზანის მიღება არ შეიძლება. ამან შეიძლება გამოიწვიოს მიოკარდიუმის ინფარქტი, ინსულტი.

სამწუხაროდ, მსგავსი შემთხვევები ხშირია და განსაკუთრებით 35-50 წლამდე ასაკის მამაკაცებში.

ქირურგიის ეროვნული ცენტრის მისამართი: ქალაქი თბილისი, დიღომი, ჩაჩავას N5.

ქირურგიის ეროვნულ ცენტრს შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ქოლ–ცენტრის დახმარებით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.

თქვენთვის პრობლემურ, ნებისმიერ საკითხზე, კონსულტაციის მიზნით, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ქირურგიის ეროვნული ცენტრის კარდიოლოგს ხათუნა ბერინაშვილს ნომერზე: 577 64 33 49.

გისურვებთ ჯანმრთელობას!