აორტა ორგანიზმის ყველაზე დიდი სისხლძარღვია.
აორტაში სისხლი გულიდან ხვდება, შემდეგ კი მრავალრიცხოვანი ტოტის გავლით ყველა ორგანომდე მიდის. ანევრიზმა კი აორტის ადგილობრივი ან გავრცობილი გაგანიერებაა, რომელიც ძირითადად ვითარდება გულმკერდისა და მუცლის მონაკვეთში. მის განვითარებას იწვევს როგორც თანდაყოლილი ისე შეძენილი დაავადებები, მაგალითად, აორტის კოარქტაცია, შემაერთებელი ქსოვილის განვითარების დარღვევები, ათეროსკლეროზი, სიფილისი, რევმატიზმი, აუტოიმუნური პროცესები.
განასხვავებენ ჭეშმარიტ და ცრუ ანევრიზმებს. ცრუ ანევრიზმა ძირითადად ყალიბდება ტრავმის შემდგომ.
ოფიციალური სტატისტიკით, მუცლის აორტის ანევრიზმის სიხშირე მამაკაცებში შეადგენს 7%–ს, ხოლო ქალებში 1%–ს. მუცლის აორტის ანევრიზმის განვითარების რამდენიმე მიზეზი არსებობს და ყველაზე სახიფათოა სიგარეტის მოხმარება.
რა კლინიკური სიმპტომებით ვლინდება ეს პათოლოგია, შესაძლებელია თუ არა ანევრიზმის პრევენცია, ქირურგიის ეროვნულ ცენტრში როგორ ხდება მუცლის აორტის ანევრიზმის დიაგნოსტირება, როგორია მუცლის აორტის ანევრიზმის მკურნალობის თანამედროვე მეთოდები?
ამ თემებზე გვესაუბრა ქირურგიის ეროვნული ცენტრის სისხლძარღვთა ქირურგი, პროფესორი, თემურ მოსიავა.
– რას გვეტყვით მუცლის აორტის ჩამოყალიბების რისკ–ფაქტორებზე?
– აორტის ანევრიზმის განვითარების მთავარი რისკ–ფაქტორებია: თამბაქოს მოწევა, ანევრიზმის არსებობა ოჯახურ ანამნეზში, ასაკი, ათეროსკლეროზი, შაქრიანი დიაბეტი. კვლევებით დადგენილია, რომ მწეველებში ანევრიზმის არსებობა 8–ჯერ უფრო ხშირია, ვიდრე არამწეველებში. ასევე ცნობილია, რომ მუცლის აორტის ანევრიზმის განვითარების რისკი ყოველწლიურად 4%–ით მატულობს თამბაქოს მოწევის ხანგრძლივობასთან ერთად.
– რა კლინიკური სიმპტომებით ვლინდება ეს პათოლოგია?
– ამ პათოლოგიას ახასიათებს ისეთი გართულებები როგორიცაა ანევრიზმის განშრევება და გასკდომა. შესაბამისად, კლინიკური სიმპტომებიც დამოკიდებულია იმაზე თუ რა მდგომარეობაშია აორტის ანევრიზმა. ამასთან, გასათვალისწინებელია მისი ზომა და მდგომარეობა. ძირითადად ახასიათებს: ტკივილი მუცლისა და წელის არეში, მუცელში პულსაციის გაძლიერება, სიმძიმისა და შებერვის შეგრძნება.
დიდი ზომის ანევრიზმების დროს, პაციენტები ხშირად თვითონ პოულობენ გამობერილობას მუცლის არეში. ხშირად მუცლის აორტის ანევრიზმა მიმდინარეობს უსიმპტომოდ. ანევრიზმის გასკდომის დროს პაციენტებს აღენიშნებათ მუცელში უეცარი, ძლიერი ტკივილი ან უკვე არსებული ტკივილის გაძლიერება, გულისრევა და საერთო სისუსტე. ხშირად ტკივილი გადაეცემა ხერხემლის არეში. ვითარდება შოკური მდგომარეობა.
– შესაძლებელია თუ არა ანევრიზმის პრევენცია?
– ასაკის მატებასთან ერთად ანევრიზმის არსებობა მნიშვნელოვნად იზრდება. ოფიციალური მონაცემით, 55–დან 64 წლამდე ასაკის ჯგუფში, 1 წლის განმავლობაში ყოველ 100000 მოსახლეზე გამოვლინდა 52 შემთხვევა, ხოლო 80 წელს გადაცილებულ პაციენტთა ჯგუფში კი 100000 მოსახლეზე 499 შემთხვევა.
– როგორ ხდება ქირურგიის ეროვნულ ცენტრში მუცლის აორტის ანევრიზმის დიაგნოსტირება?
– ანევრიზმის დიაგნოსტირება ხშირად შემთხვევითია, როდესაც პაციენტი სხვადასხვა მიზეზით მიმართავს ექიმს და იტარებს მუცლის ორგანოების ექოსკოპიურ კვლევას ან კომპიუტერულ ტომოგრაფიას.
აღსანიშნავია, რომ დიდი მნიშვნელობა აქვს ანევრიზმის დროულ დიაგნოსტირებას რათა პაციენტმა ადეკვატურად ჩაიტაროს მკურნალობა ან იყოს დაკვირვების ქვეშ, ვინაიდან ანევრიზმის ზომებში მატება არის გეგმიური ოპერაციული მკურნალობის ჩვენება. ანევრიზმის (რომლის დიამეტრი 5 ან მეტი სმ–ია) გახეთქვის სიხშირის მაჩვენებელი მომავალი 5 წლის განმავლობაში მაღალია და მერყეობს 25–41%–ის ფარგლებში. აქვე აღსანიშნავია, რომ მუცლის აორტის ანევრიზმით გამოწვეული სიკვდილიანობა უმრავლეს შემთხვევაში დაკავშირებულია მის გახეთქვასთან და მასიურ სისხლდენასთან. პაციენტების 40% ანევრიზმით გახეთქვის გამო საავადმყოფოში მიყვანამდე იღუპებიან. ინტრა და პოსტოპერაციული სიკვდილიანობის მაჩვენებელი პაციენტებში, რომლებსაც ანევრიზმის გახეთქვის გამო ჩაუტარდათ გადაუდებელი ოპერაცია, მერყეობს 50–70%–ის ფარგლებში, მაგრამ გეგმიურად ჩატარებული ოპერაციის დროს სიკვდილიანობა არ აღემატება 1–5%–ს.
– რას გვეტყვით აორტის ანევრიზმის მკურნალობის თანამედროვე მეთოდებზე და რა ნოვაცია გამოიყენება ქირურგიის ეროვნულ ცენტრში?
– ბოლო პერიოდში მთელ მსოფლიოში და ასევე ჩვენს კლინიკაში დაინერგა აორტის ანევრიზმის მკურნალობის ენდოვასკულური მეთოდი, რომელიც ხასიათდება ნაკლები აგრესიულობით და შესაბამისად, დაბალი სიკვდილიანობით. აქედან გამომდინარე გაჩნდა საშუალება, რომ გაფართოვდეს ჩვენებები მცირე ზომის ანევრიზმების და განშრევებადი და გამსკდარი ანევრიზმების ენდოვასკულური მეთოდით მკურნალობის თვალსაზრისით.
ჩვენს კლინიკაში ხორციელდება როგორც გულმკერდისა და მუცლის ასევე თორაკოაბდომინალური აორტის ანევრიზმის როგორც ენდოვასკულური (ნაკლებ ტრავმული) ისე ღია ქირურგიული მკურნალობა.
ქირურგიის ეროვნული ცენტრი აღჭურვილია თანამედროვე მაღალტექნოლოგიური ბიპლანანგიოგრაფით და მუდმივად გვაქვს სტენტებისა და სტენტ–გრაფტების მარაგი, რომელიც აუცილებელია ენდოვასკულური ოპერაციებისთვის. ქირურგიის ეროვნული ცენტრი აღჭურვილია გერმანული კომპანია Jotec-ის სტენტ–გრაფტებით, რომელსაც ევროპის წამყვან კლინიკებში იყენებენ. ოპერაციული ტექნიკა საშუალებას გვაძლევს მხოლოდ ერთი ნაჩხვლეტით გავაკეთოთ ისეთი ოპერაციები, რაც ადრე მხოლოდ ღია წესით იყო შესაძლებელი და დაკავშირებული იყო სისხლის დიდ დანაკარგთან, ჭრილობასთან, ტრავმასთან. აღნიშნული აპარატი, ანგიოგრაფი, არის უახლესი მოდელი, აქვს ძალიან კარგი ვიზუალიზაცია და სხვა ტექნიკური მონაცემები, რაც ოპერაციების მაქსიმალურად სწრაფად და გართულებების გარეშე ჩატარების საშუალებას იძლევა.
თქვენთვის პრობლემურ, ნებისმიერ საკითხზე, კონსულტაციის მიზნით, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ქირურგიის ეროვნული ცენტრის სისხლძარღვთა ქირურგს, თემურ მოსიავას ნომერზე 599 92 61 91
დამატებით კითხვებთან დაკავშირებით დაუკავშირდით ენდოვასკულარული ქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, სისხლძარღვთა ქირურგს ბატონ გიორგი ხელაძეს ნომერზე 574107810
გისურვებთ ჯანმრთელობას!
ავტორი ეკატერინე ციცხვაია