არტერიული ჰიპერტენზია, მაღალი წნევა, „ჩუმი მკვლელი“ მანამდე არ ვლინდება, ვიდრე ორგანიზმს არ დააზარალებს.
არტერიული ჰიპერტენზია, მაღალი წნევა გულის, თავის ტვინის, თირკმელებისა და სისხლძარღვთა დაავადების განვითარების რისკ–ფაქტორს წარმოადგენს.
არტერიულ ჰიპერტენზიას, ისევე როგორც ზოგადად გულ–სისხლძარღვთა დაავადებებს, ახასიათებს სეზონური გამწვავება. ეს პერიოდებია გაზაფხული და შემოდგომა.
ამ თემაზე გვესაუბრება ქირურგიის ეროვნული ცენტრის კარდიოლოგი, მედიცინის აკადემიური დოქტორი ლიკა ხოსროშვილი.
– რა არის არტერიული ჰიპერტენზია, მაღალი წნევა?
– „წნევას“ პოპულარულად, ხოლო სამედიცინო ენაზე არტერიულ ჰიპერტენზიას უწოდებენ სისხლის „ზედა“ და „ქვედა“, ანუ სისტოლური და დიასტოლური წნევის ნორმაზე მეტად მომატებას.
– განასხვავებენ არტერიული წნევის ორ სახეს. გთხოვთ, ამ თემაზე მოგვითხროთ.
– დიახ, განასხვავებენ არტერიული წნევის ორ სახეს: პირველადს, ესენციურს, ანუ იდიოპათიურ ჰიპერტენზიას, რომელიც შემთხვევათა 90–95%–ში ვლინდება და მეორეულს (სიმპტომური), რომელიც დაკავშირებულია ორგანოებისა და სისტემების დაზიანებასთან, რომელიც პირდაპირ ზემოქმედებს არტერიული წნევის დონეზე.
მეორეული არტერიული ჰიპერტენზიის კლასიფიცირება შემდეგნაირია:
- თირკმლისმიერი;
- ენდოკრინული;
- ნეიროგენული;
- ჰემოდინამიკური (კარდიოვასკულური, მექანიკური) და დანარჩენი.
ამ შემთხვევაში ეტიოლოგიური ან პათოგენეზური ფაქტორის მოხსნა იწვევს არტერიული წნევის ნორმალიზებას.
– რა იწვევს არტერიულ ჰიპერტენზიას?
– ჰიპერტონული დაავადების მიზეზების ფორმირება სრულად დადგენილი არ არის, თუმცა მნიშვნელოვანია მემკვიდრული წინასწარგანწყობის შერწყმა გარეშე ფაქტორების არასასურველ ზემოქმედებასთან, მაგალითად, ჭარბი წონა, ნერვული სტრესი, დიდი რაოდენობით სუფრის მარილის მოხმარება, ალკოჰოლი, სიგარეტი, შაქრიანი დიაბეტი, სისხლში ქოლესტერინის დონის მატება და ა.შ.
– რა სიმპტომებით ვლინდება ჰიპერტენზია?
– უხშირესად გაურთულებელი ჰიპერტენზია მიმდინარეობს ასიმპტომურად. სიმპტომები, რომელიც თან ახლავს ჰიპერტენზიას შემდეგია: თავის ტკივილი, ყურებში ხმაური, თავბრუსხვევა, საერთო სისუსტე, გულის ფრიალი, სუნთქვის გაძნელება, მხედველობის დაბინდვა, ძილიანობა, კიდურების დაბუჟება. ასევე ხშირად მანიფესტირდება ცხვირიდან სისხლდენით. არტერიული ჰიპერტენზიის ფონზე გაზრდილია ინსულტის, ინფარქტის და გულის უკმარისობის შემთხვევები.
– ძირითადად, რა ასაკის ადამიანები უჩივიან მაღალ წნევას?
– განსაკუთრებული ყურადღება მართებთ 50 წელს გადაცილებულ ადამიანებს, რადგან არტერიული ჰიპერტენზია, მაღალი წნევა დიდი სიხშირით სწორედ ამ ასაკიდან ვლინდება, ხოლო იშვიათად შეიძლება რომ 30 წლამდე ახალგაზრდასაც აწუხებდეს.
უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება სიმპტომების დროულ ამოცნობას და წნევის დარეგულირებას, რადგან სწორედ ამ გზითაა შესაძლებელი სიცოცხლისთვის საშიში დაავადებების, ინსულტისა და ინფარქტის პრევენცია.
– როგორ მკურნალობთ არტერიულ ჰიპერტენზიას ქირურგიის ეროვნულ ცენტრში?
– ქირურგიის ეროვნულ ცენტრში ანტიჰიპერტენზიული მკურნალობის დაწყებამდე შემდეგი რეკომენდებული კვლევები ტარდება:
- ეკგ კვლევა (ელექტრო კარდიოგრამის გადაღება);
- შარდის საერთო ანალიზი;
- სისხლის საერთო ანალიზი;
- კოაგულოგრამა;
- გლუკოზა სისხლში – უზმოზე და საკვების მიღებიდან 2 საათის შემდეგ;
- კალიუმის, კრეატინინის, ლიპიდური სპექტრის განსაზღვრა სისხლში;
- ექოკარდიოგრაფიული გამოკვლევა;
- საჭიროების შემთხვევაში 24–საათიანი ჰოლტერმონიტორირება და არტერიული წნევის მონიტორინგი.
ჩატარებული გამოკვლევების საფუძველზე ინიშნება ორი ან მეტი ანტიჰიპერტენზიული, სხვადასხვა ჯგუფის მედიკამენტი, სამიზნე არტერიული წნევის მისაღწევად. დაახლოებით 30%–ში ხდება მხოლოდ ერთი მედიკამენტით არტერიული წნევის ციფრების კარგად გაკონტროლება. ანტიჰიპერტენზიული მედიკამენტებით (თიაზიდური დიურეზული საშუალებები, აგფ–ინჰიბიტორები, ბეტა ბლოკერები, კალციუმის არხების ანტაგონისტები, ანგიოტენზინ II-ის რეცეპტორების ბლოკერები) მკურნალობისას არა მარტო ვარეგულირებთ არტერიული წნევის ციფრებს, არამედ ამავე დროს ვახდენთ კარდიოვასკულური დაავადებების განვითარების პრევენციას.
– რა მაჩვენებელი ითვლება ნორმალურ წნევად და რა ჰიპერტენზიად?
– ნორმად მიჩნეულია TA 119/79 მმვწყ.სვ–ზე;
ჰიპერტონული დაავადებაა, როცა არტერიული წნევის ციფრები აღემატება 140/90 მმვწყ.სვ–ს;
თუმცა, შაქრიანი დიაბეტის ან თირკმლის ქრონიკული უკმარისობის დროს ჰიპერტენზიად ითვლება არტერიული წნევის მაჩვენებელი 130/80 მმვწყ.სვ და მეტი;
ქირურგიის ეროვნული ცენტრის მისამართი: ქალაქი თბილისი, დიღომი, ჩაჩავას N5.
ქირურგიის ეროვნულ ცენტრს შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ქოლ–ცენტრის დახმარებით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
თქვენთვის პრობლემურ, ნებისმიერ საკითხზე, კონსულტაციის მიზნით, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ქირურგიის ეროვნული ცენტრის კარდიოლოგს ლიკა ხოსროშვილს ნომერზე 577 37 33 35.
გისურვებთ ჯანმრთელობას!