ჯომარდობა 2017 – ადრენალინი, მხიარულება და წარუშლელი შთაბეჭდილებები

ჯომარდობა 2017 – ადრენალინი, მხიარულება და წარუშლელი შთაბეჭდილებები

ქირურგიის ეროვნული ცენტრის თანამშრომლებმა არაგვის ხეობაში იჯომარდეს.

მოგეხსენებათ, ქირურგიის ეროვნული ცენტრისთვის უცხო არ არის კორპორატიული საღამოები, მაგრამ ჯომარდობა ექსტრიმით გამოირჩევა. შესაბამისად, ჩვენი კლინიკის სპორტული, ენერგიული და ხალისიანი თანამშრომლები ამ ღონისძიებას დიდი ენთუზიაზმით ელოდნენ. ზოგიერთმა მდინარის ზვირთებთან ჭიდილი გადაწყვიტა, სხვები კი საგულშემატკივროდ მოემზადნენ.

ჯომარდობა სპორტის პოპულარული სახეობაა, რომელიც აქტიური დასვენებისა და განტვირთვის საუკეთესო შესაძლებლობას იძლევა. ჯომარდობა კომპანია „ავერსის“ თანამშრომლებისთვის ტრადიციულ, გასართობ ღონისძიებად იქცა.

18 ივნისის დილით დიდი ფუსფუსი იყო – ქირურგიის ეროვნული ცენტრის თანამშრომლები სპორტული ღონისძიებისთვის ემზადებოდნენ. ავტობუსებმა გეზი არაგვის ხეობისკენ აიღეს. ყველა გრძნობდა, რომ ეს დღე ძალიან ხალისიანი იქნებოდა.

მზიან ამინდში ლამაზი პეიზაჟები უფრო შთამბეჭდავი ჩანდა. ორგანიზატორებმა არაფერი დაიშურეს იმისთვის, რომ დღე მართლაც დაუვიწყარი, საინტერესო გამოსულიყო და ღონისძიებაში მონაწილე ყველა ადამიანს თავი კომფორტულად ეგრძნო. მაშინ, როცა ქირურგიის ეროვნული ცენტრის მოჯომარდეები მდინარეზე ნავებით დასაშვებად ემზადებოდნენ, ხმელეთზე მყოფი თანამშრომლები ხალისიან სპორტულ–გასართობ შეჯიბრებებსა და ცეკვის კონკურსებში მონაწილეობდნენ. მონაწილეთა განწყობაზე ზრუნავდა სპეციალურად მოწვეული დიჯეი.

ქირურგიის ეროვნული ცენტრის მოჯომარდეები მდინარის ზვირთებთან შეხვედრით კმაყოფილები იყვნენ. როგორც განმარტეს, ადრენალინისა და ენერგიის მოზღვავება იგრძნეს. ჩვენი კლინიკის ყველა თანამშრომელი განიტვირთა და გაერთო. მათი დადებითი ემოციები კარგად აისახა სოციალურ ქსელებში ფოტოების სახით. მდინარის ფონზე გადაღებული სელფებით, ჯომარდობის უნიფორმაში გამოწყობილი მომღიმარი სახეებით, დიჯეის მელოდიურ მუსიკაზე აცეკვებული ახალგაზრდებისა თუ სხვადასხვა სპორტულ–გასართობ აქტივობებში ჩართული თანამშრომლების კადრებით დარწმუნდებოდით, რომ დღე მართლაც პოზიტივით იყო სავსე, არაგვის სანაპიროზე მხიარული და აზარტული ატმოსფერო სუფევდა.

მსგავსი ღონისძიებები მკვეთრად ამაღლებს თანამშრომელთა სამუშაო განწყობას და კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ ცხოვრების ჯანსაღი, აქტიური წესით სიამოვნებისა და განტვირთვის მიღებაა შესაძლებელი. ეს ლამაზი დღე ქირურგიის ეროვნული ცენტრის თანამშრომლებს დიდხანს ემახსოვრებათ.


გისურვებთ ჯანმრთელობას!