ინტერვენციული რადიოლოგია და მკურნალობის თანამედროვე ასპექტები

ინტერვენციული რადიოლოგია და მკურნალობის თანამედროვე ასპექტები

დღევანდელი მედიცინა წარმოუდგენელია რენტგენის, კომპიუტერული ტომოგრაფიის, ულტრაბგერის, მაგნიტურ–რეოზნანსური ტომოგრაფიის და სხვა რადიოლოგიური გამოკვლელვების გარეშე. დიაგნოსტიკის

ეს მიმართულება ყოველწლიურად იხვეწება, პაციენტისთვის ნაკლები ზიანისა და მეტი სარგებელის მომტანი ხდება.
ინტერვენციული რადიოლოგია თანამედროვე დიაგნოსტიკისა და მკურნალობის ერთ–ერთ ყველაზე პოპულარულ და განვითარებად მიმართულებად იქცა. არც არის გასაკვირი, რადგან ამ ტექნოლოგიების დახმარებით მრავალი ოპერაციის თავიდან აცილება გახდა შესაძლებელი. საქართველოში ეს სერვისი ჯერჯერობით მხოლოდ ერთეულ კლინიკებშია ხელმისაწვდომი. მათ შორის კ. ერისთავის სახელობის ქირურგიის ეროვნულ ცენტრში. ინტერვენციულ რადიოლოგიაზე სასაუბროდ სწორედ ამ კლინიკის ექიმებს ვეწვიეთ:

ქირურგიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი ინტერვენციული რადიოლოგიის ჩვენებებზე გვესაუბრა.

ინტერვენციული რადიოლოგია გულისხმობს სადიაგნოსტიკო ან სამკურნალო მიზნით კომპიუტერული ტომოგრაფიის, ულტრაბგერის ან რენტგენის კონტროლით მინიმალური ინვაზიით ანუ მინიმალური ტრავმით სხვადასხვა სახის მანიპულაციების ჩატარებას. 
დიაგნოსტიკის თვალსაზრისით ამ მეთოდით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბიოფსიის ჩატარება. ბიოფსია ცოცხალი ორგანიზმიდან შეცლილი ქსოვილის უჯრედების ამოკვეთას და მის მორფოლოგიურ გამოკვლევას გულისხმობს. ამ მიზნით გამოსაკვლევი მასალა მხოლოდ სპეციალური ნემსის დახმარებით ჩატარებული ბიოფსიით ან ქსოვილის ქირურგიული ამოკვეთის შედეგად მიიღება. ქსოვილის ანათალის მიკროსკოპიული დათვალიერებით დგინდება, რა სახის დაზიანებასთან გვაქვს საქმე – ანთებასთან თუ სიმსივნესთან, რა ხასიათისაა ესა თუ ის წამონაქმნი: კეთილთვისებიანი, ავთვისებიანი, როგორი დიფერენცირებისაა, გავრცელების როგორი ხასიათი აღენიშნება, პირველადია –უშუალოდ ამ ორგანოსგან არის წარმოქმნილი თუ მეორეულია – მეტასტაზირებულია სხვა ორგანოდან. შესაძლებელია თავდაპირველად მასალის ციტოლოგიური გამოკვლევა ჩატარდეს, შემდეგ მორფოლოგიური, იმუნოჰისტოქიმიური და სხვა, რომელთა შედეგადაც გადაწყდება პაციენტის შემდგომი მკურნალობის ტაქტიკა: ოპერაციის საჭიროება, მისი მოცულობა, ქიმიოთერაპია თუ სხივური თერაპია და სხვა.
ბოლო დრომდე მუცლის ღრუში არსებული წარმონაქმნების შესასწავლად მასალის აღება ოპერაციული გზით ხდებოდა. გაიკვეთებოდა პაციენტი და ორგანოდან მასალას ამოკვეთდნენ. ეს, რა თქმა უნდა, პაციენტისთვის დიდი ტრავმაა.
მცირეინვაზიური ჩარევით მუცლის ღრუს ბიოფსია, მასალის აღება, წვრილი ან მსხვილკალიბრიანი ნემსით ჩხვლეტის შედეგად ტარდება. რამდენიმემილიმეტრიანი მასალა ერთჯერადი მანიპულაციის შედეგად მიიღება. პროცედურა კონტროლდება კომპიუტერული ტომოგრაფიით და/ან ულტრაბგერითი.

კერძოდ რომელი ორგანოს სიმსივნეების სადიაგნოსტიკოდ არის შესაძლებელი ბიოფსია კტ კონტროლით?

ბიოფსია შესაძლებელია ჩატარდეს ღვიძლის, პანკრეასის, თირკმელის, მუცლის ღრუს სხვადასხვა სახის და მდებარეობის სიმსივნეების შემთხვევაში. წვრილნემსიანი ბიოფსია ტარდება ციტოლოგიური კვლევისთვის, ხოლო მსხვილნემსიანი ბიოფსია ქსოვილის მორფოლოგიური კვლევისათვის (რბილი ქსოვილები, მუცლის ღრუს ორგანოები, რეტროპერიტონეული სივრცე). გარდა ამისა, ამ მეთოდით შესაძლებელია ასციტური (მუცლის ღრუში დაგროვებული) სითხის დიაგნოსტიკური ასპირაცია, ასევე  სხვადასხვა სითხოვანი წარმონაქმნების (ცისტების) სადიაგნოსტიკო პუნქცია, პოსტოპერაციული სერომების (ოპერაციის შემდეგ წარმოქმნილი სეროზული ჯიბეების სითხის) პუნქცია და მიღებული სითხის ციტოქიმიური ან ბიოლოგიური ანალიზი.

რა შემთხვევაში დგება ოპერაციული ბიოფსიის საჭიროება?

თუ პუნქციას დასამიზნებელი წარმონაქმნის გარშემო რაიმე ფაქტორი უშლის ხელს, მაგალითად ნაწლავები,  შესაძლებელია ოპერაციული მიდგომა დაგვჭირდეს. თუმცა, პუნქციის ჩატარება შესაძლებელია როგორც ნაწლავის, ისე კუჭის გავლითაც.

როგორ იყენებენ ინტერვენციულ რადიოლოგიას სამკურნალო მიზნით?

რაც შეეხება სამკურნალო პროცედურებს, ეს გახლავთ პათოლოგიური პროცესის შედეგად დაგროვილი სითხის ამოღება (ასპირაცია) ერთჯერადად, ან მასში დრენაჟის ჩადგმა მკურნალობის დასრულებამდე, რათა დაგროვილი სითხის გამოსვლით (საჭიროების დროს გამორეცხვებითაც) დაზიანებულ უბანს შეხორცების საშუალება მივცეთ. ეს მეთოდები გამოიყენება ღვიძლში, სანაღვლე გზებში, ნაღვლის ბუშტში, პანკრეასში, თირკმელში, საკვერცხესა თუ მუცლის ღრუში განვითარებული სხვადასხვა პათოლოგიების დროს, როგორებიცაა ანთება, კისტა, აბსცესი, ჰემატომა, პარაზიტული ინვაზია (მაგალითად ექინოკოკოზი). შემთხვევათა უმეტესობაში ამ მანიპულაციების წყალობით თავიდან ვირიდებთ ოპერაციის ჩატარების საჭიროებას.
ქირურგიის ერვონული ცენტრის ექიმი - რადიოლოგი  ვასილ გერგედავა:
სადიაგნოსტიკო თუ სამკურანლო პროცედურები ძირითადად ტარდება კტ, ულტრაბგერითი ან უფრო ხშირად ორივეს კონტროლით. ზოგიერთ შემთხვევაში, თუმცა, ძალიან იშვიათად, როდესაც რბილი ქსოვილების გამოკვლევა გვჭირდება (ზედა ან ქვედა კიდურების შემთხვევაში) მაგნიტურ რეზონანსულ ტომოგრაფიასაც ვიყენებთ.

თქვენთვის პრობლემატურ, ნებისმიერ საკითხზე კონსულტაციის მიზნით შეგიძლიათ დაუკავშირდეთ:


რა აინტერესებთ პაციენტებს

იხილეთ ვრცლად