შაქრიანი დიაბეტი ქრონიკული და საკმაოდ გავრცელებული დაავადებაა, რომლის დროსაც დარღვეულია ორგანიზმში გლუკოზის ცვლა.
აღნიშნულ დარღვევებს საფუძვლად უდევს ჰორმონ ინსულინის დეფიციტი ან მისი მოქმედების მექანიზმის დარღვევა.
ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტი შაქრიანი დიაბეტის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სახეობაა. მას ახასიათებს როგორც ინსულინის სიჭარბე და ინსულინრეზისტენტობა, ისე ინსულინის დეფიციტი, რომელიც დროთა განმავლობაში ღრმავდება.
აღსანიშნავია, რომ სავსებით შესაძლებელია ეს დაავადება წლების განმავლობაში ფარულად, უსიმპტომოდ მიმდინარეობდეს და პირველად, გართულებების სახით გამოვლინდეს. ამიტომ აუცილებელია პერიოდული სკრინინგული კვლევების ჩატარება, განსაკუთრებით რისკ-ფაქტორების არსებობის შემთხვევაში. სკრინინგის შედეგად ადრეულ ეტაპზე მიმდინარე დარღვევების აღმოჩენისას, შესაძლებელია დაავადების პროგრესირების პრევენცია.
დაავადებულთა რაოდენობა დღითი დღე იზრდება. თუ 2013 წელს მსოფლიოში აღირიცხებოდა დაახლოებით 380 მილიონი დაავადებული, 2035 წლისთვის ექსპერტები ვარაუდობენ, რომ რაოდენობა 590 მილიონს მიაღწევს.
მსოფლიოში შაქრიანი დიაბეტის ერთგვარი ეპიდემია დაკავშირებულია არაჯანსაღ კვებასთან, მჯდომარე ცხოვრების წესთან, ჭარბ წონასა და სიმსუქნესთან. შაქრიანი დიაბეტით ავადობის გახშირება ძირითადად მე-2 ტიპით დაავადებულთა ხარჯზე ხდება.
დიაბეტის შესახებ გვესაუბრება ქირურგიის ეროვნული ცენტრის კლინიკა „ახალი სიცოცხლის“ ენდოკრინოლოგი ნინო აბესაძე.
„შაქრიანი დიაბეტის კლასიფიკაციაში გამოყოფილია 4 ტიპის დიაბეტი: ტიპი 1, ტიპი 2, გესტაციური, ანუ ორსულთა დიაბეტი და სპეციფიკური დიაბეტი. დიაბეტი ტიპი 1 აუტოიმუნური დაავადებაა. ის მეტად ახალგაზრდა ასაკში იჩენს თავს, თუმცა იშვიათად 35 წელს გადაცილებულ მოზრდილებშიც გვხვდება. დაავადების გამოვლენის პიკი ემთხვევა პუბერტატულ, ანუ მომწიფების ასაკს. ამ დროს კუჭქვეშა ჯირკვალი – პანკრეასი ვერ გამოყოფს საკმარის ინსულინს და საჭიროა ორგანიზმისთვის მისი გარედან მიწოდება. შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2-ის დროს დარღვეული ნივთიერებათა ცვლის მიზეზები მეტად კომბინირებულია. პათოგენეზი განსხვავდება ტიპი 1 დიაბეტისგან. აქ გვხვდება როგორც ინსულინრეზისტენტობა და ინსულინის სიჭარბე, ისე მისი დეფიციტი“, – აცხადებს ქალბატონი ნინო.
– რა ასაკის ადამიანები ავადობენ?
– დიაბეტი ტიპი 2-ით დაავადებულ ადამიანთა უმრავლესობა 40-60 წლის ფარგლებშია. მისი სიხშირე ასაკის მატებასთან ერთად იზრდება. დღესდღეობით ბავშვებსა და მოზარდებშიც გახშირდა გამოვლენა, თუმცა მაინც ბევრად იშვიათად გვხვდება, ვიდრე მოზრდილებში. მსოფლიოში დიაბეტით დაავადებულთა დაახლოებით 90%–ს აქვს მე–2 ტიპის დიაბეტი.
– რას გვეტყვით გამომწვევ მიზეზებზე?
– შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2 არის დაავადება, რომლის დროსაც ნივთიერებათა ცვლის მოშლის გამო სისხლში ნორმაზე მეტია გლუკოზის რაოდენობა. ამის მიზეზია როგორც ინსულინის დეფიციტი, ისე ქსოვილების ინსულინისადმი რეზისტენტობა.
ინსულინრეზისტენტობა ნიშნავს, რომ უჯრედები უარს ამბობენ ინსულინთან დაკავშირებაზე და გლუკოზის, ანუ შაქრის უტილიზებაზე – მიღებასა და გადამუშავებაზე.
ადამიანს საკვები სჭირდება როგორც ენერგიის წყარო. ორგანიზმში ენერგიის წარმოქმნა და ხარჯვა მიმდინარეობს უწყვეტად. უჯრედებში კი ენერგიის ძირითადი წყარო, ანუ ნივთიერება, რომელიც ენერგიის გამომუშავებისთვის საუკეთესო საწვავია, გლუკოზაა.
მიღებული საკვების დანიშნულებაა შევიდეს უჯრედში გლუკოზის სახით. უჯრედებში მის შესვლას კი უზრუნველყოფს პანკრეასის მიერ გამოყოფილი ჰორმონი ინსულინი. ინსულინის დეფიციტი ან მისი მოქმედების მექანიზმის დარღვევა (მისდამი რეზისტენტობა) განაპირობებს გლუკოზის უჯრედებში შესვლისთვის გზის ჩაკეტვას და შესაბამისად, მის დიდი რაოდენობით ცირკულირებას სისხლში.
მაგალითად, როდესაც ადამიანი იკვებება ჭარბი კალორიებით, იღებს იმაზე მეტს, ვიდრე ორგანიზმს ეს რეალურად სჭირდება. ორგანიზმი იწყებს უარის თქმას ზედმეტ გლუკოზაზე და ყალიბდება ინსულინრეზისტენტობა, რაც საბოლოოდ არანამკურნალებ შემთხვევებში, დიაბეტ ტიპ 2-ის წინაპირობად იქცევა.
სისხლში ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში არსებული გლუკოზის მაღალი დონე საკმაოდ ტოქსიკურია და იწვევს ორგანოების შეუქცევად დაზიანებას.
სინამდვილეში ეს მექანიზმი გაცილებით რთულია, თუმცა დაახლოებით წარმოდგენას შეგიქმნით, რომ სწორედ იმაზე მეტი კალორიის მიღება, ვიდრე ვხარჯავთ საკვანძო მომენტია თავიდან ინსულინრეზისტენტობისა და შემდგომ უკვე შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2–ის ჩამოყალიბებაში, მეტად იმ პირებში, ვისაც გარკვეული რისკ–ფაქტორები აქვთ.
– რას გვეტყვით რისკ–ჯგუფების შესახებ, ვინ არის დაავადების განვითარების საფრთხის ქვეშ?
– დაავადების განვითარების რისკ-ჯგუფებია:
- ასაკი > 40 წელზე;
- სქესი - მამრობითი;
- ჭარბი წონა ან სიმსუქნე;
- შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2-ით დაავადებული პირველი რიგის სისხლით ნათესავი (და, ძმა, დედა, მამა, შვილი);
- წარსულში დიაგნოსტირებული გესტაციური, ანუ ორსულთა დიაბეტი ან 4 კგ და მეტი ნაყოფით მშობიარობა;
- არტერიული ჰიპერტენზია;
- მჯდომარე ცხოვრების წესი;
- დისლიპიდემია;
- პოლიცისტური საკვერცხის სინდრომი.
2 და მეტი რისკ-ფაქტორის მქონე ყველა ადამიანმა, გარკვეული პერიოდულობით, აუცილებლად უნდა ჩაიტაროს პროფილაქტიკური გამოკვლევები შაქრიანი დიაბეტის ან პრედიაბეტური მდგომარეობის გამოსარიცხად!
– აქვს თუ არა ამ დაავადებას კავშირი გენეტიკასთან?
– შეიძლება გაგიჩნდეთ კითხვა თუ რატომ არ ემართება სიმსუქნით დაავადებულ ყველა ადამიანს მე-2 ტიპის დიაბეტი. პასუხი მარტივია და ამავე დროს ჯერ კიდევ ბოლომდე შეუსწავლელი. ყველა ორგანიზმი განსხვავებულია. დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენს გენეტიკას, მემკვიდრულ წინასწარგანწყობას. ის, რაც დნმ-შია კოდირებული, ინახავს ინფორმაციას როგორც ჩვენი თმისა და თვალის ფერზე, ისე იმაზე თუ რა დაავადებების რისკის მატარებლები ვართ.
გენეტიკურ დონეზე არსებულ დეფექტს ხელს ვუწყობთ, რომ გამოვლინდეს არაჯანსაღი ცხოვრების წესით, მაგალითად, კვებით, უძილობით, სტრესით, ფიზიკური აქტივობის მინიმუმამდე დაყვანით.
ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ პირველი რიგის ნათესავებში გამოვლენილი, სწორედ გვიან დაწყებული ე.წ. შეძენილი დიაბეტია მნიშვნელოვანი რისკ-ფაქტორი!
ერთი ოჯახის ფარგლებში დიაბეტი ტიპი 2-ის გამოვლენა უფრო ხშირია, ვიდრე დიაბეტი ტიპი 1-ის. მეცნიერები დიდი ხანია მუშაობენ იმ გენების აღმოჩენაზე, რომელთა მუტაციაც შესაძლოა ტიპი 2 შაქრიან დიაბეტთან იყოს კავშირში. მართლაც გამოვლენილია რამდენიმე ასეთი გენი, თუმცა მათი დეფექტი მხოლოდ დიაბეტისადმი წინასწარგანწყობას განაპირობებს. დაავადების განვითარებაში კი გარემო ფაქტორებიც მონაწილეობს. ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, განსხვავებულ ნაწლავურ ფლორასაც კი შეუძლია დიაბეტის განვითარების პროვოცირება!
თუ ერთ მშობელს აქვს შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2, ბავშვს აქვს 14% რისკი, რომ მომავალში დაემართოს იგივე დაავადება, ხოლო თუ ორივე მშობელი დაავადებულია, შვილის ავადობის შანსი 50%-ს უტოლდება. ფაქტია, რომ ზუსტი და ერთი კონკრეტული გამომწვევი მიზეზი იდენტიფიცირებული არ არის. მიზეზი მულტიფაქტორულია.
– როგორია დიაბეტი ტიპი 2–თვის დამახასიათებელი სიმპტომები და ნიშნები?
– დიაბეტი ტიპი 2 შესაძლებელია წლების განმავლობაში, ათწლეულებიც კი უსიმპტომოდ მიმდინარეობდეს ან ისეთი მსუბუქი სიმპტომატიკა ჰქონდეს, პაციენტმა ყურადღებაც არ მიაქციოს. ამიტომ სასურველია რისკ-ფაქტორების მქონე პირების სკრინინგი, როგორც ეს განვითარებულ ქვეყნებშია მოწოდებული. სიმპტომები საკმაოდ მრავალფეროვანია და შეიძლება მოიცავდეს ნებისმიერი ორგანოთა სისტემის დაზიანების ნიშნებს. აღსანიშნავია: გაძლიერებული წყურვილი, პირის სიმშრალე, ხშირი შარდვა, გაძლიერებული მადა, შიმშილის აუტანლობა, წონის უმიზეზო კლება, წონის მატება, დაღლილობა, საერთო სისუსტე, კანისა და შარდ-სასქესო სისტემის ხშირი ინფექციები.
– შესაძლებელია თუ არა ამ ტიპის დიაბეტის პრევენცია და რა ღონისძიებებით?
– ტიპი 2 დიაბეტის განვითარება ტიპი 1-სგან განსხვავებით ძალიან დამოკიდებულია გარემო ფაქტორებზე, ამიტომ შესაძლებელია მისი პრევენცია და პროგრესირების შეჩერება პრედიაბეტის, ინსულინრეზისტენტობის ეტაპზე.
ვინც დაბალანსებულად იკვებება, არ მიირთმევს სწრაფი კვების პროდუქტებს, ტრანს-ცხიმებს, ადვილად ათვისებად ნახშირწყლებს, ანუ ტკბილეულს, დაკავებულია სპორტით ან რაიმე ტიპის ფიზიკური აქტივობით, თუნდაც ყოველდღე 30 წუთით სწრაფი სიარულით – ფაქტობრივად აკეთებს დაავადების განვითარების პრევენციას. პრედიაბეტის შემთხვევაში ან დაავადების ჩამოყალიბების მაღალი რისკის მქონე პირებში შესაძლოა ცხოვრების წესის მოდიფიკაციასთან ერთად საჭიროდ ჩაითვალოს პრევენციული მედიკამენტური თერაპიაც.
– იკურნება თუ არა დიაბეტი ტიპი 2?
– შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2 დღესდღეობით განკურნებადი არ არის, თუმცა მართვადია. თუ დიაგნოსტირება მოხდა ეს ნიშნავს, რომ გვჭირდება ამ დაავადებასთან კეთილგანწყობილი თანაცხოვრება. დიდი ალბათობით საჭირო იქნება მუდმივი კონტროლი და მკურნალობა. მთავარია პაციენტი იყოს დაავადების შესახებ ინფორმირებული და სრული სიცხადით ესმოდეს რა გართულებების რისკები აქვს. შეიძლება პაციენტს ეგონოს, რომ სისხლში გლუკოზის მაღალი დონე არაფერს უშავებს, რადგან თავს კარგად გრძნობს. რეალურად კი ამ დროს ორგანიზმში შეუქცევადი პროცესები მიმდინარეობს – ნელ-ნელა ზიანდება ყველა ორგანო და სისტემა - მეტად ნერვული და გულსისხლძარღვთა, ყალიბდება გართულებები: დიაბეტური რეტინოპათია, ანგიოპათია, ნეიროპათია, ნეფროპათია. ამ გართულებათა მკურნალობა გვიან ეტაპზე დიდ სირთულებთანაა დაკავშირებული და აუცილებელია დროული პრევენცია.
– კლინიკა „ახალი სიცოცხლე“ და დიაბეტი ტიპი 2–ის მკურნალობა. როგორ ხდება დაავადების დიაგნოსტირება, მკურნალობა, მართვა კლინიკაში?
– კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“ დიაბეტის დიაგნოსტირებას და მკურნალობას ვახორციელებთ საერთაშორისო რეკომენდაციების გათვალისწინებით. დღეს მედიცინა მტკიცებულებებზეა დაფუძნებული და ნებისმიერი სახის მკურნალობა, რაციონალურად და უსაფრთხოდ რომ ჩაითვალოს, მრავალ კვლევას და ეტაპს გადის. ჩვენ, როგორც თანამედროვე მსოფლიოს ნაწილი, ვცდილობთ პაციენტებს შევთავაზოთ მკურნალობის ინოვაციური მეთოდები და არსებული ვარიანტებიდან ინდივიდუალურად, ყველა საჭირო მონაცემის გათვალისწინებით, საუკეთესო ავარჩიოთ.
ვცდილობთ, ყველა პაციენტს მოვარგოთ და ავუხსნათ ინდივიდუალური, ჯანსაღი კვების რაციონი, ვასწავლოთ როგორ მოუარონ დაავადებას და მართონ ის. აუცილებელია ექიმისა და პაციენტის გუნდური მუშაობა, მჭიდრო კონტაქტი, რათა დაავადება იყოს კონტროლირებადი და თავიდან იქნეს აცილებული გართულებები, რაც თანამედროვე მიდგომებით და პაციენტის მზაობის შემთხვევაში, სავსებით შესაძლებელია.
კლინიკა „ახალი სიცოცხლის“ მისამართი: ქალაქი თბილისი, დიღომი, ლუბლიანას ქუჩა N21ა.
კლინიკა „ახალ სიცოცხლეს“ შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ქოლ–ცენტრის დახმარებით ნომერზე 577 059900.
თქვენთვის პრობლემურ, ნებისმიერ საკითხზე, კონსულტაციის მიზნით, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კლინიკა „ახალი სიცოცხლის“ ენდოკრინოლოგს ნინო აბესაძეს ნომერზე 599 44 08 03.
გისურვებთ ჯანმრთელობას!