ქირურგიის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელები მიიწვიეს ღონისძიებაზე, რომელიც საქართველოში „ანტიმიკრობულ რეზისტენტობას“ ეძღვნება

ქირურგიის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელები მიიწვიეს ღონისძიებაზე, რომელიც საქართველოში „ანტიმიკრობულ რეზისტენტობას“ ეძღვნება

2 ოქტომბერს, სასტუმრო Radisson Blu Iveria-ში „ანტიმიკრობული რეზისტენტობის“ შესახებ შემაჯამებელი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

ღონისძიებას სახელწოდებით „ანტიმიკრობული რეზისტენტობა საქართველოში“ ესწრებოდნენ ქირურგიის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელები, კერძოდ:

  • კომპანია „ავერსის“ დამფუძნებელი პაატა კურტანიძე;
  • ქირურგიის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ლაშა ბაზაძე;
  • ქირურგიის ეროვნული ცენტრის კლინიკური დირექტორი ნიკოლოზ ჩადუნელი;
  • ქირურგიის ეროვნული ცენტრის კლინიკა „ახალი სიცოცხლის“ დირექტორი ზვიად მარტიაშვილი;
  • ქირურგიის ეროვნული ცენტრის კლინიკა „ახალი სიცოცხლის“ კლინიკური მენეჯერი ნინო გასვიანი.

პრეზენტაციაზე ასევე მიწვეულნი იყვნენ კლინიკის ექიმები და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები.

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მხარდაჭერით კომპანია „ავერსისა“ და სამედიცინო კორპორაცია „ევექსისთვის“ ჩამოყალიბდა პროექტი, რომელიც ანტიმიკრობული რეზისტენციის მიმართულებით ტრენინგებსა და სამუშაო შეხვედრებს, სამოქმედო გეგმის დასახვას ითვალისწინებს. პროექტის ფარგლებში შეფასდა კლინიკებში კლინიკური მიკრობიოლოგიისა და ინფექციების მიმართულებით არსებული ვითარება და აღნიშნული მასშტაბური ღონისძიებაც სწორედ ანტიმიკრობული საშუალებების მიმართ მიკროორგანიზმების რეზისტენტობის შესახებ შემაჯამებელ სამუშაო შეხვედრასა და დასკვნით პრეზენტაციებს ეძღვნებოდა.

ღონისძიების მთავარი მომხსენებელი გახლდათ დიდი ბრიტანეთის სამეცნიერო ცენტრის Academic Health Science Partnership–ისა და დანდის საჯარო კვლევითი უნივერსიტეტის პროფესორი დილიფ ნათვანი. ბატონი ნათვანის მოხსენება მიკრობთა რეზისტენტობის საწინააღმდეგო პროგრამის შესახებ ზოგად მიმოხილვას, შეხვედრის ძირითად აქცენტებსა და სამომავლო სტრატეგიას ეძღვნებოდა.

მკითხველს შევახსენებთ, რომ პროგრამის ფარგლებში ბატონი ნათვანი რამდენიმე თვის წინ ქირურგიის ეროვნულ ცენტრს სტუმრობდა და პრეზენტაცია ჩაატარა. პროფესორმა პრეზენტაციაზე კლინიკებში ანტიმიკრობული მართვის ხარისხის გაუმჯობესების მნიშვნელობაზე ისაუბრა, მიმოიხილა ადამიანებში ანტიბიოტიკური რეზისტენტობის წინასწარგანწყობის მაჩვენებელი, აქცენტი გააკეთა ანტიბიოტიკური რეზისტენტობის საწინააღმდეგო ღონისძიებებზე და სხვა.

როგორც პროფესორმა ქირურგიის ეროვნულ ცენტრში გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა, ანტიმიკრობული სტრატეგია ეფუძნება შემდეგს:

  • ინფექციურ დაავადებათა სამკურნალო ღონისძიებათა გაუმჯობესება;
  • ქირურგიული ოპერაციებისას ინფექციების გავრცელების რისკის შემცირება;
  • დაავადებებისა და სიკვდილიანობის რიცხვის მინიმუმამდე დაყვანა;
  • პაციენტთა უსაფრთხოებაზე ზრუნვა;
  • ანტიბიოტიკებზე რეზისტენტული ინფექციების მკურნალობა ფინანსურად დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული. პროგრამის მიზანი კი ისაა, რომ მაღალი ხარისხის შენარჩუნების ფონზე ჯანდაცვის ხარჯები უკონტროლოდ არ გაიზარდოს. სტუმრებს საშუალება ჰქონდათ კონკრეტული კლინიკის მაგალითზე ეხილათ, თუ ეს პროგრამა რამდენად ეფექტურად მუშაობს და რომ ანტიმიკრობული სტრატეგიის გაუმჯობესება დიდი თანხის გაღების გარეშეც შეიძლება.

ამასთან, მაგალითად მოიყვანა მეტა–ანალიზი, რომელიც 77 სხვადასხვა კვლევას მიმოიხილავდა და გამოვლინდა შემდეგი:

  • 91%–ში შემცირდა ანტიბიოტიკების გამოყენების მაჩვენებელი;
  • 100%–ში მოხერხდა ფინანსური დანაზოგის მიღება;
  • ანტიბიოტიკური თერაპიის ხანგრძლივობა 6 ნაშრომში შემცირებული იყო.

რას ნიშნავს „ანტიმიკრობული რეზისტენტობა“?

ანტიმიკრობული რეზისტენტობა გულისხმობს იმას, რომ ანტიმიკრობული პრეპარატის მიმართ მიკროორგანიზმი მდგრადი გახდა, ანუ პრეპარატი, რომელიც თავდაპირველად ეფექტური იყო მიკროორგანიზმის მიერ გამოწვეული ინფექციის სამკურნალოდ, დღეს სასურველ შედეგს ვეღარ იძლევა.

რასაკვირველია, ანტიბიოტიკების აღმოჩენით ექიმებმა ბევრი ისეთი დაავადების განკურნება შეძლეს, რომლის გამოც წლების წინ ადამიანები იღუპებოდნენ, მაგრამ ამჟამად ბაქტერიების, სოკოების, ვირუსებისა თუ პარაზიტების ბრძოლისუნარიანობის გაზრდის და ხშირ შემთხვევაში რეზისტენტულობის გამო ბევრი ანტიმიკრობული პრეპარატი შესაძლოა უსარგებლო საშუალებად იქცეს.

ანტიმიკრობული პრეპარატის დანიშვნამდე აუცილებელია ბაქტერიოლოგიური გამოკვლევები, რაც მკურნალობის სწორი კურსის შერჩევისა და ანტიმიკრობული პრეპარატის მიმართ რეზისტენტული შტამების ფორმირების პრევენციის ეფექტური საშუალებაა.

ანტიმიკრობულ პროგრამაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს ლაბორატორია.

აღსანიშნავია, რომ მიკრობთა რეზისტენტობა თანამედროვე მსოფლიოს სერიოზულ საფრთხეს უქმნის.

ყველა პაციენტმა უნდა გაითავისოს შემდეგი:

  • ანტიმიკრობული პრეპარატის მიღება დასაშვებია მხოლოდ ექიმის დანიშნულებით;
  • ანტიბიოტიკოთერაპიის (ანტიმიკრობული პრეპარატებით მკურნალობა) კურსის შეწყვეტა დაუშვებელია თვითნებურად;
  • მკაცრად უნდა დაიცვათ ექიმის მიერ დანიშნული დოზა და ანტიმიკრობული პრეპარატის მიღების სიხშირე. 

გისურვებთ ჯანმრთელობას!