საშვილოსნოს არტერიის ცრუ ანევრიზმა

საშვილოსნოს არტერიის ცრუ ანევრიზმა

სისხლძარღვთა ქირურგიის განუსაზღვრელი შესაძლებლობები

სტატიაში გაეცნობით შემდეგ ინფორმაციას:

საშვილოსნოს არტერიის ცრუ ანევრიზმა, საკმაოდ იშვიათი პათოლოგიაა და იგი ფსევდოანევრიზმად მოიხსენიება. მისი განვითარების ერთ-ერთი მიზეზია რთული ფიზიოლოგიური მშობიარობა, ტრავმული საკეისრო კვეთა.

33 წლის პაციენტი მწვავე ჩივილებით (საშოდან ძლიერი სისხლდენა, ტკივილი მენჯში, ძლიერი ზოგადი სისუსტე) მოთავსდა გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტში, მდგომარეობა საყურადღებო იყო. მისი გადმოცემით, ბოლო რამოდენიმე  თვის განმავლობაში, პერიოდულად  აღენიშნებოდა საშოდან სისხლდენა კოლტებით. შეფასდა ვიტალური მაჩვენებლები, ავიყვანეთ მონიტორულ დაკვირვებაზე. ჩატარებული კვლევების საფუძველზე დაესვა ბუშტნამქერის დიაგნოზი, ჩატარდა ჰისტეროსკოპია და ენდომეტრიუმის ჰისტეროსკოპიული ამოკვეთა, თუმცა, პერიოდულად სისხლდენა კვლავ გრძელდებოდა, რის გამოც დამატებით ჩაუტარდა ქვემო კიდურების ვენების დუპლექსსკანირება და  მცირე მენჯის კომპიუტერული ტომოგრაფია. კლინიკური კვლევების შედეგად გამოვლინდა საშვილოსნოს არტერიის დიდი ზომის ცრუ ანევრიზმა. შემდგომი მკურნალობის მიზნით, პაციენტი მოთავსდა საოპერაციო  ბლოკში, სადაც ქირურგიულ მკურნალობას მართავდა ენდოვასკულური, სისხლძარღვთა და რეკონსტრუქციული ქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიორგი ჯინჭველაძე.

არტერიული ემბოლიზაცია

პაციენტს ჩაუტარდა მენჯის სელექტიური სუბტრაქციული ანგიოგრაფია და საშვილოსნოს არტერიის ანევრიზმის ტრანსკათეტერული არტერიული ემბოლიზაცია, რომელიც ენდოვასკულური მკურნალობის ოქროს სტანდარტია, რადგან ის არაინვაზიური, უსაფრთხო და მეტად ეფექტურია.

ამ მეთოდის მედიცინის სფეროში დანერგვამდე, საშვილოსნოს არტერიის ცრუ ანევრიზმის დროს ტარდებოდა ღია ჩარევა, რომელიც დაკავშირებული იყო სისხლის დიდ დანაკარგთან, ტრავმატიზმთან, ხანგრძლივ ზოგად ანესთეზიასთან. გარდა ამისა, მენჯის დისექციამ შეიძლება, გამოიწვიოს ოპერაციის შემდგომი ადჰეზია (შეზრდა, შეხორცება). მართალია, ენდოვასკულური მიდგომა ბევრად უსაფრთხოა, თუმცა ღია ქირურგიული ჩარევა ნაჩვენებია იმ შემთხვევებში, როდესაც არსებობს გარკვეული უკუჩვენებები ამგვარი ტექნიკის გამოყენებისთვის, თუმცა უკუჩვენება ძალიან იშვიათია.

ოპერაციისშემდგომი მდგომარეობის შეფასების მიზნით და სისხლძარღვების სრული ოკლუზიის გამოსარიცხად პაციენტს ჩაუტარდა ემბოლიზაციის შემდგომი ანგიოგრაფიული და კომპიუტერული კვლევა, ადრეულ პოსტოპერაციულ პერიოდში და ოპერაციიდან 2 თვეში, რის შედეგადაც, პათოლოგია აღარ გამოვლინდა.

პაციენტის მდგომარეობა დინამიკაში დამაკმაყოფილებელი იყო; შესაბამისი სამკურნალო რეკომენდაციებისა და დანიშნულების მიცემის შემდეგ კი, იგი გაეწერა ბინაზე.

სისხლძარღვთა ქირურგია, როგორც ქირურგიის ეროვნული ცენტრის ფლაგმანი

1960 წელს, ქირურგიის ეროვნული ცენტრის ბაზაზე ჩაეყარა საფუძველი საქართველოში სისხლძარღვთა ქირურგიის განვითარებას. აქედან გამომდინარე,  სისხლძარღვთა, პლასტიკური და რეკონსტრუქციული  ქირურგიის დეპარტამენტს ფრიად შთამბეჭდავი წარსული აქვს.

ანგიოქირურგთა წარმატების ერთ-ერთი განმსაზღვრელი ფაქტორია ის, რომ ისინი სრულად ფლობენ ულტრათანამედროვე აპარატურის არსენალს, კლინიკა აღჭურვილია თანამედროვე იაპონური წარმოების ანგიოგრაფით − Shimadzu Trinias B12, რომელიც შესაძლებლობას იძლევა, კომპლექსურად იქნეს აღმოფხვრილი ისეთი ურთულესი პათოლოგიები, რაც ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინ დაუძლევლად ითვლებოდა.

გისურვებთ ჯანმრთელობას!


რა აინტერესებთ პაციენტებს

იხილეთ ვრცლად