ქირურგიის ეროვნულ ცენტრში რეზიდენტურის (დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლება) სამსახური ფუნქციობს.
ნიუსში გაეცნობით შემდეგ ინფორმაციას:
კლინიკის რეზიდენტურის სამსახური შექმნილია სამედიცინო განათლების, პროფესიული მზადების მიზნით და მისი ძირითადი დანიშნულებაა:
- დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლებისა და უწყვეტი პროფესიული პროგრამების წარმატებული წარმართვა;
- თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი კომპეტენციის მქონე, კონკურენტუნარიანი სპეციალისტების მომზადება;
- სამედიცინო და პედაგოგიური პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლება;
- საერთაშორისო სამედიცინო პროგრამებში ჩართვა – საერთაშორისო სამეცნიერო და საგანმანათლებლო პრაქტიკის, ცოდნის ინტეგრაცია;
- საგანმანათლებლო, სამეცნიერო, კვალიფიკაციის ასამაღლებელ და შემეცნებით ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება და სხვა.
რეზიდენტები გადიან როგორც თეორიულ კურსს, ისე იძენენ კლინიკაში მუშაობის პრაქტიკულ გამოცდილებას, საექიმო უნარ–ჩვევებს.
რეზიდენტები ყოველ კვირას წარმოადგენენ ნაშრომებს სარეზიდენტო საბჭოს წინაშე.
ღონისძიების შესახებ
დღეს მომხსენებლები გახლდნენ მომავალი ექიმები, რომლებიც რეზიდენტურის კურსს გადიან რადიოლოგიაში, კარდიოლოგიასა და ჰემატოლოგიაში.
ნაშრომებს აფასებდნენ კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე თეა გამეზარდაშვილი და რეზიდენტურის სამსახურის კოორდინატორი ნანა ნიკოლაიშვილი.
რეზიდენტებმა მიმოიხილეს კლინიკური შემთხვევა, ისაუბრეს დაავადების, სიმპტომებისა და მკურნალობის მეთოდების შესახებ, წარმოადგინეს ფოტომასალა.
რადიოლოგიის რეზიდენტის გიორგი ლომიძის მოხსენება ფიბროზულ დისპლაზიას ეძღვნებოდა.
ფიბროზული დისპლაზია არანეოპლასტიური, ნელა მზარდი, სიმსივნის მსგავსი თანდაყოლილი პროცესია და ხასიათდება ოსტეობლასტური მომწიფებისა და დიფერენციაციის დეფექტით.
ძვლის ნორმალური ქსოვილი ჩანაცვლებულია ფიბროზული სტრომით და მასში გაბნეული უმწიფარი, არასათანადოდ ორიენტირებული ძვლოვანი ჩანართებით.
ბატონმა გიორგიმ ისაუბრა დაავადების კლინიკური ფორმების შესახებ და განაცხადა, რომ მათგან ყველაზე ხშირი მონოსტოტური ფორმაა, რომელიც შემთხვევათა 70–80%–ს მოიცავს.
თვალსაჩინოებისთვის წარმოადგინა ფიბროზული დისპლაზიის გულმკერდის რენტგენოლოგიური კლასიკური სურათი მარჯვენა მე–4 ნეკნის დორსალური ნაწილის დაზიანებით.
ისაუბრა ფიბროზული დისპლაზიის კლინიკური მართვის შესახებ:
- ასიმპტომურის დროს რეკომენდებულია დაკვირვება რადიოგრაფიული კონტროლით ყოველ 6 თვეში ერთხელ;
- პოლისტოტური ფორმისას ერთვება ენდოკრინოლოგი და საჭიროა სისტემური დარღვევების კონტროლი;
- პოლისტოტური ფორმის სიმპტომურ პაციენტებში ბიფოსფონატები რეკომენდებულია ტკივილის შემცირების მიზნით.
დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების კურსს რადიოლოგიაში გადის მამუკა ზეინკლიშვილი, რომლის პრეზენტაციაც კიუმელის ტრავმულ სპონდილიტს ეძღვნებოდა.
პათოლოგია განხილული იყო კლინიკური შემთხვევის მაგალითზე.
კიუმელის დაავადება ხერხემლის პათოლოგიაა, რომელიც ერთ–ერთი მალის სოლისებრი დეფორმაციითა და ლოკალური ტკივილით ვლინდება. ასეპტიკური ნეკროზი უფრო ხშირად ხერხემლის მალების გულმკერდის ნაწილში ფიქსირდება.
დაავადების მიმდინარეობა მოიცავს სამ სტადიას:
ბატონი მამუკას თქმით, ძირითადად, ახალგაზრდა და შუახნის ასაკის მამაკაცების დაავადებაა, რომლის დიაგნოსტირებისთვისაც ანამნეზის შეგროვება და კვლევის აპარატურული მეთოდებია საჭირო.
ლიკა ახვლედიანი კარდიოლოგიის დეპარტამენტის რეზიდენტია და მან H1N1 გრიპზე ისაუბრა.
როგორც ქალბატონმა ლიკამ განაცხადა, თავდაპირველად, ახალ გამოვლენილ ვირუსს „ღორის გრიპის ვირუსს“ უწოდებდნენ მისი მსგავსების გამო ჩრდილოეთ ამერიკაში გავრცელებულ ღორის ჯიშებში იდენტიფიცირებულ ვირუსთან, თუმცა შემდგომი კვლევებით დადგინდა ახალი სტამის „ოთხმაგი რეასორტაცია“, რაც ვირუსის გენომში ღორის, ფრინველისა და ადამიანში მოცირკულირე ვირუსის გენების არსებობას გულისხმობს.
განმარტა თუ რას ნიშნავს ანტიგენური ცვლა, ვინ შედის დაავადების გავრცელების რისკ–ჯგუფში, როგორია გრიპის ინკუბაციის პერიოდი, რა სიმპტომებით ხასიათდება, რა გზით დიაგნოსტირდება და რა მეთოდებითაა შესაძლებელი მკურნალობა. ისაუბრა პრევენციის საშუალებებზეც და ვაქცინაციის მნიშვნელობაზე.
სტუმრებს წარუდგინა 2009 წლის დაავადების სტატისტიკა და მათ შორის საქართველოში ავადობის მაჩვენებელი.
გრიპის ვირუსი (H1N1) არის გრიპი A ვირუსის ქვეტიპი, რომელიც 2009 წელს ინფიცირების წყაროდ იქცა და საგულისხმოა მისი ასოცირება 1918 წლის ეპიდემიასთან, რომელიც სამედიცინო საზოგადოებაში ცნობილია ესპანური გრიპის სახელწოდებით და დაავადებამ უამრავი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.
რეზიდენტმა ამ ეპიდემიაზეც ისაუბრა და პრეზენტაციაზე წარადგინა რეალური კადრები, სადაც ნათლაც ჩანდა თუ რა საფრთხის წინაზე იდგა 1918 წელს მსოფლიო და თუ როგორ იცავდა თავს ვირუსისგან სამედიცინო პერსონალი, ყველა დიდი დაწესებულება რატომ იყო გადაქცეული ამბულატორიად თუ სტაციონარად.
ღონისძიების ბოლო მომხსენებელი გახლდათ ჰემატოლოგიური დეპარტამენტის რეზიდენტი ქეთევან სიბაშვილი და მისი პრეზენტაცია ამ დროის მონაცემებით, ყველაზე აქტუალურ სამედიცინო თემას კორონავირუსს ეძღვნებოდა.
მსოფლიო მედიის განსაკუთრებული ყურადღება ჩინეთის ქალაქ უხანისკენაა მიპყრობილი, რომელიც ინფექციის გავრცელების კერას წარმოადგენს და სადაც ვირუსის პირველი შემთხვევა გამოვლინდა. არაერთი ფოტო და ვიდეო მასალა გავრცელდა კარანტინში მყოფი ქალაქის შესახებ.
ქალბატონმა ქეთევანმა ვირუსის კლასიფიკაციასა და სიმპტომებზე ისაუბრა.
იგი ხასიათდება რესპირატორული ნიშნებით, მძიმე შემთხვევებში ინფექცია იწვევს პნევმონიას, მწვავე რესპირატორულ სინდრომს, თირკმლის უკმარისობას – 1000–ზე მეტი კლინიკური შემთხვევა ფატალურად დასრულდა.
როგორც ქალბატონმა ქეთევანმა განმარტა, კორონავირუსები ვირუსების დიდ ოჯახს წარმოადგენს, რომელმაც წლების წინ 2 დიდი ეპიდემია უკვე გამოიწვია:
- Sars-Cov (2002 წელი, ჩინეთი; რეზერვუარი: ძაღლი და კატა);
- Mers-Middle East რესპირატორული სინდრომი (2012 წელი, საუდის არაბეთი; რეზერვუარი: აქლემი, ღამურა).
რეზიდენტმა პრეზენტაციაზე წარმოადგინა კორონავირუსით დაავადებული პაციენტის ფილტვის რენტგენოლოგიური გამოსახულება, ისაუბრა დიაგნოსტირებისა და დაავადების პრევენციის საშუალებებზე.
კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ რეზიდენტებს საინტერესო მოხსენებებისთვის მადლობა გადაუხადა.
გისურვებთ ჯანმრთელობას!