პირველ ოქტომბერს, სასტუმრო „თბილისი მერიოტის„ საკონფერენციო დარბაზში, კ. ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ფორუმი გაიმართა!
ღონისძიება ცენტრის დაარსებიდან 75-ე და აკადემიკოს კონსტანტინე ერისთავის 132-ე საიუბილეო თარიღს მიეძღვნა. შეხვედრის ფარგლებში, განხილვის მთავარი თემა გახლდათ - ონკოლოგიურ დაავადებათა დიაგნოსტირებისა და მკურნალობის თანამედროვე მეთოდები.
ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო, კონფერენციამ ჰიბრიდულ რეჟიმში ჩაიარა, როგორც შეზღუდული რაოდენობის დამსწრე საზოგადოების, ისე ონ-ლაინ „ზუმში“ ჩართული ადამიანების წინაშე. სამეცნიერო კონფერენციის ფარგლებში, სამედიცინო საზოგადოების წინაშე წარდგნენ მომხსენებლები შემდეგი თემებით:
- შორენა ესიაშვილი - „ციფრული პოზიტრონულ-ემისიური კომპიუტერული ტომოგრაფიით გამოვლენილი საინტერესო შემთხვევები“;
- ნატა მურუსიძე - „მოლეკულური ბიომარკერების როლი კოლორექტული კიბოს მკურნალობაში“;
- ნინო ხვიჩია - „მორფოლოგიური დიაგნოსტირების თანამედროვე ასპექტები“;
- მარინა ფაილოძე - „ზოგიერთი საკითხი ლეიომიომის ზრდა-განვითარების ჰისტოსტრუქტურულ თავისებურებებზე ლეიომიომით დაავადებულ ქალებში“
- ნუნუკა პერტია - „მრტ როლი და პრაქტიკული რეკომენდაციები ღვიძლის სიმსივნეების დიაგნოსტირებასა და სტადიურობის განსაზღვრაში“;
- ანა გოდელაშვილი - „თანამედროვე რადიოთერაპიის როლი ადგილობრივად გავრცელებულ ხორხის სიმსივნეების მკურნალობაში“;
- ლაშა გოგინაშვილი - „ბრაქითერაპიის როლი პროსტატის კიბოს მკურნალობაში“.
მომხსენებელთა შორის იყვნენ მეცნიერები და სხვადასხვა პროფილის პრაქტიკოსი ექიმები, რომელთაც შეკრებილ საზოგადოებას ონკოლოგიის თანამედროვე მიღწევები გააცნეს და ქირურგიის ეროვნული ცენტრის გამოცდილება გაუზიარეს.
ქირურგიის ეროვნული ცენტრის რიგით მე-6 სამეცნიერო კონფერენციამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რაოდენ მნიშვნელოვანია მსგავსი ტიპის ღონისძიებები მედიკოსებისა და პაციენტებისთვის, რომ ამ დაავადების დასამარცხებელი უმთავრესი იარაღი ცნობიერების ამაღლება და დროული პრევენციაა.
ქირურგიის ეროვნული ცენტრი გისურვებთ ჯანმრთელობას!