
PHILIPS INGENIA ELITION X
3.0 ტესლა ციფრული მრტ PHILIPS INGENIA ELITION X ქირურგიის ეროვნული ცენტრის „რევოლუციური ნახტომი“ დიაგნოსტირების ხარისხსა და სიჩქარეში!
ახალი მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფის შესაძლებლობები გაოცებას იწვევს
კონსტანტინე ერისთავის სახელობის ქირურგიის ეროვნული ცენტრი ტრადიციას არ ღალატობს და უახლესი, ბოლო თაობის უნიკალური აპარატურით კლინიკის აღჭურვას განაგრძობს. ამჯერად ის წარმოგვიდგენს მედიცინის ერთ-ერთ ბოლო მიღწევას , 3 ტესლა სიმძლავრის ციფრულ მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფს, რომელიც რევოლუციურ ნახტომად ითვლება დიაგნოსტირების ხარისხსა და სიჩქარეში. რით გამოირჩევა ის უწინდელი ანალოგებისგან და რა უპირატესობები გააჩნია?! ამ და სხვა საინტერესო სიახლეებზე ექიმი რადიოლოგი, კონსტანტინე ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული ქირურგიის ეროვნული ცენტრის რადიოლოგიური მიმართულებების ხელმძღვანელი, ბატონი თამაზ ჯაოშვილი საუბრობს.
- ქირურგიის ეროვნული ცენტრი ამჯერადაც არ ღალატობს თავის ტრადიციას და უახლესი თაობის, უნიკალური შესაძლებლობების ტექნიკური აღჭურვილობების შეძენას განაგრძობს. ერთ-ერთი ასეთია 3 ტესლა სიმძლავრის ციფრული მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფი - PHILIPS INGENIA ELITION X 3.0T.
ის ბოლო თაობის 3 ტესლა სიმძლავრის მრტ აპარატია და საკუთარი მახასიათებლებით ქართულ ბაზარზე მართლაც უკონკურენტოა! კომპანია „ფილიპსმა“ მედიცინის ამ ერთ-ერთ ბოლო მიღწევას, ყველაზე ძლიერ, სწრაფ 3 ტესლიან მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფს (მისი შესაძლებლობების გათვალისწინებით) შემდეგი დევიზი შეუსაბამა - „რევოლუციური ნახტომი დიაგნოსტირების ხარისხსა და სიჩქარეში!“
_ რა განასხვავებს მას აქამდე არსებულ მრტ აპარატებთან შედარებით და რა უპირატესობები გააჩნია?
_აღსანიშნავია, რომ მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია არის კვლევის სრულიად უსაფრთხო მეთოდი, რადგან ის არ არის დაფუძნებული მაიონიზირებელ ან რენტგენულ გამოსხივებაზე. მისი გამოყენება შესაძლებელია ყველა ასაკობრივ ჯგუფში, მათ შორის ორსულებში, მეორე ტრიმესტრიდან. უსაფრთხოების ფაქტორი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ონკოდაავადებულთათვის, რომელთაც ხშირად ესაჭიროებათ განმეორებითი რადიოლოგიური კვლევები.
3 ტესლა სიმძლავრის ციფრული მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფი - PHILIPS INGENIA ELITION X აღჭურვილია დამატებითი ოფციებით და რეჟიმებით, მათ შორის გახლავთ COMPRESSED SENSE, რომელიც მაქსიმალურად ამცირებს კვლევის ხანგრძლივობას გამოსახულების ხარისხის შეუცვლელად, საუბარია, საკვლევი დროის შემცირებაზე 40-50%-ით.
ხელოვნური ინტელექტი - VITAL Eye, ქამრის ნაცვლად სუნთქვას ლაზერების საშუალებით აკონტროლებს და გვაზღვევს მოძრაობით გამოწვეული არტეფაქტებისგან ( ე.წ. უხარისხო გამოსახულებისგან). მაგალითად, როცა საქმე მუცლის ღრუს კვლევას ეხება, პაციენტისთვის სუნთქვის შეყოვნება დისკომფორტია, რასაც მისგან ვითხოვთ სწორედ უმაღლესი გამოსახულების მისაღებად. VITAL EYE არის სწორედ ის ფუნქცია, რომელიც „სწავლობს“ თუ რა სიხშირით სუნთქავს პაციენტი და მონაცემების შეგროვებას ავტომატურად ახდენს იმ ფაზებში, როცა სუნთქვა არ ხდება.
პაციენტის მეტი კომფორტისთვის გვაქვს აუდიო-ვიდეო მხარდაჭერა: მომხმარებელს შეუძლია აირჩიოს სასურველი ვიდეო - აუდიო ფაილი, ვუკეთებთ სპეციალურ სათვალეს და კვლევის პროცესში სურვილისამებრ უყურებს ვიდეორგოლს, ან მხოლოდ უსმენს მუსიკას.
სხვა მრტ აპარატებთან შედარებით აღნიშნულ აპარატს გააჩნია ყველაზე განიერი გვირაბი და ვენტილაციის მაღალი დონე, ეს განსაკუთრებით ეხმარება დახურული სივრცის შიშის - „კლაუსტროფობიის“ მქონე პაციენტებს, რადგან არსებულ მახასიათებლებთან და განათების სპეციალურ ველთან ერთად ამ მხრივ მინიმუმამდეა შემცირებული დახურული სივრცის უსიამოვნო განცდა.
ცალკე აღნიშვნის ღირსია, რომ აქამდე არსებულ აპარატებთან შედარებით, 3 ტესლა სიმძლავრის ციფრული მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფი - PHILIPS INGENIA ELITION X მაქსიმალურ წონაზეა (250 კგ-ზე) გათვლილი. ასევე, გააჩნია COMFORT PLUS აღჭურვილობა - სქელი და მოქნილი ლეიბი, რაც პაციენტს ზურგზე წოლისგან გამოწვეულ დისკომფორტს უმსუბუქებს.
ხალხში გავრცელებულია მოსაზრება, რომ მსგავსი კვლევების დროს რკინის იმპლანტების გაცხელება და მაგნიტური მიზიდვა ხდება. რეალურად, სხვადასხვა იმპლანტი, განსაკუთრებით, 10-20 წლის წინ ჩასმული, მრტ კვლევისას არტეფაქტებს იძლევა. ესეც გაითვალისწინა კომპანია „ფილიფსმა“ და ჩვენს აპარატს აქვს ე.წ.O-MAR რეკონსტრუქცია, რომლის მეშვეობითაც მეტალის არტეფაქტები შემცირებულია და ამდენად, იმპლანტები უკუჩვენებას აღარ წარმოადგენს.
_და მაინც, ძირითადად, რა დაავადებების დიაგნოსტირებისას გამოიყენება აღნიშნული მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფი?
_ დღესდღეობით მედიცინაში არ არსებობს სფერო, სადაც მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფის გამოყენება არ ხდება. ამ მხრივ, შემიძლია მხოლოდ იმ მიმართულებების გამოყოფა, სადაც პაციენტების განსაკუთრებით დიდი ნაკადი გვყავს. მხედველობაში მაქვს ნეიროქირურგია და ნევროლოგია. ნევროლოგი და ნეიროქირურგი ვერავითარ დაავადებას ვერ მართავს, თუ კვლევების პროცესში მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფი არ არის გამოყენებული.
PHILIPS-ის აპარატი შესაძლებლობას გვაძლევს შევაფასოთ ორგანოთა როგორც სტრუქტურული, ასევე ფუნქციური და მეტაბოლური ცვლილებები. ცალკე უნდა გამოვყოთ ხერხემლის პათოლოგიები, როდესაც საქმე ეხება ხერხემლის მალთაშუა დისკებში თიაქრის არსებობას, რაც საკმაოდ გავრცელებულია მოსახლეობაში. მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფით კვლევა იძლევა საშუალებას ზუსტად დავადგინოთ, რომელ მალთაშუა დისკშია პრობლემა, რა მიმართულებით რომელ ნევრალურ ფესვს აწვება , რის შემდეგაც განვსაზღვრავთ მკურნალობის სწორ ტაქტიკას - კონსერვატიული იქნება, თუ ქირურგიული. აღნიშნული კვლევები ხშირად გამოიყენება ორთოპედია-ტრავმატოლოგიის კუთხით. აპარატი იძლევა საშუალებას ყველა ზომის სახსარი გადავიღოთ და ექიმს მათი სტრუქტურების დეტალური აღწერილობა მივაწოდოთ.
ჩაეწერეთ თქვენთვის სასურველ დროს ნომერზე +995 322 02 25 25
მისამართი: ქ. თბილისი, დიღომი ჩაჩავას №7
გისურვებთ ჯანმრთელობას!
დაგვირეკეთ