საქველმოქმედო ფონდი, რომელიც სიკეთის, მეგობრობისა და კოლეგიალობის მაგალითია

საქველმოქმედო ფონდი, რომელიც სიკეთის, მეგობრობისა და კოლეგიალობის მაგალითია

„ავერსი“ საქართველოში ერთ–ერთი ყველაზე მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიაა, რომელმაც დაარსების დღიდან უამრავ გაჭირვებულ ადამიანს გაუწია შემწეობა.

„ავერსის“ ჯგუფის წევრი ორგანიზაცია ქირურგიის ეროვნული ცენტრი იზიარებს კომპანიის სოციალურ პოლიტიკას და აქტიურად მონაწილეობს სხვადასხვა ტიპის საქველმოქმედო საქმიანობაში.

ამჯერად საქველმოქმედო ფონდის „ავერსელები ავერსელებისთვის“ შესახებ მოგითხრობთ, რომლის წევრებიც ქირურგიის ეროვნული ცენტრის თანამშრომლები არიან.

შეგვიძლია ამ ფონდს სიკეთის, მეგობრობისა და კოლეგიალობის ნამდვილი მაგალითი ვუწოდოთ, რადგან ფონდის მიერ გადარჩენილ ადამიანთა სიცოცხლის რაოდენობა კიდევ ერთხელ ადასტურებს თუ რაოდენ კეთილი საქმის გაკეთება შეუძლია სიმბოლურად, ყოველთვიურად გაღებულ 1, 2, 5 თუ 10 ლარს.

ქირურგიის ეროვნული ცენტრის საკონფერენციო დარბაზში „ავერსის კლინიკის“ რეაბილიტაციის ცენტრის ხელმძღვანელმა მაია კურტანიძემ საქველმოქმედო ფონდის შესახებ პრეზენტაცია მოაწყო.

როგორც ქალბატონმა მაიამ განაცხადა, ფონდი „ავერსელები ავერსელებისთვის“ შეიქმნა 2013 წელს და დღეს ფონდი აერთიანებს „ავერსის“ ჯგუფში შემავალ ყველა კომპანიას.

საწევრო შესატანი განისაზღვრება ხელფასის პროპორციულად ხელზე ასაღები თანხიდან, ფონდში გაწევრიანება ნებაყოფლობითია და სურვილის შემთხვევაში თანამშრომელს საშუალება ეძლევა მის მიერ ფონდში ჩასარიცხი თანხის ოდენობა გაზარდოს.

2013 წლიდან ფონდმა დააფინანსა 94 თანამშრომლისა და თანამშრომლის ოჯახის წევრის ჯანმრთელობა.

აღსანიშნავია, რომ ფონდის შექმნის იდეას წინ უძღოდა ერთ–ერთი ავერსელის, სრულიად ახალგაზრდა მამაკაცის ჯანმრთელობის კრიტიკულად მძიმე მდგომარეობა, რომელსაც სასიცოცხლოდ ესაჭიროებოდა გულის ოპერაცია უმოკლეს დროში და ოჯახს არ ჰქონდა შესაბამისი თანხა. ამ მძიმე წუთებში როგორც ერთი, ისე დადგა ფეხზე ფარმაცევტულ კომპანია „ავერსი ფარმასა“ და „ავერსის“ სააფთიაქო ქსელის ყველა თანამშრომელი. დახმარების სურვილი გამოთქვეს სრულიად საქართველოს მასშტაბით „ავერსის“ აფთიაქების ფარმაცევტებმა. ერთობლივი ძალისხმევით, უმოკლეს დროში შეგროვდა გადაუდებელი მკურნალობისთვის საჭირო თანხა და გადარჩა ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლე.

ორგანიზაციაში ამ სახის დახმარება არ იყო უცხო და შესაბამისად, ფონდის შექმნის იდეას დიდი ენთუზიაზმით შეხვდნენ „ავერსის“ ჯგუფის სხვა კომპანიების თანამშრომლები. თითოეული მათგანი სრული პასუხისმგებლობით აცნობიერებს, რომ ხელფასიდან გაღებული თუნდაც 1 ლარი დიდი ნუგეშია თანამშრომლისა და მისი ოჯახის წევრებისთვის.

„ავერსელის შესაძლებლობები უსაზღვროა, მაგრამ „ავერსი“ როგორც ძლიერი ადამიანების ერთიანი გუნდი, ამ შესაძლებლობებს კიდევ უფრო ზრდის, ვინაიდან ძალა ერთობაშია“, – ამ შთამაგონებელი სიტყვებით დასრულდა პრეზენტაცია.

მოხსენება ძალიან ემოციური იყო. პრეზენტაციის დასრულების შემდეგ ქირურგიის ეროვნული ცენტრის ადამიანური რესურსების მართვის სამსახურს კლინიკის არაერთმა ახალმა თანამშრომელმა მიმართა, ფონდში გაწევრიანების სურვილით.

გისურვებთ ჯანმრთელობას!