თუ გყავთ ნაცნობი, რომელსაც ცარცის ჭამა უყვარს ან ბენზინისა და აცეტონის სუნი სიამოვნებს, შესაძლოა რკინადეფიციტური ანემია ჰქონდეს

თუ გყავთ ნაცნობი, რომელსაც ცარცის ჭამა უყვარს ან ბენზინისა და აცეტონის სუნი სიამოვნებს, შესაძლოა რკინადეფიციტური ანემია ჰქონდეს

ანემია ხშირი პათოლოგიაა.

ანემიის, ანუ სისხლნაკლებობის დროს ორგანიზმში სისხლის წითელი უჯრედების (ერითროციტები) რაოდენობა მცირდება და/ან ჰემოგლობინის კონცენტრაცია ქვეითდება.

ჰემოგლობინი კი რკინის შემცველი ცილაა, რომლის საშუალებითაც ერითროციტებს ორგანიზმში ჟანგბადი გადააქვთ. რკინადეფიციტურ ანემიას  (რდა) განაპირობებს ორგანიზმში რკინის შემცირება, რის შედეგადაც ირღვევა ჰემოგლობინის სინთეზი, მცირდება მისი შემცველობა თითოეულ ერითროციტში და, შესაბამისად, ირღვევა ორგანოებისა და ქსოვილების ჟანგბადით მომარაგება. რკინის დეფიციტი ანემიების ყველაზე ხშირ მიზეზს წარმოადგენს. ვითარდება იმ შემთხვევაში, როცა ირღვევა ბალანსი ორგანიზმის მიერ მიღებულ და  დახარჯულ რკინას შორის.

რკინადეფიციტურ ანემიაზე გვესაუბრება ქირურგიის ეროვნული ცენტრის ჰემატოლოგი, მედიცინის დოქტორი ნინო ჩხაიძე. 

– ქალბატონო ნინო, რა იწვევს რკინადეფიციტურ ანემიას?

რკინადეფიციტური ანემიის გამომწვევი მიზეზებია:

  • ქრონიკული სისხლდენები, რომელთაც შესაძლებელია იწვევდეს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებები (წყლული, ბუასილი), გინეკოლოგიური და ონკოლოგიური პათოლოგიები, ზოგიერთი პრეპარატის (მაგალითად, სალიცილატები) მიღება;
  • საკვებით მიღებული რკინის არასაკმარისი რაოდენობა;
  • რკინის გაზრდილი ხარჯვა ორგანიზმის ზრდისა და მომწიფების პერიოდში, ორსულობისა და ლაქტაციის დროს, სპორტით და ფიზიკური შრომით დიდი დატვირთვისას;
  • როცა ადამიანს დაბადებიდან აქვს ორგანიზმში რკინის არასაკმარისი რაოდენობა;
  • როცა ქალი ლაქტაციის დროს არ იღებს საკმარისი რაოდენობის რკინას;
  • რკინის რეზორბციული უკმარისობა, ანუ შეწოვის დარღვევა, რაც შესაძლებელია განვითარდეს კუჭზე ჩატარებული ოპერაციების შემდგომ, ნაწლავების დაავადებების დროს (მაგალითად, კრონის დაავადება, დივერტიკულოზი და სხვა);
  • რკინის ტრანსპორტირების დარღვევა (რკინის გადამტანი ცილის, ტრანსფერინის დეფიციტი – ჰიპო და ატრანსფერინემია);
  • ზემოთ ხსენებული ფაქტორების კომბინაცია.

– როგორ ამოვიცნოთ რკინადეფიციტური ანემიის სიმპტომები?

რკინადეფიციტურ ანემიას ახასიათებს ზოგადი ანემიური სიმპტომატიკა, რასაც განაპირობებს ერითროციტებისა და ჰემოგლობინის შემცირების გამო განვითარებული ჟანგბადის უკმარისობა ორგანიზმში, ესენია:

  1. საერთო სისუსტე;
  2. შრომის უნარის დაქვეითება;
  3. თავბრუსხვევა;
  4. გულის ფრიალი;
  5. ყურებში შუილი;
  6. ძილიანობა;
  7. ჰაერის უკმარისობა.

სიმპტომთა სიმძაფრე დამოკიდებულია ანემიის ხარისხზე, ანუ სიღრმესა და განვითარების სიჩქარეზე. ხშირად რკინადეფიციტური ანემია ნელ-ნელა ვითარდება, ამიტომ ორგანიზმი გარკვეულ დრომდე ახერხებს ადაპტაციას ჟანგბადის ნაკლებობასთან და შედეგად ანემიური სიმპტომებიც ნაკლებგამოხატულია. ანემიის გაღრმავებასთან ერთად იზრდება სიმპტომთა გამოვლენის ხარისხიც.

გარდა ანემიური სიმპტომატიკისა რკინადეფიციტურ ანემიას ახასიათებს უშუალოდ რკინის ქსოვილოვანი დეფიციტით განპირობებულ სიმპტომთა ერთობლიობა, რასაც ექიმები სიდეროპენიულ სინდრომს ვუწოდებთ.

სიდეროპენიული სინდრომისთვის დამახასიათებელი განსაკუთრებული სიმპტომია გაუკუღმართებული გემოვნება, ე.წ. პიკა ქლოროტიკა – სურვილი ჭამონ მიწა, ცარცი, უმი ხორცის ფარში, გამოუმცხვარი ცომი და სხვა (პათოფაგია), ასევე უჩვეულო მიდრეკილება გარკვეული სუნისადმი: აცეტონი, ბენზინი და სხვა (პათოსომია). გარეგნულად დამახასიათებელია ლორწოვანისა და კანის სიფერმკრთალე, ზოგჯერ მომწვანო ელფერით - ქლოროზი. კანს შეიძლება ჰქონდეს მოყვითალო ცვილის ფერი მხოლოდ პირის ირგვლივ, ხანდახან გვხვდება ლურჯი სკლერების სიმპტომი (თვალის რქოვანის დისტროფიული ცვლილებები).

რკინის დეფიციტი იწვევს კანის სიმშრალეს, თმის ძირების გაყოფას და ცვენას, ფრჩხილების მტვრევას და დეფორმაციას. სიდეროპენიულ სინდრომს შეიძლება ახასიათებდეს შარდის შეუკავებლობა სიცილის, ხველის დროს, ზოგჯერ ძილშიც, ყლაპვის გაძნელება, ხანგრძლივი დაბალი ცხელება, იმუნიტეტის დაქვეითება (ინფექციებით ადვილად ავადობა).

– რა ფუნქცია აკისრია რკინას ორგანიზმში?

რკინა ადამიანის ორგანიზმისთვის უმნიშვნელოვანეს მიკროელემენტს წარმოადგენს. ის მონაწილეობს ჟანგბადის ტრანსპორტირებაში, ნივთიერებათა ცვლის რეგულირებაში, განაპირობებს იმუნოლოგიურ რეზისტენტობას.

– როგორ ხდება რკინადეფიციტური ანემიის დიაგნოსტირება და მკურნალობა ქირურგიის ეროვნულ ცენტრში?

რკინადეფიციტური ანემიის დიაგნოსტირება მოიცავს რამდენიმე ეტაპს:

I ეტაპი: ანემიის ჰიპოქრომულობის  დადგენა. ყურადღება უნდა მიექცეს ერითროციტების მორფოლოგიას, ზომასა და ფორმას (ამ დროს ერითროციტები ძირითადად მცირე ზომისაა და სუსტად არის გაჯერებული ჰემოგლობინით,  თუმცა ხანგრძლივად მიმდინარე რკინადეფიციტური ანემია შეიძლება ნორმოქრომულიც იყოს);

II ეტაპი: დიფერენციული დიაგნოზის გატარება სხვა ჰიპოქრომულ ანემიებთან და რკინის დეფიციტის დადგენა რკინის ცვლის შესწავლით (შრატის რკინა, ფერიტინი, ტრანსფერინი, რკინის შებოჭვის უნარი);

III ეტაპი: რკინის დეფიციტის მიზეზის დადგენა.

რკინადეფიციტური ანემიის მკურნალობა ხორციელდება რკინის პრეპარატებით - ფეროთერაპია. რკინის შეწოვის ბუნებრივი გზა კუჭ-ნაწლავის ტრაქტია, ამიტომ უპირატესობა ენიჭება რკინის ტაბლეტურ ფორმებს, თუმცა გარკვეულ სიტუაციებში ეფექტურად გამოიყენება პარენტერალური მიღების წესიც.

რკინის შეწოვას ხელს უწყობს  C ვიტამინი, ერითროპოეზის სტიმულირებაში გვეხმარება ფოლიუმის მჟავა. რკინადეფიციტური ანემიის მკურნალობა ხანგრძლივი პროცესია და მოიცავს 3 ეტაპს:

  1. ანემიის კუპირება, ანუ ერითროციტებისა და ჰემოგლობინის კონცენტრაციის ნორმალიზება;
  2. გაჯერების თერაპია, ანუ რკინის მარაგის აღდგენა;
  3. ხელშემწყობი თერაპია (ინიშნება იმ შემთხვევაში, თუ რკინის დეფიციტის გამომწვევი მიზეზის მოცილება  ვერ ხერხდება).

ქირურგიის ეროვნულ ცენტრში რკინადეფიციტური ანემიის დიაგნოსტირებისა და ადეკვატური მკურნალობის ყველა პირობაა შექმნილი.

ჩვენს კლინიკაში ფუნქციონირებს მაღალკვალიფიციურ ჰემატოლოგთა გუნდით დაკომპლექტებული სისხლის დაავადებათა დეპარტამენტი, რომელსაც აქვს შესაძლებლობა მსუბუქი და ზომიერი ხარისხის ანემიის შემთხვევაში დაავადება მართოს ამბულატორიულ, ხოლო ღრმა ანემიის შემთხვევაში სტაციონარულ რეჟიმში.

ამასთან, დეპარტამენტი აღჭურვილია ციტოლოგიური ლაბორატორიით.

ანამნეზისა და კლინიკური სურათის საფუძველზე ჰემატოლოგს რკინის დეფიციტის მიზეზის დასადგენად შესაძლოა დასჭირდეს გასტროენტეროლოგის, ქირურგის, გინეკოლოგის, პროქტოლოგის, ონკოლოგის და სხვა სპეციალობის ექიმების ჩართულობა. ამას თან სდევს ისეთი დამატებითი კვლევების ჩატარების აუცილებლობა როგორიცაა: ეზოფაგოგასტროდუოდენოსკოპია, კოლონოსკოპია, ვაგინალური ექოსკოპია, კოლპოსკოპია, კომპიუტერული ტომოგრაფია, მაგნიტურ-რეზონანსული კვლევა, რთულ შემთხვევებში სხვა ჰემატოლოგიური დაავადებების გამორიცხვა ძვლის ტვინის გამოკვლევებით. ქირურგიის ეროვნული ცენტრის ერთ–ერთი უპირატესობაც სწორედ ის არის, რომ  პაციენტს ყველა პროფილის ექიმი ერთ სივრცეში ემსახურება.  საჭიროების შემთხვევაში ზოგად ქირურგიული, პროქტოლოგიური თუ გინეკოლოგიური ოპერაციული ჩარევა ხორციელდება თანამედროვე აპარატურით აღჭურვილ საოპერაციო ბლოკებში.

მნიშვნელოვანია, რომ კლინიკას აქვს საკუთარი სისხლის ბანკი, რომელიც კრიტიკული ანემიების შემთხვევაში დროულად უზრუნველყოფს ადეკვატურ ჰემოტრანსფუზიულ თერაპიას.

ქირურგიის ეროვნული ცენტრის მისამართი: ქალაქი თბილისი, დიღომი, ჩაჩავას N5.

ქირურგიის ეროვნულ ცენტრს შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ქოლ–ცენტრის დახმარებით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.

თქვენთვის პრობლემურ, ნებისმიერ საკითხზე, კონსულტაციის მიზნით, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ქირურგიის ეროვნული ცენტრის ჰემატოლოგს, მედიცინის დოქტორს ნინო ჩხაიძეს ნომერზე 577 32 88 61. 

გისურვებთ ჯანმრთელობას!