აირების დაგროვება - გასტროენტეროლოგია

კითხვა: გამარჯობა. ვარ 15 წლის, მარცხენა ფერდ ქვეშ მქონდა ტკივილი და ნოშპის დალევის შემდეგ გაიარა. ორი საათით ადრე შარდი შევიკავე. გავიდა რამდენიმე დღე და კვლავ ვგრძნობ ზუსტად იმავე ადგილზე ყრუ ტკივილს. გავიკეთე ექოსკოპია და დასკვნა ასეთია: „ნაწლავებში ისახება ჭარბი ოდენობით აირები და შერეული ხასიათის შიგთავსი,, სხვა არაფერი. რას მირჩევთ და რამდენად საშიშია?
პასუხი:

ჩატარებული კვლევის დასკვნის საფუძველზე, სავარაუდოდ, თქვენი ჩივილის გამომწვევია მეტეორიზმი, რომელიც მონელების დარღვევის გამო, ნაწლავებში აირების დაგროვებაა, რაც ზოგჯერ ჯანმრთელ ადამიანებსაც აწუხებთ, თუმცა, უმეტესად საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადების სიმპტომს წარმოადგენს.
მუცლის შებერილობას ხანმოკლე ტკივილი ახასიათებს. კვების დროს გადაყლაპული აირები ჯანმრთელი ადამიანის ორგანიზმიდან, ბოყინის სახით, თავისით გამოიყოფა, რაც საკვების მიღების შემდეგ ნორმად ითვლება.
ხშირ ბოყინს იწვევს:

  • სწრაფი კვება;
  • სითხის სწრაფად და დიდი ყლუპებით მიღება;
  • ჭამის დროს საუბარი;
  • საღეჭი რეზინის ღეჭვა;
  • თამბაქო და ა.შ.

საკვების არასრული მონელების შედეგად ნაწლავებში წარმოქმნილი აირები მუცლის არეში დისკომფორტს იწვევს, განსაკუთრებით – მსხვილი ნაწლავის (კოლინჯის) ფიზიოლოგიური ნაკეცების გასწვრივ, ადამიანმა შესაძლოა იგრძნოს ყრუ ან მკვეთრი, მჭრელი ტკივილი მუცლის ზედა ან შუა ნაწილში.
მეტეორიზმის განვითარებას, ასევე ხელს უწყობს უჯრედისით, სახამებლითა და პექტინით მდიდარი ისეთი საკვების მიღება, როგორიცაა:

  • პარკოსნები (ლობიო);
  • ბროკოლი;
  • კომბოსტო;
  • ხილი;
  • მარცვლეული;
  • კარტოფილი და ა.შ.

მუცლის შებერილობა ზოგჯერ წყლულოვან დაავადებას, გასტრიტს, დუოდენიტს, ნაწლავების ანთებით დაავადებებს, ღვიძლისა და სანაღვლე გზების პათოლოგიებს, კუჭ-ნაწლავის ონკოლოგიურ დაავადებებს ახლავს თან.
დიაგნოსტირებისა და მკურნალობის ჩასატარებლად შეგიძლიათ, მომართოთ ჩვენს კლინიკაში გასტროენტეროლოგს. ის სათანადო კლინიკურ–ლაბორატორიული გამოკვლევების საფუძველზე დაგისვამთ დიაგნოზს და მკურნალობის კურსს დაგინიშნავთ.
გასტროსკოპიით კვლევის საჭიროების შემთხვევაში, შეგიძლიათ ისარგებლოდ კლინიკაში მოქმედი აქციით, რომელსაც ვრცლად იხილავთ ბმულზე: https://kirurgia.ge/full-article/sruli-gastroskopiuli-kvleva/31746

აქციით სარგებლობისათვის, გთხოვთ, წინასწარ ჩაეწეროთ ნომერზე: 2 02 25 25!
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა