ეზოფაგიტი, გასტრიტი - გასტროენტეროლოგია

კითხვა: გამარჯობა, დიაგნოზი მაქ ესეთი, ქრონიკული გასტრიტი და ეზოფაგიტი, ექიმმა დიეტა და დამინიშნა მხოლოდ ნექსიუმი 1 თვე უზმოდ. მკურნალობას არ საჭიროებს მედიკამენტებით?
პასუხი:

მოგესალმებით,
თქვენთვის განკუთვნილ პასუხში შეგიძლიათ, იხილოთ შემდეგი ინფორმაცია:

  • რა არის ეზოფაგიტი;
  • რა არის გასტრიტი;
  • ქრონიკული გასტრიტის ტიპები;
  • გასტრიტის მკურნალობა;
  • კვება გასტრიტის დროს.

ეზოფაგიტი საყლაპავი მილის ლორწოვანი გარსის ანთებაა. განასხვავებენ მწვავე, ქვემწვავე და ქრონიკულ ეზოფაგიტებს.
მწვავე ეზოფაგიტი ვითარდება:

  • საყლაპავის ლორწოვანი გარსის გაღიზიანებით ცხელი საკვებითა და სასმელით;
  • ქიმიური ნივთიერებებით (კოროზიული ეზოფაგიტები);
  • მწვავე ინფექციური დაავადებების დროს.

ეზოფაგიტი ხშირად თან ახლავს ცხვირ-ხახისა და კუჭის ქრონიკულ ანთებით დაავადებებს, რიგ შემთხვევებში შესაძლოა, აღინიშნებოდეს ქრონიკული ინფექციური დაავადებების დროს.
შეგუბებითი ეზოფაგიტები წარმოიქმნება საყლაპავში საკვების შეჩერებისა და დაშლისას, რაც უკავშირდება საყლაპავის სპაზმს, კარდიის აქალაზიას.
ქვემწვავე და ქრონიკული ეზოფაგიტის ყველაზე ხშირი მიზეზია კუჭის წვენის გადასროლა საყლაპავში კარდიის უკმარისობის შედეგად, ე. წ. რეფლუქს-ეზოფაგიტი ან პეპტიური ეზოფაგიტი.

gastriti_ezofagiti

გასტრიტი

ქრონიკული გასტრიტი ხასიათდება ლორწოვანი გარსის ქრონიკული ანთებით და დისრეგენერაციული ცვლილებებით. იგი სხვადასხვა ეტიოპათოგენეზური ბუნების დაავადებაა, რომელიც კუჭთან დაკავშირებული პრობლემებით და სიმპტომებით ვლინდება. ეს პროცესი შემდეგნაირად მიმდინარეობს: კუჭში მჟავიანობა თანდათანობით ქვეითდება, თორმეტგოჯა ნაწლავში კი იმატებს.
არსებობს ქრონიკული გასტრიტის რამდენიმე ტიპი, ესენია:

  • აუტოიმუნური;
  • ჰელიკობაქტერიასთან ასოცირებული;
  • ქიმიურ-ტოქსიკური (დუოდენური, ან ალკოჰოლით, ან მედიკამენტებით გამოწვეული);
  • ლიმფოციტური.

მედიკამენტები ინიშნება მხოლოდ მჟავიანობის კორექციისთვის და კუჭ–ნაწლავის ტრაქტის ნორმალიზებისთვის.
მკურნალობის თვალსაზრისით, შესაძლოა, მოისინჯოს H2 ბლოკერები და პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები, თუმცა, გარდა მედიკამენტური მკურნალობისა, საკვები რაციონიდან უნდა ამოიღოთ შემდეგი პროდუქტები:

  • ცომეული;
  • ტკბილეული;
  • რძე;
  • ახალი ხილი და ბოსტნეული;
  • პარკოსნები - ბარდა, ლობიო;
  • შებოლილი პროდუქტი;
  • არაჟანი;
  • მჟავე, ცხარე, მლაშე საკვები;
  • პომიდორი.

თუ ერთთვიანი მკურნალობის შემდეგ, შედეგი არ დადგება, აუცილებელია დიფერენციული დიაგნოსტირება H.pylori-ს იდენტიფიცირების თვალსაზრისით.
გირჩევთ, ზედმიწევნით მიჰყვეთ თქვენი ექიმის რეკომენდაციას და ჩააყენოთ მკურნალობის საქმის კურსში.
ხოლო, თუ გსურთ, მოისმინოთ ჩვენი კლინიკის სპეციალისტის მოსაზრება, შეგიძლიათ, მობრძანდეთ გასტროენტეროლოგთან კონსულტაციაზე.

სხვა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა