ბართოლინიტი - გინეკოლოგია

კითხვა: დამიდგინდა ბარტოლინინის აბსცესი გთხოვთ მითხარით მუცლის ტკივილი წელის ტკივილი ფაღარათი შესაძლებელია იყოს სიმპტომები თუ ეს უფრო მძიმე დაავადებაზე მიმანიშნებს?
პასუხი:

მოგესალმებით,
ბართოლინის ჯირკვლები ქალის საშოს შესავლის აქეთ-იქითაა განლაგებული და გამოიმუშავებს სითხეს, რომელიც საშოს სინოტივეს უზრუნველყოფს. ზოგჯერ ხდება ისე, რომ ჯირკვლის სადინარი იხშობა და სითხე ჯირკვალში გროვდება. სწორედ ასე წარმოიქმნება ბართოლინის ჯირკვლის ცისტა.
მას უმეტესად სტაფილოკოკი და სხვა მიკროორგანიზმები იწვევს, მათ შორის - ნაწლავის ჩხირი, ასევე - შერეული ინფექცია. ბართოლინიტის დროს პათოგენური მიკროორგანიზმები აზიანებენ ჯირკვლის გამომტან სადინარს და საკუთრივ ჯირკვლის ქსოვილს.
თუ ცისტამ ზრდა განაგრძო, დროთა განმავლობაში ქალი საშოს შესავალთან კვანძს აღმოაჩენთ. მართალია, ცისტა თავდაპირველად უმტკივნეულოა, მაგრამ განსაზღვრული მგრძნობელობა მაინც ახასიათებს. მისი ინფიცირება, როგორც წესი, დროს ამბავია. დაჩირქებული ცისტა წარმოქმნის მგრძნობიარე, ხშირად მტკივნეულ კვანძს საშოს შესავალთან, იწვევს დისკომფორტს სიარულისა და ჯდომის დროს, ტკივილს სქესობრივი კავშირის დროს და ცხელებას, გამწვავებისას კი, ზოგჯერ მქაჩავ ტკივილს მუცლის ქვედა ნახევარსა და წელის არეში.
დისტანციურად ზუსტ პასუხს ვერ გაგცემთ, თუმცა, თუ ანტიბიოტიკებით მკურნალობთ, შესაძლებელია, ფაღარათი ერთ–ერთი მედიკამენტის გვერდითი მოვლენა იყოს.
მკურნალობის რამდენიმე მეთოდი არსებობს, ოპტიმალურს თავად ექიმი არჩევს ცისტის ზომის, დისკომფორტის ხარისხის, ინფექციის არსებობა-არარსებობისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით.
გირჩევთ მიმართოთ მკურნალ ექიმს. ალტერნატიული აზრის მოსასმენად კი, შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში, გინეკოლოგთან უფასო კონსულტაციაზე, რომელიც ობიექტური შეფასების შემდეგ, აუცილებად დაგეხმარებათ და დაგინიშნავთ, ინდივიდუალურ და შესაბამის მკურნალობის მეთოდს.
გინეკოლოგთან უფასო საკონსულტაციო დღეებია, ხუთშაბათი და შაბათი, წინასწარი ჩაწერით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა