მოგესალმებით,
თქვენთვის განკუთვნილ პასუხში იხილავთ შემდეგ ინფორმაციას:
- რა არის ცერებრული დამბლა;
- როგორ ვლინდება პათოლოგია;
- დარღვევები, რომლებსაც ცერებრული დამბლა იწვევს;
- დამბლის ფორმები;
- ემოციური სფეროს პრობლემები;
- ცერებრული დამბლის მკურნალობა.
სავარაუდოდ, საუბარი გაქვთ ბავშვთა ასაკის ცერებრულ დამბლაზე. ეს არის სინდრომთა ჯგუფი, რომელიც აღმოცენდება თავის ტვინის დაზიანების შედეგად მუცლადყოფნის პერიოდში, პერინატალურად (მშობიარობის პერიოდში) და პოსტნატალურად (დაბადებიდან პირველ თვეებში).
ცერებრული დამბლა ვლინდება მოძრაობისა და პოზის დარღვევებში, რასაც საფუძვლად უდევს თავის ტვინის გარკვეული უბნების დაზიანება. ხშირ შემთხვევაში, შესაძლოა, თავის ტვინის უბნის დაზიანება, განვითარების სხვა დარღვევებსაც იწვევდეს, მაგალითად:
- გონებრივი ჩამორჩენილობა;
- გულყრები;
- მხედველობითი დარღვევები;
- სმენითი დარღვევები;
- ქცევის პრობლემები.
ცერებრული დამბლის ტიპები
განასხვავებენ ცერებრული დამბლის რამდენიმე ძირითად ფორმას:
- სპასტიური – დაჭიმული კუნთები (ყველაზე გავრცელებული ფორმა);
- ატაქსიური – წონასწორობის სუსტი შეგრძნება (ხშირად იწვევს დავარდნას და შეჯახებას);
- ათეტოიდური – ხელების, თავისა და თვალების მუდმივი მოძრაობა.
როგორც წესი, სხეულის არასწორი პოზები ხელს უშლის მოძრაობების შესრულებას და მოტორული ჩვევების ჩამოყალიბებას ბავშვებში. ბავშვთა ცერებრული დამბლის დროს ირღვევა არამარტო ნებითი მოძრაობების შესრულება, არამედ შესუსტებულია შეგრძნებებიც, რის გამოც გართულებულია სხეულისა და მისი ნაწილების მოძრაობის შესახებ წარმოდგენების ჩამოყალიბებაც.
ბავშვებში ხშირია ტაქტილური აღქმის დეფიციტიც - მათ უჭირთ ხელის მოსინჯვით საგნების და მათი თვისებების ცნობა.
ცერებრული დამბლის მქონე ბავშვებს, ხშირად მხედველობით-სივრცითი წარმოდგენების და სხეულის სქემის განვითარების შეფერხება ახასიათებთ.
მოტორული ფუნქციების დარღვევის გამო ბავშვი არ არის აქტიური, იგი დამოუკიდებლად ვერ ახერხებს ცოცვას, ხოხვას, საგნების ხელით მოსინჯვას. შესაბამისად, ბავშვის სენსორული და მოტორული განვითარება ძლიერ ფერხდება.
ცერებრული დამბლის მქონე ბავშვს შეიძლება, ჰქონდეს ემოციური სფეროს პრობლემებიც, მაგალითად:
- სხვადასხვა სახის შიში;
- ემოციური არამდგრადობა;
- გუნება-განწყობის სწრაფი ცვლილება.
ამას ემატება საკუთარი უსუსურობის და გარიყულობის განცდა, რაც კიდევ უფრო ართულებს მათ ემოციურ მდგომარეობას.
ცერებრულ დამბლას ხშირად ახლავს თან ე.წ. კონტრაქტურები ანუ სახსრების ჩაკეტვა. თუ მათი მართვისთვის ვარჯიში საკმარისი არ არის, ორთოპედიული ოპერაციის საკითხი დგება.
რაც შეეხება უშუალოდ თქვენს შეკითხვას - თავისთავად ცერებრული დამბლა სქესობრივი ცხოვრებისათვის უკუჩვენება არ არის, თუ ის ფიზიკურად ხერხდება. ამას ადასტურებს ის ფაქტიც, როგორც ვხვდებით, რომ უკვე ყავს შვილი. ეპილეფსიასთან დაკავშირებით კი, გასათვალისწინებელია რა ფაზაშია მისი მკურნალობა. თუ პაციენტს ყავს მკურნალი ექიმი, რომლის დანიშნულებითაც იღებს პრეპარატებს, მასთან უნდა განიხილოს საკითხი, თუ რა ეტაპზე იქნება უსაფრთხო სქესობრივი ცხოვრების განახლება.
ქირურგიის ეროვნული ცენტრის სახელით გისურვებთ ჯანმრთელობას!