ძილის პრობლემები ჩვილებში - ნეონატოლოგია

კითხვა: თუ შეგიძლიათ მითხრათ ნორმად ითვლება თუ არა 5თვის ბავშვი ღამე კარგად იძინებს დღე მხოლოდ მაქსიმუმ 3 საათი.ზოგჯერ ძალით ვაძინებ.ვატყობ რომ ეძინება თვალებს იფშვნეტს ჩაწითლებული აქვს მაგრამ მიძალიანდება.მადლობ წინასწარ
პასუხი:

მოგესალმებით!
ჩვილ ბავშვებს საშუალოდ ძინავთ 9-10 საათი ღამის და 3-4 საათი – დღის განმავლობაში. ძილის ხანგრძლივობა ინდივიდუალურია, განსაკუთრებით სიცოცხლის პირველი წლის განმავლობაში. 2 თვის ჩვილი დღის განმავლობაში იძინებს საშუალოდ 2-4- ჯერ, ხოლო 12 თვის – 1-2-ჯერ. ისეთი ფაქტორები, როგორიცაა ავადმყოფობა ან ძილის რუტინის დარღვევა, იწვევს ძილის დარღვევას. განვითარების სხვადასხვა ეტაპზე, მაგალითად, როდესაც პატარა ხოხვას სწავლობს, ხანმოკლე დროით შეიძლება დაერღვეს ძილი.
ბავშვების ნაწილს შეუძლია დამოუკიდებლად, მშობლის დახმარების გარეშე ჩაძინება, თუმცა ზოგი ძილის “შესაბრუნებლად” მოითხოვს მშობლის დახმარებას. როგორც წესი, მშობლის დახმარება იმ პატარებს ესაჭიროებათ, რომლებიც დამოუკიდებლად დაძინებას არ არიან მიჩვეული და მშობლები აძინებენ რწევით, ხელში ტარებით, საკვების მიცემით ან ძინავთ მშობლის საწოლში.
კარგად დააკვირდით, როდის ეძინება: ზოგი ბავშვი დაღლილობას ჭირვეულობით, ტირილით, თვალების სრესით ან ყურების წვალებით გამოხატავს; თუ კარგად გეცოდინებათ ის ნიშანი, როგორ გამოხატავს თქვენი ბავშვი დაღლილობას და მაშინვე დააწვენთ დასაძინებლად, ის უფრო სწრაფად და ადვილად დაიძინებს.
მოგცემთ რამდენიმე რჩევას:

  • როგორც ღამის, ისე  დღის ძილის დროს ჩვილი ყოველთვის ზურგზე უნდა იწვეს;
  • არ გამოიყენოთ რბილი ლეიბი;
  • ძილის დროს არაფერი დაახუროთ თავსა და სახეზე; საბნის ზედა კიდე არ უნდა ასცდეს გულმკერდის დონეს;
  • საწოლიდან ამოიღეთ რბილი სათამაშოები და ბალიში;
  • ეცადეთ იმ ოთახში, სადაც ბავშვს ძინავს არ მოწიოთ სიგარეტი;
  • მოერიდეთ საძინებლის ზედმეტად გათბობას;
  • 5 თვის ასაკიდან საწოლს მოაცილეთ დასაკიდი სათამაშოები;
  • არასდროს დააძინოთ ბავშვი სკამზე, ტახტზე ან სხვა ისეთ ავეჯზე, რომელიც არ არის განკუთვნილი ბავშვის დასაძინებლად.

ალტერნატიული აზრის მოსასმენად მიმართეთ პედიატრს ან ბავშვთა ასაკობრივ კლინიკას.
„ქირურგიის ეროვნული ცენტრი“ ემსახურება 15 წლის და მეტი ასაკის პაციენტებს.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა