მკურნალობის ხანგრძლივობა და ხასიათი დაავადების მიმდინარეობასა და სიმძიმეზეა დამოკიდებული. მსუბუქი პაციენტები ერთ კვირაში დგებიან ფორმაში, ხოლო საშუალო და შედარებით მძიმე შემთხვევათა განკურნებას დაახლოებით 2-3 კვირა სჭირდება.
მსუბუქ და საშუალო სიმძიმის ავადმყოფს არავითარი თერაპია არ სჭირდება. მას ისეთივე მკურნალობა უნდა ჩაუტარდეს, როგორიც სიცხიან პაციენტს: სიცხის დამწევი საშუალებების მიღება (მხოლოდ მაშინ, როცა ტემპერატურა 38 0ც-ს გადააჭარბებს), სითხის მიღება და ზომიერი დიეტის დაცვა. დიეტა მსუბუქი, ადვილად მოსანელებელი, სრულფასოვანი ცილებისა და ნახშირწყლების შემცველი საკვების მიღებასა და ცხიმის შეზღუდვას გულისხმობს. მედიკამენტური მკურნალობა საჭირო არ არის, თუმცა საჭიროა პაციენტების მონიტორინგი – ისინი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან და სანამ ელენთა, ღვიძლი, ლიმფური ჯირკვლები და სისხლის ანალიზი ნორმას არ დაუბრუნდება, ერთთვიანი ინტერვალებით იკვლევა პერიფერიული სისხლი.
მკურნალობა, წესისამებრ, ბინაზე ხდება. თუ მდგომარეობა დამძიმდა, პაციენტი სტაციონარულ რეჟიმზე გადადის. მდგომარეობის გაუარესება შესაძლოა პერიტრაქეული და პერიბრონქული (ტრაქეასა და ბრონქებში არსებული) ლიმფური ჯირკვლების მკვეთრმა გადიდებამ და კრუპის სინდრომის ჩამოყალიბებამ გამოიწვიოს, რაც ხმაურიანი სუნთქვითა და სუნთქვის გაძნელებით ვლინდება. ამას შესაძლოა ვენტილაციის დარღვევა და პნევმონიის განვითარება მოჰყვეს. ცხადია, ასეთი პაციენტების ბინაზე მკურნალობა ვერ მოხერხდება. კარგად ცნობილი ჰერპესვირუსების საწინააღმდეგო ანტივირუსული პრეპარატი აციკლოვირი (ზოვირაქსი) ეპშტეინ-ბარის ვირუსის წინააღმდეგ ეფექტურია სინჯარაში (ინ ვიტრო), თუმცა არ არის დადასტურებული მისი კლინიკური – ინ ვივო – ეფექტურობა,. ეს იმას ნიშნავს, რომ დაავადების შემთხვევაში პრეპარატის გამოყენება გავლენას არ ახდენს კლინიკური ნიშნების უკუგანვითარებაზე, ამიტომ მონონუკლეოზით დაავადებულებს ანტივირუსული თერაპია არ უტარდებათ.
მკვეთრად გადიდებული ლიმფური კვანძების შემთხვევაში მოკლე ხნით, მხოლოდ სტაციონარულ პირობებში, პერორალურად პაციენტს ენიშნება ლიმფოლიზური პრეპარატი პრედნიზოლონი. მას ძალიან კარგი კლინიკური ეფექტი აქვს.
გირჩევთ, კონსულტაცია გაიაროთ ინფექციონისტთან, რომელიც შეაფასებს თქვენს მდგომარეობას და თავადვე დაგინიშნავთ მკურნალობის კურსს.
ეპშტეინ-ბარის ვირუსზე დეტალური ინფორმაციის მისაღებად კი, გადადით ბმულზე : https://www.aversi.ge/ka/cnobari/800/infeqciuri-mononukleozi
მადლობას გიხდით ნდობისთვის და გისურვებთ ჯანმრთელობას!