მოგესალმებით,
თქვენთვის განკუთვნილ პასუხში იხილავთ შემდეგი სახის ინფორმაციას:
- რა არის გინგივიტი;
- ეგზოგენური და ენდოგენური ფაქტორები;
- გინგივიტის მკურნალობა.
გინგივიტი ღრძილში მიმდინარე ანთებითი პროცესია, რომლის დროსაც კბილ-ღრძილის კავშირი შენარჩუნებულია, ანუ არ ირყევა კბილები.
გინგივიტი დამოუკიდებელ დაავადებად განიხილება, თუმცა შესაძლოა, პაროდონტის სხვა პათოლოგიებსაც ახლდეს თან. მისი განვითარების მიზეზად შეიძლება, იქცეს როგორც გარეგანი (ეგზოგენური), ისე შინაგანი (ენდოგენური) ფაქტორები.
ეგზოგენურია ადგილობრივი მატრავმირებელი ფაქტორები, მათ შორის – კბილის ქვა. ასევე, გინგივიტის ჩამოყალიბებაში განსაზღვრულ როლს ასრულებს კბილების ღეჭვით დაუტვირთაობა (ჰიპოფუნქცია).
ენდოგენური ფაქტორებია შინაგან ორგანოებში მიმდინარე პათოლოგიური პროცესები, მათ შორის:
- მინერალური ცვლის დარღვევა;
- ენდოკრინული დაავადებები;
- ნერვული სისტემის დაავადებები;
- კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებები.
ზოგადად, არც გინგივიტი, პაროდონტიტი და პაროდონტოზი გადამდები არ არის, მაგრამ თუ დაავადების მიზეზი არის ვირუსული ინფექცია, ჰერპესული გინგივიტი, ასეთი გინგივიტი უკვე გადამდებია.
რაც შეეხება მკურნალობას, პაროდონტიტის და მიკრობული ნადებით გამოწვეული გინგივიტის მკურნალობა ეფექტურია იმ შემთხვევაში, როდესაც ლიკვიდირებულია ანთების გამომწვევი, ზოგადი მითითებები კი, კონსერვატული მკურნალობისას ასეთია:
- გაუტკივარება;
- ანთების საწინააღმდეგო მკურნალობის ჩატარება;
- იმუნიტეტის გაძლიერება;
- ანტისეპტიკა (სავლები, პირის ღრუს აბაზანები);
- ღრძილების ეპითელიზაციის (შეხორცების) დაჩქარება;
- როგორც ადგილობრივი, ისე ზოგადი ანტიმიკრობული პრეპარატები (დოქსიციკლინის შემცველი გელები);
- დიოდური ლაზერი;
- ერბიუმის ლაზერი;
- ფოტოდინამიური მეთოდი.
ანტიბიოტიკები შეირჩევა ანტიბიოტიკოგრამის შესაბამისად, მათი გამოყენება კი, პათოლოგიური პროცესის აქტივობასა და სიმძიმეზეა დამოკიდებული.
პაროდონტული მკურნალობა იყოფა სტადიებად ანუ ფაზებად, რომელთა ხანგრძლივობა დაავადების სიმძიმის მიხედვით სხვადასხვაა, ამიტომ გირჩევთ, მიმართოთ სტომატოლოგ-პარადონტოლოგს.
ჩვენი კლინიკა არ არის დაკავებული სტომატოლოგიით, ამიტომ, ამ თვალსაზრისით რაიმე ტიპის სამკურნალო რჩევას ვერ მოგცემთ.
- ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/shekitxva-eqims/stomatologia/57
ქირურგიის ეროვნული ცენტრის სახელით გისურვებთ ჯანმრთელობას!