მოგესალმებით,
თქვენი წერილიდან გასაგებია, რომ უცხოეთში გიწევთ ფიზიკური შრომა. ცხადია, მანამდეც, უკვე გექნებოდათ ქრონიკული დაავადებები, მაგრამ, როგორც ჩანს ფიზიკური დატვირთვის გაზრდის ფონზე ,ყველაფერმა ერთად იჩინა თავი.
გულის კუნთის ჰიპერტროფია, გულისხმობს მისი კედლის ან კედლების გასქელებას და შეიძლება გამოწვეული იყოს მრავალი მიზეზით. ძირითადი მიზეზებია გულის გადაძაბვა მოცულობით ან წნევით. მაღალი წნევის ზემოქმედებას გულის კედელზე მოსდევს გულის კუნთის გასქელება.
ქვემო კიდურების ტკივილი
აღნიშნულს სხვადასხვა გამომწვევი მიზეზი აქვს. ზოგი აცივებას ან წვიმიან, ნესტიან ამინდს ეხმიანება ამგვარად, ზოგი – დათბობას, ზოგისთვის ამინდს მნიშვნელობა არ აქვს, ზოგს დღის ბოლოს ახსენებს თავს ფეხების სიმძიმე, ზოგს კი სიარული უჭირს.
ქვემო კიდურების ტკივილის გამომწვევი მიზეზი შესაძლოა, იყოს:
- დეჰიდრატაცია;
- კალიუმის, ნატრიუმის, კალციუმის, მაგნიუმის დეფიციტი;
- რომელიმე პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენება;
- ბრტყელტერფიანობა;
- ოსტეოართრიტი;
- რევმატიული ართრიტი;
- ფიბრომიალგია;
- ქრონიკური ვენური დაავადება;
- ხერხემლის პათოლოგია.
თქვენს შემთხვევაში მნიშვნელოვანია ბევრი ფაქტორის დაზუსტება, რაც მიმოწერის რეჟიმში შეუძლებელია, თუმცა რაც ვიცით, გაქვთ ხერხემლის ქრონიკული პათოლოგია, რომელიც გაღრმავდებოდა. ასევე არ არის გამორიცხული ასაკობრივი ცვლილებები გქონდეთ მენჯ-ბარძაყის სახსრებში და ის იყოს შერწყმული ოსტეოპოროზთან, რაც ქალის რეპროდუქციული ასაკის მიწურულში იჩენს ხოლმე თავს.
ეს პრობლემები კომპლექსურადაა მისახედი და მოითხოვს კვალიფიციურ საექიმო ჩართულობას, რასაც, მოგეხსენებათ, დისტანციურად ვერ მოვახერხებთ.
თუმცა შევეცდებით მოგცეთ გარკვეული რჩევები:
- ეცადეთ შეიმსუბუქოთ ფიზიკური დატვირთვა;
- თავისუფალი დროს მოერიდეთ ჯდომას და შეეცადეთ წამოწვეთ;
- წოლის დროს დაასვენეთ ხერხემალი, რისთვისაც კარგი იქნება წოლა ზურგზე დაბალი ბალიშით, ან მუცელზე წოლა განზე გაშლილი ხელებით;
- ძილის დროს არ დაწვეთ გვერდზე, ან მოხრილ მდგომარეობაში;
- ზუგზე წოლისას ეცადეთ ქვედა კიდურები მოათავსოთ შედარებით მაღალ პოზიციაში;
- ტკივილის შემსუბუქების მიზნით გამოიყენეთ ადგილობრივად წასასმელი საშუალებები ( არასტეროიდული მედიკამენტების შემცველი მალამოები );
- შინაგანად მოსაღებად კვლავ გააგრძელეთ დანიშნული პრეპარატები.
გახსოვდეთ, რომ მთავარია მოერიდოთ თქვენს ფიზიკურ შესაძლებლობებთან შედარებით აღმატებულ დატვირთვას.
- ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/shekitxva-eqims/kardiologia-/22
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!