გულის რევის შეგრძნება - გასტროენტეროლოგია

კითხვა: მოგესალმებით, პირველ რიგში მადლობას გიხდით ყურადღებისთვის, კიდევ მაქვს შეკითხვა ჩემი ავადმყოფის შესახებ, მან გაიკეთა ნაღვლის ბუშტის ოპერაცია, გართულებული პანკრეასით, შემდეგ მოუვიდა ნაწლავების გადაგრეხვა, ამის ოპერაციაც წარმატებით ჩატარდა, აღდგა ნაწლავების პერისტალტიკა, მაგრამ ავადმყოფს აქვს გამუდმებული გულის რევის შეგრძნება, ხანდახან პირღებინებაც, გამოიკვლიეს და ამბობენ რომ ეს არ არის გამოწვეული კუჭნაწლავიდან, თუ შეიძლება მიპასუხეთ რისი ბრალი შეიძლება იყოს ეს მდგომარეობა?. კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას გულისხმიერებისათვის.
პასუხი:

მოგესალმებით,
გულისრევა შესაძლოა, უამრავმა მიზეზმა გამოიწვიოს,  მაგალითად:

  •  გასტროპარეზი (მდგომარეობა როდესაც კუჭის კედლის კუნთები ნორმალურად ვერ ფუნქციონირებენ, რაც მონელებას უშლის ხელს);
  •  ობსტრუქცია ნაწლავებში;
  •  შაკიკი;
  •  ვირუსული გასტროენტერიტი (კუჭის გრიპი);
  •  ვესტიბულური ნევრიტი;
  •  პანკრეატიტი;
  •  კუჭის წყლული;
  •  ღვიძლის უკმარისობა;
  •  გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი;
  •  გულის უკმარისობა.

როგორც წინა შეტყობინებაში აღნიშნეთ, პაციენტს ჩატარებული აქვს ქოლეცისტექტომია, ზოგიერთ ადამიანს, ვისაც აქვს ჩატარებული ქოლეცისტექტომია შესაძლოა ჰქონდეს ისეთი სიმპტომები, როგორიცაა მუცლის შებერილობა, დიარეა, გულის რევის შეგრძნება ცხიმიანი ან ცხარე საკვების მიღების შემდეგ. თუ გარკვეული ტიპის საკვები იწვევს ასეთ სიმპტომებს, მაშინ უნდა ეცადოთ მათი საკვები რაციონიდან ამოღებას.
დისტანციურად გამომწვევი მიზეზის დიაგნოსტირება შეუძლებელია, ამიტომ, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების თავიდან აცილების მიზნით, სასურველია, პირველ რიგში პაციენტმა მიმართოს გასტროენტეროლოგს, რათა დარწმუნებით გამოირიცხოს გასტროენტეროლოგიური პათოლოგიები.
კვლავინდებურად გირჩევთ, მიჰყვეთ მკურნალი ექიმის რეკომენდაციებს.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა