კითხვა: გამარჯობა ვარ 30 წლის დილით მაქვს პირის ღრუში არასასიამოვნო სუნი და გემო თან ნერწყვი არის ყვითელი ფერის.
პასუხი:

მოგესალმებით!
პირიდან ცუდი სუნი ანუ ჰალიტოზი მეტად მნიშვნელოვანი სამედიცინო და სოციალური პრობლემაა.
სუნი ადამიანის ცხოვრებაში, უდავოდ, მნიშვნელოვან როლს ასრულებს - მან შეიძლება სიმპათიით ან ანტიპათიით განგვაწყოს, თანაც ისე, რომ არც კი გავაანალიზოთ ეს გარემოება.
არცთუ იშვიათად პირიდან არასასიამოვნო სუნი ადამიანს ცხოვრებას უნგრევს - არ იღებენ სამსახურში, ნაცნობები ერიდებიან მასთან ურთიერთობას.
პირის ღრუში მიკროორგანიზმების 600-მდე სახეობაა აღმოჩენილი და მათი უმრავლესობა ენის უკანა ზედაპირზეა ლოკალიზებული. ენის ეს ნაწილი შედარებით მშრალია და ცუდად იწმინდება, რაც ბაქტერიების გამრავლების საუკეთესო პირობაა.
პირის ღრუში არასასიამოვნო სუნის გამომწვევი მიზეზი შეიძლება იყოს:

  • რესპირატორული, ანუ სასუნთქი სისტემის დაავადებები;
  • კუჭის დაავადებები;
  • ღვიძლის დაავადებები, ღვიძლის ფუნქციური უკმარისობა;
  • თირკმელების ქრონიკული უკმარისობა;
  • უკონტროლო შაქრიანი დიაბეტი;
  • შიმშილი ( მოდური დიეტები);
  • სიგარეტი და ალკოჰოლი;
  • ჰორმონული დარღვევები;
  • სტომატოლოგიური პრობლემები.

როგორც მოგვითხრობთ, გაქვთ ყვითელი ფერის ნერწყვი, სავარაუდოდ საქმე გვაქვს კანდიდოზთან, რაც ასევე სტომატოლოგიური პრობლემაა.
გირჩევთ დიაგნოსტირებისათვის მიმართოთ სტომატოლოგს, რომ გამოირიცხოს სხვა პათოლოგიები და დროულად დაგენიშნოთ მკურნალობა.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა