ჰიპერტენზია - კარდიოლოგია

კითხვა: წნევა მაქვს 140/100-ზე. როგორ შეიძლება ქვედა ზღვარი 80-ზე რომ ჩამოვიყვანო?
პასუხი:

მოგესალმებით,
არტერიული ჰიპერტენზია წარმოადგენს გულის, თავის ტვინისა და თირკმლის სისხლძარღვოვანი დაავადებების განვითარების უმთავრეს რისკფაქტორს.
არტერიულ ჰიპერტენზიად ითვლება მდგომარეობა, როდესაც სისტოლური წნევა 140 მმ ვწყ. სვ ან უფრო მაღალია, ანდა დიასტოლური წნევა უტოლდება ან აღემატება 90 მმ ვწყ.სვ-ს. არტერიული ჰიპერტენზიის ასიდან 90-95 შემთხვევაში მიზეზი დაუდგენელი რჩება. ამას პირველადი, ესენციური ან იდიოპათიური ჰიპერტენზია ეწოდება.
ჰიპერტენზიულ პირებში, განსაკუთრებით კი 50 წელს გადაცილებულებში, პირველი რიგის ამოცანა სისტოლური წნევის კონტროლის მიღწევაა. სამიზნე არტერიულ წნევად ანუ იმ წნევად, რომელსაც უნდა მივაღწიოთ და შემდეგ შევინარჩუნოთ, მიჩნეულია <140/90 მმ ვწყ.სვ, რადგან ამ შემთხვევაში კარდიოვასკულური დაავადებების განვითარების ალბათობა საგრძნობლად მცირდება.
იმ პირებისთვის, რომელთაც აქვთ შაქრიანი დიაბეტი ან თირკმლის ქრონიკული უკმარისობა, სამიზნე წნევაა <130/80 მმ ვწყ. სვ.
ჰიპერტენზიულ პირთა დაახლოებით ორ მესამედში სამიზნე არტერიული წნევის მიღწევა ორი ან მეტი ანტიჰიპერტენზიული პრეპარატის საშუალებით ხერხდება.
გასათვალისწინებელია, რამდენად სწორად იზომავთ წნევას, იდეალურ შემთხვევაში , არ უნდა გქონდეთ მოშარდვის სურვილი, ცოტა ხნით ადრე ადგილი არ უნდა ჰქონდეს საკვებისა და კოფეინის მიღებას, თამბაქოს მოწევას ან ვარჯიშს, ასევე რეკომენდებულია წნევის გაზომვამდე სულ მცირე 5 წუთის მანძილზე დასვენება.
სისტოლის დროს აორტაში სისხლის გადასროლით წარმოქმნილ წნევას მაქსიმალურს უწოდებენ. ჯანმრთელი ადამიანის მაქსიმალური წნევა ასაკისა და გარემო პირობების მიხედვით ვწყ. სვ. 90-120-140 მმ-ის ფარგლებშია.
იმ ფაქტორთა შორის, რომლებიც დიასტოლური წნევის ხშირ ცვალებადობას იწვევს, უნდა აღვნიშნოთ:

  • სხეულის მდგომარეობის შეცვლა (ვერტიკალურიდან ჰორიზონტალურში გადასვლა ან პირიქით);
  •  ფიზიკური დატვირთვა;
  • საერთო დაძაბვა;
  •  თამბაქოს წევა.

დისტანციურად სრული ანამნეზისა და გამოკვლევების გარეშე, დიაგნოზის დასმა არაკორექტულია, ამავე მიზეზით ვერ მიგითითებთ მედიკამენტებზეც.
საჭიროა ჰიპერტენზიის გამომწვევი მიზეზის დადგენა, ამიტომ არ გირჩევთ თვითმკურნალობას.
შეგვიძლია შემოგთავაზოთ, კლინიკაში მიმდინარე აქციის ფარგლებში, სრულ კადრიოლოგიურ გამოკვლევაზე ფასდაკლება, დეტალური ინფორმაციისათვის მიჰყევით ბმულს: https://kirurgia.ge/full-article/chaitaret-sruli-kardiologiuri-gamokvleva-166-laris-nacvlad-99-larad/25670
ასევე შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ, ცხელი ხაზის ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა