კითხვა: მოგესალმებით,მაქვს კუჭის წყლული,გასტროსკოპიით დადასტურებული,ვინკურნალე,ეხლა მაქვს ტკივილი მარჯვენა ფერდის ქვეშ,სადაც მქონდა წყლული,ხელის მოძრაობის დროსაც მტმივა.დიეტაზე ვარ.იქნებ დამეხმაროთ,დიდი სიამოვნებით მივიღებ თქვენს რეკომენდაციებს და შესაძლებელია მედიკამენტების დანიშვნა,გთხოვთ.
პასუხი:

მოგესალმებით,
თქვენთვის განკუთვნილ პასუხში შეგიძლიათ, გაეცნოთ ისეთ ინფორმაციას როგორიცაა:

  • რა არის კუჭის წყლული;
  • რა იწვევს კუჭის წყლულს;
  • ჰელიკობაქტერიის ერადიკაცია;
  • კვება კუჭის წყლულის დროს.

კუჭის წყლული არის კუჭის ლორწოვანი გარსის ანთება, რომელიც ხშირ შემთხვევაში ქრონიკულ პათოლოგიას წარმოადგენს. მისი ყველაზე გავრცელებული სიმპტომი მუცლის ცენტრში მწველი ან მღრღნელი ტკივილია.
თუმცა, კუჭის წყლულების დროს ყოველთვის არ ვლინდება ტკივილი და ზოგიერთი ადამიანი შეიძლება სხვა სიმპტომებს უჩიოდეს, მაგალითად:

  • მოუნელებლობა (დისპეპსია);
  • გულძმარვა;
  • გულისრევა.

კუჭის წყლული ჩნდება, როდესაც ზიანდება კუჭის ფენა, რომელიც იცავს ამომფენ გარსს, რომ არ მოხდეს მისი დაზიანება და დაშლა კუჭის სიმჟავის ზემოქმედებით, შედეგად კი, კუჭის სიმჟავე იწყებს ამ ამომფენი გარსის დაშლას.
მისი ძირითადი გამომწვევია:

  • ჰელიკობაქტერია (H. pylori);
  • ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებები.

ჰელოკობაქტერიასთან ასოცირებული გასტროენტეროლოგიური დაავადება საჭიროებს ანტიბიოტიკებით ერადიკაციულ თერაპიას - „test and treat strategy“ (გამოვავლინოთ და მოვსპოთ), რაც მნიშვნელოვნად ამცირებს HP ასოცირებულ წყლულების რეციდივებსა და გართულებებს.
მიმოწერის რეჟიმში მედიკამენტებზე მითითებას ვერ მოგცემთ, ჩვენი მხრიდან შეგვიძლია, მხოლოდ მოგაწოდოთ ინფორმაცია სპეციალურ კვებაზე რომელიც ინიშნება კუჭის წყლოვანი დაავადების დროს.

აკრძალული პროდუქტებია:

  • ცომეული;
  • ცხიმიანი ხორცი;
  • თევზი;
  • კონსერვი;
  • შებოლილი პროდუქტი;
  • არაჟანი;
  • მჟავე, ცხარე, მლაშე საკვები;
  • მაკარონი;
  • ბურღულეული (წიწიბურა, სიმინდის ფაფა);
  • სოკო;
  • პომიდორი;
  • ხახვი;
  • გაზიანი სასმელები (მათ შორის მინერალურიც);
  • ყავა (მითუმეტეს ნალექიანი).

შეგიძლიათ მიირთვათ:

  • მანანის და ბრინჯის ფაფები;
  • მოხარშული კვერცხი ან ომლეტი;
  • მწიფე ხილი;
  • ქათმის ფილე;
  • ბოსტნეულის წვნიანი;
  • სტაფილოს სალათა;
  • ხაჭო.

kuchis_wyluli

სხვა დეტალური ინფორმაციის მისაღებად სასურველია, დისტანციურად დაუკავშირდეთ თქვენს მკურნალ ექიმს.
ასევე, თუ თქვენ არ იმყოფებით თვითიზოლაციის რეჟიმში და გაქვთ სახლის დატოვების უფლება, შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში გასტროენტეროლოგ ეკა ზალიკიანთან რომელიც ვიზიტისას შეაფასებს თქვენს მდგომარეობას, საჭიროების შემთხვევაში ჩაგიტარდებათ გამოკვლევები და ამის შემდგომ დაგენიშნებათ აპრობირებული და გაიდლაინებით დასაბუთებული მკურნალობა.
გაცნობებთ, რომ „ქირურგიის ეროვნული ცენტრი“ არ არის ჩართული COVID-19 ბრძოლის სქემაში, შესაბამისად ვიზიტი უსაფრთხოა.
სამედიცინო მომსახურების მისაღებად, საგანგებო მდგომარეობის გათვალისწინებით, ვიზიტისთვის აუცილებელია საშვი, რომელსაც გასცემს ჩვენი კლინიკა და ამით მოგეცემათ ქალაქში გადაადგილების საშუალება. ამისთვის კი, აუცილებლად უნდა დაგვიკავშირდეთ შემდეგ საკონტაქტო ნომერზე: 577 32 79 88.


სხვა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა