კვება ქოლეცისტექტომიის შემდეგ - რჩევები

კითხვა: 3 კვირის უკან გავიკეთე სასწრაფო გადაუდებელი ნაღვლის ბუშტის ოპერაცია, ქირურგიული კვეთით ამომაჭრეს კენჭებთან და ქვებთან ერთად... რათქმაუნდა დიეტას ვიცავ. მივარდება წნევა 80/50 ,90/60..რა საკვები უნდა მივიღო რომ წნევა დამირეგულირდეს.. შეიძლება თუ არა მოხარშული ჭარხალი... გუშინ მივირთვი ეგრეთწოდებული წვნიანი "ბორში " მხოლოდ სტაფილო, კარტოფილი, კომბოსტო, ჭარხლის შენაერთით.. მითხრეს არ შეიძლება მართალია თუ არა... კუჭის მდგომარეობა მაქვს კარგი... ჩემს ექიმს ვერ ვურეკავ რადგან მერიდება ყოველთვის ვერ შეაწუხებ დღეში ბევრ ოპერაციას აკეთებს.... წინასწარ მადლობა.. პატივისცემით
პასუხი:

მოგესალმებით,
თქვენთვის რეკომენდებულია გამომშრალი (წინა დღის) პური - ხორბლის, უფრო მეტად კი ჭვავის, ასევე - ორცხობილა, ხილის კომპოტი, ბოსტნეულის წვნიანი, მოხარშული მჭლე ხორცი - როგორც ფრინველის (ქათამი, ინდაური), ისე საქონლის.
თევზეული, უცხიმო ძეხვი და შაშხი, ბურღულის ფაფა - ძირითადად წყალზე მომზადებული, კვერცხი - არა უმეტეს ერთისა დღეში (თუ კარგად ინელებთ, შეიძლება ორიც), უმჯობესია თოხლოდ მოხარშული, ახალი ხაჭო (არა მჟავე), უცხიმო არაჟანი და ყველი, ასკილის ნახარში, ბაცი ჩაი, თაფლი, მურაბა, ჯემი.
ხილი და ბოსტნეული შეგიძლიათ მიირთვათ უმი და ორთქლზე მოხარშული. ცხიმი (მცენარეული თუ ცხოველური) უმჯობესია მზა კერძს დაემატოს. მცენარეული ზეთი საერთო ცხიმების 30%-ზე ნაკლებს არ უნდა შეადგენდეს. გეკრძალებათ ახალგამომცხვარი პური, ფენოვანი და საფუარზე მოზელილი ცომეული, ღვეზელები, ტორტები, ცხიმიანი ხორცი და თევზი, შებოლილი ცხიმიანი ძეხვეული, ღვიძლი, ტვინი, კონსერვები, შემწვარ-მოხრაკული კერძები, მარილიანი და ცხიმიანი ყველი, ცხიმიანი ხაჭო და არაჟანი, ერბოკვერცხი, ღორისა და ცხვრის ხორცი, მარგარინი, მწნილი, ბოლოკი, თევზის, სოკოსა და ხორცის ნახარშები, მდოგვი, პირშუშხა, ცხარე კერძები, შოკოლადი, ყავა, მაგარი ჩაი, კაკაო, ცივი, გაზიანი და ალკოჰოლური სასმელები. ყოველდღიური რაციონის შედგენისას გაითვალისწინეთ აგრეთვე ამა თუ იმ საკვებისადმი პირადი, ინდივიდუალური აუტანლობა.
მიმართეთ მკურნალ ექიმს, რადგან აუცილებელია მასთან მუდმივი კონტაქტი და მკურნალობის მიმდინარეობის კურსში ჩაყენება.
● ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/29/shekitkhva-eqims/26 

გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა