მოგესალმებით,
თქვენთვის განკუთვნილ პასუხში გაეცნობით შემდეგ ინფორმაციას:
- დონორობა საქართველოში;
- გვამის გადაცემა მეცნიერებისთვის – კანონი.
საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით ორგანოს გაცემა სიცოცხლეში შესაძლებელია მხოლოდ გენეტიკური ნათესავისთვის ან მეუღლისთვის გადასანერგად ან „დონორთა გაცვლის პროგრამაში“ მონაწილეობის შემთხვევაში. სხვა დანარჩენ შემთხვევაში, სიცოცხლეში ორგანოს დონორობა აკრძალულია.
დონორობა არის უფასო, ნებაყოფლობითი, ალტრუისტული ქმედება.
ორგანოს ან ქსოვილის გაცემაზე თანხის ან სხვა რაიმე მატერიალური საზღაურის მიღება, საქართველოში არსებული კანონმდებლობით ითვლება კრიმინალურ ქმედებად და ისჯება თავისუფლების აღკვეთით 8-დან 15 წლამდე.
სხეულის გადაცემა მეცნიერებისათვის
საქართველოს კანონმდებლობის მუხლი 112–ის მიხედვით, თუ პირს სიცოცხლეში აქვს გაცხადებული, რომ გამოყენონ მისი სხეულის ან მისი სხეულის ანატომიური სტრუქტურები სასწავლო ან/და სამეცნიერო კვლევის მიზნით – დასაშვებია. თუმცა, დაუშვებელია და კანონით დასჯადია მატერიალური საზღაურის გაცემა–მიღება.
ასევე, ასეთ შემთხვევაში, საგანმანათლებლო, სამეცნიერო ან სამედიცინო დაწესებულება ვალდებულია, გვამის სასწავლო ან/და სამეცნიერო კვლევის მიზნით გამოყენების შემდეგ უზრუნველყოს მისი დაკრძალვა დადგენილი წესით. გარდაცვლილის რელიგიური შეხედულებებისამებრ.
„ორგანოს ან ქსოვილის დონორთა რეგისტრატურაში“ გაწევრიანება შეგიძლიათ როგორც ონლაინ რეჟიმში, ისე ტელეფონის საშუალებით ან პირადად მისვლით საქართველოს ტრანსპლანტოლოგთა ასოციაციის საინფორმაციო ბანკში მისამართზე: (თბილისი, წინანდლის ქ.9, მეტრო "300 არაგველთან", ქალაქის I კლინიკური საავადმყოფოს ტერიტორია, ცენტრალური მიმღების შენობის II სართული, ზოგადქირურგიული კლინიკის ბაზა).
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, დაუკავშირდით ტრანსპლანტაციისა და დონორთა ბანკს ნომერზე 2 77 18 19.
გმადლობთ, რომ დაინტერესდით ჩვენი კლინიკით, გისურვებთ ჯანმრთელობას!