პერიოდული დაავადება - რჩევები

კითხვა: მოგესალმებით! ჩემს შვილს, რომელიც 33 წლისაა შარშან თურქეთის კლინიკაში დაუდგინეს პერიოდული დაავადება. იქ იმიტომ გავგზავნე, რომ აქ დიაგნოზს ვერ უსვამდნენ და სამ ოპერაციას მეუბნებოდნენ...შედეგი კი რა იქნებოდა, არავინ არაფერს ამბობდა.( წარმოიდგინეთ, თურქეთი რა დამიჯდა....) ახლა დიდი ტკივილები ტანჯავს. გამაყუჩებლებით ვეშველებით, ისიც დროებით. ბავშვობაში არაფერი არ ყოფილა. ეს დიდი ტკივილები ერთი წელია, რაც გრძელდება. ეროვნებაც შორსა ამ დავადებიდან, არც წინაპრებში ყოფილა არაფერი. იღებს ,,კოლხიცინს". მაინტერესებს, ამ ასაკში შეიძლება ეჩინა თავი? იქნებ ვტყუვდებით? საშველი არის თუ არა რამე? ერევანში მკურნალობას რა შედეგი მოაქვს?
პასუხი:

მოგესალმებით,
მოგაწვდით ზოგად ინფორმაციას.
მედიცინის მიღწევების მიუხედავად, მკურნალს ზოგიერთი დაავადების მხოლოდ ვარაუდი შეუძლია. მათ რიცხვშია ხმელთაშუა ზღვის ოჯახური ცხელებაც, რომელიც მრავალი სახელწოდებით არის ცნობილი:

  • პერიოდული დაავადება;
  • ოჯახური პაროქსიზმული პოლისეროზიტი;
  • ოჯახური ამილოიდოზი;
  • შებრუნებითი პოლისეროზიტი.

საქართველოში ეს დაავადება აღმოსავლეთში უფრო გვხვდება, ვიდრე დასავლეთში, რაც სომხეთთან მეზობლობით აიხსნება და კიდევ ერთხელ მიუთითებს მის გენეტიკურ წარმოშობაზე.
შეტევები ჩვილ ასაკშიც შეიძლება დაიწყოს, თუმცა ძალიან იშვიათად. ხმელთაშუა ზღვის ცხელება პირველი გამოვლენა უმეტესად 5-დან 15-20 წლამდეა მოსალოდნელი. ამის შემდეგ ხშირია რემისია, დაახლოებით 25-დან 40 წლამდე დაავადება კვლავ აქტიურია, მერე კი ისევ წყნარდება. ძალზე იშვიათია პერიოდული დაავადების პირველი გამოვლენა 60 წლის შემდეგ.
რაც შეეხება კოლხიცინს, ის მცენარეული წარმოშობის პრეპარატია და ძირითადად უჯრედის გაყოფის ( მიტოზის) ერთ-ერთ ფაზაში ერთვება და ხელს უშლის ანთებითი უჯრედების გამრავლებას. აქედან გამომდინარე, კოლხიცინის გამოყენება მრავალი დაავადების დროს არის შესაძლებელი. ბევრჯერ სცადეს პერიოდული დაავადების ციტოსტატიკებით ან სტეროიდებით მკურნალობა, მაგრამ კოლხიცინი შეუცვლელი აღმოჩნდა. მისი მიღება ამცირებს შეტევების ინტენსივობას და გართულებების რისკს.
ერევანში მკურნალობასთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ვფლობთ, აქედან გამომდინარე პასუხის გაცემა რთულია, თუმცა ამ ეტაპზე, პაციენტს დანიშნული აქვს სათანადო მკურნალობა, რაც იმედია თავიდან აგაცილებთ დაავადების პროგრესირებასა და გართულებებს. მკურნალობის მიზანი კი სწორედ ეს არის, ვინაიდან დაავადება სამწუხაროდ ქრონიკულია. ვინაიდან გართულებათაგან ყველაზე ხშირია თირკმლების დაზიანება, რეკომენდებულია პერიოდულად ჩატარდეს შარდის საერთო ანალიზი, სისხლში კრეატინინის შემცველობის განსაზღვრა, საშარდე სისტემის ექოსკოპია. გარდა ამისა, პერიოდული დაავადებისას ტარდება რიგი სხვა კვლევები, თუმცა მათი ჩამონათვალი სჯობს თქვენმა მკურნალმა ექიმმა შეადგინოს.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა