ქოლეცისტექტომიის შემდგომი პერიოდი და კვება - რჩევები

კითხვა: 2006 წელს გავიკეთე ნაღველის ოპერაცია. მაინტერესებს რამდენად დატვირთულია ღგიძლი ამ დროს? როგორ დავიცვა ღვიძლი ზედმეტი დატვირთვისგან.
პასუხი:

მოგესალმებით,
თქვენთვის განკუთვნილ პასუხში გაეცნობით შემდეგ ინფორმაციას:

  • ცხოვრება ნაღვლის ბუშტის გარეშე;
  • რა თანმდევი მოვლენები ახლავს ქოლეცისტექტომიას;
  • კვების რეჟიმი.

ქოლეცისტექტომიის შემდგომი პერიოდი, გარკვეულწილად ცვლილებებს ახდენს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სხვა ორგანოების მუშაობაში.
იქიდან გამომდინარე, რომ ნაღველი უკვე ვეღარ გროვდება ბუშტში და ის გამოედინება არაკონცენტირირებული, ეს ყოველივე თორმეტგოჯა ნაწლავში კუჭუკანა ჯირკვლის ფერმენტების ნორმალურ აქტივაციას უშლის ხელს, რითაც ირღვევა საჭმლის მონელების მნიშვნელოვანი ნაწლავური ფაზა.
ამის შედეგად შეიძლება განვითარდეს ფაღარათი ან ყაბზობა, ნაწლავის მიკროფლორის დარღვევა.
აუცილებელია, რომ დაიცვათ კვების რეჟიმი. რეგულარულად იკვებოთ მცირე ულუფებით, ყოველ 2-4 საათში.
რაციონიდან უნდა გამორიცხოთ მძიმე და მავნე პროდუქტები: შემწვარი, ცხიმიანი, მარილიანი, შებოლილი საკვები.

რეკომენდებული საკვები

თქვენთვის რეკომენდებულია გამომშრალი (წინა დღის) პური - ხორბლის, უფრო მეტად კი ჭვავის, ასევე - ორცხობილა, ხილის კომპოტი, ბოსტნეულის წვნიანი, მოხარშული მჭლე ხორცი - როგორც ფრინველის (ქათამი, ინდაური), ისე საქონლის.
თევზეული, უცხიმო ძეხვი და შაშხი, ბურღულის ფაფა - ძირითადად წყალზე მომზადებული, კვერცხი - არა უმეტეს ერთისა დღეში (თუ კარგად ინელებთ, შეიძლება ორიც), უმჯობესია თოხლოდ მოხარშული, ახალი ხაჭო (არა მჟავე), უცხიმო არაჟანი და ყველი, ასკილის ნახარში, ბაცი ჩაი, თაფლი, მურაბა, ჯემი.
ხილი და ბოსტნეული შეგიძლიათ, მიირთვათ უმი და ორთქლზე მოხარშული. ცხიმი (მცენარეული თუ ცხოველური) უმჯობესია მზა კერძს დაემატოს. მცენარეული ზეთი საერთო ცხიმების 30%-ზე ნაკლებს არ უნდა შეადგენდეს.

აკრძალული საკვები

გეკრძალებათ ახალგამომცხვარი პური, ფენოვანი და საფუარზე მოზელილი ცომეული, ღვეზელები, ტორტები, ცხიმიანი ხორცი და თევზი, შებოლილი ცხიმიანი ძეხვეული, ღვიძლი, ტვინი, კონსერვები, შემწვარ-მოხრაკული კერძები, მარილიანი და ცხიმიანი ყველი, ცხიმიანი ხაჭო და არაჟანი, ერბოკვერცხი, ღორისა და ცხვრის ხორცი, მარგარინი, მწნილი, ბოლოკი, თევზის, სოკოსა და ხორცის ნახარშები, მდოგვი, პირშუშხა, ცხარე კერძები, შოკოლადი, ყავა, მაგარი ჩაი, კაკაო, ცივი, გაზიანი და ალკოჰოლური სასმელები. ყოველდღიური რაციონის შედგენისას გაითვალისწინეთ აგრეთვე ამა თუ იმ საკვებისადმი პირადი, ინდივიდუალური აუტანლობა.
მიმართეთ მკურნალ ექიმს, რადგან აუცილებელია მასთან მუდმივი კონტაქტი და მკურნალობის მიმდინარეობის კურსში ჩაყენება.

გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა