მოგესალმებით,
თქვენთვის განკუთვნილ პასუხში იხილავთ შემდეგ ინფორმაციას:
- რა არის მეტეორიზმი;
- რა იწვევს შებერილობას;
- რომელ დაავადებებს ახასიათებთ მეტეორიზმი;
- რა არის გასტროსკოპია;
- კვება შებერილობის დროს.
მეტეორიზმი ანუ მუცლის შებერილობა შეიძლება აწუხებდეს ყველა ადამიანს, განურჩევლად ასაკისა, ცხოვრების წესისა ან ჯანმრთელობის მდგომარეობისა. შებერილობა ზოგჯერ ჯანმრთელ ადამიანებსაც აწუხებთ, თუმცა უმეტესად წარმოადგენს კუჭ-ნაწლავის სისტემის ფუნქციის ერთ-ერთ დარღვევას. მის შედეგად იზრდება ნაწლავებში აირების ჭარბი მოცულობა, რაც, თავის მხრივ, იწვევს შებერილობისა და „სავსე მუცლის“ შეგრძნებას.
მუცლის შებერილობას ხანმოკლე ტკივილი ახასიათებს. კვების დროს გადაყლაპული აირები ჯანმრთელი ადამიანის ორგანიზმიდან, ბოყინის სახით, თავისით გამოიყოფა, რაც საკვების მიღების შემდეგ ნორმად ითვლება.
საკვების არასრული მონელების შედეგად ნაწლავებში წარმოქმნილი აირები მუცლის არეში დისკომფორტს იწვევს, განსაკუთრებით – მსხვილი ნაწლავის (კოლინჯის) ფიზიოლოგიური ნაკეცების გასწვრივ, ადამიანმა შესაძლოა იგრძნოს ყრუ ან მკვეთრი, მჭრელი ტკივილი მუცლის ზედა ან შუა ნაწილში.
მეტეორიზმის განვითარებას, ასევე ხელს უწყობს უჯრედისით, სახამებლითა და პექტინით მდიდარი ისეთი საკვების მიღება, როგორიცაა:
- პარკოსნები (ლობიო);
- ბროკოლი;
- კომბოსტო;
- ხილი;
- მარცვლეული;
- კარტოფილი.
შებერილობა შესაძლოა, თან ახლდეს ისეთ დაავადებებს, როგორიცაა:
- გასტრიტი;
- დუოდენიტი;
- ნაწლავების ანთებითი დაავადებება;
- ღვიძლისა და სანაღვლე გზების პათოლოგიები.
დიაგნოსტირებისა და მკურნალობის ჩასატარებლად მხოლოდ ექოსკოპია არ არის საკმარისი.
ვფიქრობთ, აუცილებელია ჩატარდეს გასტროსკოპია, ეს გახლავთ პროცედურა, რომლის საშუალებითაც თხელი, მოქნილი მილი - ენდოსკოპი - გამოიყენება საყლაპავი მილის, კუჭის და წვრილი ნაწლავის პირველი ნაწილის შიგნიდან დასათვალიერებლად.
მიმოწერის რეჟიმში მედიკამენტებზე მითითებას ვერ მოგცემთ, რადგან ეს ჩვენი მხრიდან არაპროფესიული და არაეთიკური იქნება. მითუმეტეს, არ ვიცით რა არის შებერილობის გამომწვევი.
თუმცა, რეკომენდაციის სახით შეგვიძლია, მოგცეთ რამდენიმე რჩევა სათანადო კვებისთვის.
კვების რაციონიდან ამოიღეთ ან შეზღუდეთ შემდეგი საკვები:
- კომბოსტო;
- პარკოსნები;
- ვაშლი;
- გაზიანი სასმელები;
- ლუდი;
- ყურძენი;
- რძის პროდუქტები;
- შებოლილი ხორცი;
- ცხიმიანი საკვები;
- ხახვი;
- ბადრიჯანი;
- ურთიერთშეუთავსებელი პროდუქტები.
შეგიძლიათ მიირთვათ შემდეგი საკვები:
- სტაფილო;
- წიწიბურა;
- იოგურტი;
- ყველი;
- ანანასი;
- ვაშლი;
- პიტნის ჩაი;
- კამის ჩაი.
რაც მთავარია. მიირთვით ნელა და ლუკმა კარგად დაღეჭეთ.
მიმართეთ მკურნალ ექიმს იმ ქვეყანაში სადაც ახლა იმყოფებით, რადგან მხოლოდ მისი პრეროგატივაა შეცვალოს ან შეწყვიტოს დანიშნულება.
სამშობლოში დაბრუნებისას კი, თუ პრობლემა კვლავ აქტუალური იქნება, ჩვენი კლინიკის მაღალკვალიფიციურ ექიმთა გუნდი გაგიწევთ სათანადო დახმარებას.
- ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/shekitxva-eqims/gastroenterologia/24
ქირურგიის ეროვნული ცენტრის სახელით გისურვებთ ჯანმრთელობას!