სისხლის საერთო ანალიზი, მაღალი ტემპერატურა - რჩევები

კითხვა: მოგესალმებით! სისხლის საერთო ანალიზში მარილი სიცხეების შემდეგ მიწევს გადამოწმებები უკვე მესამედ ვამჩნევ, რომ ეოზინოფილები 0.03 მაქვს და ნორმაზე დაბალი ჰემოკრიტი 39 მაქვს და ნორმა 42-იდან იწყება, ასევე მონოციტები 11 მაქვს და ნორმა 9-მდეა. ჩემი ექიმი არ აქცევს ამას ყურადღებას , მაგრამ მე არ მომწონს ეს მაჩვენებლები რატომ არ რეგულირდება, სხვა ყველაფერი ნორმაშია . წავიკითხე ეოზინოფილების ნაკლებობა სეფსისის და ტუბერკულიოზის დროს არისო რედგენი გავიკეთე ფილტვებში არაფერი ჩანს ორგანულადაც თითქოს ყველაფერი რიგზეა, ხანდახან შემცივნება მაქვს ხოლმე და ნაშუადღევს 37 სიცხე .
პასუხი:

მოგესალმებით,
სისხლის საერთო ანალიზს სხვაგვარად სისხლის კლინიკურ ანალიზს უწოდებენ. მას ყველაზე ხშირად მიმართავენ სხვადასხვა დაავადების დიაგნოზირებისთვის. ამ ანალიზით განსაზღვრული პარამეტრები ფიზიოლოგიური თუ პათოლოგიური ფაქტორების საპასუხოდ განვითარებულ ორგანიზმის რეაქციას ასახავს.
ნებისმიერი დაავადების არსებობას აქვს თავისი ლაბორატორიული ნიშნები,თუმცა ამის შესახებ, კონკრეტული საჭიროების შემთხვევაში, საჭიროა იმ სპეციალისტის მიერ იქნეს შეფასება გაკეთებული, ვინც ეს კვლევა დანიშნა , რადგან ლაბორატორიული კვლევების ინტერპრეტირებისათვის, მიღებულ ციფრებთან ერთად მნიშვნელოვანია კლინიკური სურათის გათვალისწინება .
რაც შეეხება სხეულის ტემპერატურას, ის ადამიანისათვის პრაქტიკულად მუდმივია და დღე-ღამის განმავლობაში უმნიშვნელოდ (დაახლოებით 0,3-0,5 გრადუსით) იცვლება - დღისით უფრო დაბალია, საღამოს კი ოდნავ იმატებს. ჯანმრთელი ადამიანის სხეულის ტემპერატურა იღლიის ფოსოში 36-დან 36,8 გრადუსამდე მერყეობს, თუმცა შესაძლოა 36 გრადუსზე ოდნავ დაბალი ან 37 გრადუსზე ოდნავ მაღალიც ჰქონდეს.
გაზომვა საჭიროა დღეში ორჯერ: დილით 7-დან 9 საათამდე და საღამოს დაახლოებით 18 სთ-ზე --10 წუთით. თუ სხეულის ტემპერატურამ 37 გრადუსზე ზემოთ აიწია და ასე გაგრძელდა 5 საათზე მეტხანს - ეს ორგანიზმის ნორმალური დაცვითი რეაქციაა.
პირობითად, სუბფებრილიტეტის გამომწვევი დაავადებები შეიძლება ორ ჯგუფად - ინფექციურ და არაინფექციურ პათოლოგიებად დავყოთ.
ინფექციათაგან უნდა ვახსენოთ ტუბერკულოზი, რომელზეც როგორც მოგვითხრობთ ჩაგიტარდათ კლინიკური კვლევა და პათოლოგიური უბანი არ გამოიკვეთა.
ასევე მნიშვნელოვანია ორგანიზმში არსებული ანთების ქრონიკული კერები - კბილის გრანულომა, წიაღების ანთება, ნუშურა ჯირკვლების ანთება. უნდა გამოირიცხოს უროლოგიური პრობლემა თუ ამ მხრივ ყველაფერი წესრიგში იქნა მაშინ შეიძლება სიცხე ნევროზული ხასიათის იყოს.
ტემპერატურის მაჩვენებლები ასევე დამოკიდებულია საკვების მიღებაზე, ემოციურ ლაბილურობაზე, ვარჯიშზე, გაზომვის წინ ცივი ან ცხელი აბაზანის მიღებასა და კლიმატურ პირობებზე – გარემოს მაღალი ტემპერატურისა და მაღალი ტენიანობის პირობებში ის შესაძლოა ჩვეულზე 0.9°C-ით მეტი იყოს. მიუხედავად ამისა თუ თქვენთვის ეს სიმპტომი უჩვეულოა, წარსულში მსგავსი არ შეგიმჩნევიათ და იწვევს სუბიექტურ ჩივილებს, პრევენციისათვის გირჩევთ გამოიკვლიოთ ზემოთ აღნიშნული სისტემები ( კბილის გრანულომა,სინუსები,შარდ–სასქესო სისტემა) ან მიჰყვეთ მკურნალი ექიმის რეკომენდაციას.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა