კითხვა: მოგესალმებით.ერთი წლის წინ მქონდა წითელი ქარი.იმის მერე ვიკეთებ ბიცილინ 5 ს.მოქმედებს თუ არა ეს დაავადება სიცოცხლის ხანგრძლივობაზე და ამ წამალს აქვს თუ არა რამე უკუჩვენება? მადლობა წინასწარ
პასუხი:

მოგესალმებით,
წითელი ქარი კანის ზედაპირული ბაქტერიული ინფექციაა, რომელსაც ახასიათებს ცხელება, ინტოქსიკაცია და კანის შემოსაზღვრული მონაკვეთის ანთებითი დაზიანება.
ადრეულ ხანაში სტრეპტოკოკით გამოწვეული ინფექცია პაციენტის სახეზე ლოკალიზდებოდა, ამჟამად კი უმთავრესად ქვედა კიდურებზე იჩენს თავს.
დაავადების განვითარების უმთავრესი ეტაპია კანის მთლიანობის დარღვევა, რის შედეგადაც მასში ინფექციის გამომწვევი მიკროორგანიზმი იჭრება. ინფექციური პროცესის განვითარებას ხელს უწყობს ადგილობრივი ფაქტორები – ვენური უკმარისობა, დაწყლულება, კანის ანთებითი დაავადება, სოკოვანი ინფექცია, მწერის ნაკბენი, ქირურგიული ინფექცია.
დაავადების განვითარებას ხელს უწყობს შაქრიანი დიაბეტი, ალკოჰოლიზმი, შიდსი, ნეფროზული სინდრომი და სხვა ისეთი მდგომარეობები, რომელთა დროსაც იმუნური სისტემაა დაზიანებული. წითელი ქარის უმნიშვნელოვანესი რისკფაქტორი მაინც ლიმფის მოძრაობის დარღვევა – ლიმფოსტაზია. ინფექცია სწრაფად ვრცელდება ლიმფური სადინარების მეშვეობით, რასაც შესაძლოა მიმდებარე ლიმფური კვანძების გადიდება მოჰყვეს.
დაავადება ნებისმიერი ასაკში გვხვდება.
წითელი ქარის ყველაზე ხშირი გართულებებია აბსცესი ანუ ჩირქგროვა, განგრენა და თრომბოემბოლია. იშვიათად შეიძლება აღმოცენდეს გლომერულონეფრიტი, ენდოკარდიტი, სეფსისი და ტოქსიკური შოკი. იშვიათადვე შეიძლება დაზიანდეს ახლომდებარე სახსრები, აღმოცენდეს ბურსიტი, ოსტეიტი, ართრიტი და ტენდინიტი.
რაც შეეხება ბიცილინ 5–ს, გაუგებარია რას ნიშნავს „ მას შემდეგ ვიკეთებ“ და ვის მიერ იყო არჩეული მკურნალობის სქემა .ნებისმიერ წამალს და მათ შორის ნებისმიერ ანტიბიოტიკს აქვს თავისი გვერდითი მოვლენები და უკუჩვენებები .ამიტომ ისინი ინიშნებიან მხოლოდ მკაცრი ჩვენების შემთხვევაში ,გარკვეული დროით და გარკვეული დოზირებით ,ხოლო დანიშვნა ექიმის პრეროგატივაა და თუ თქვენ მკურნალობას იტარებთ თვითნებურად ,ეს კარგ შედეგს ვერ მოგიტანთ .აუცილებელია მიმართოთ ექიმ–ინეფქციონისტს .
კლინიკაში გვყავს მოწვეული სპეციალისტი ინფექციონისტები, თუმცა ჩვენს კლინიკაში ამბულატორიულად ვერ მოგამსახურებით. შესაბამისად,უმჯობესია მიმართოთ სპეციალიზირებულ დაწესებულებას.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა