კითხვა: მოგესალმებით მტკივა მარცხენა ყური ძალიან გამონადენი არ მაქვს წვეთებს ვისხავ მაგრამ არ მშველის და როგორ ვიმკურნალო სახლის პირობებში ექიმთან ვერ მივდივარ ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე.
პასუხი:

მოგესალმებით,
მაღალკვალიფიციური ექიმების მიერ, თქვენთვის გაცემულ პასუხში გაეცნობით შემდეგ ინფორმაციას:

  • რა არის ოტალგია;
  • რა იწვევს ყურის ტკივილს;
  • ოტალგიის სიმპტომები;
  • პირველადი ოტალგიის მიზეზები;
  • მეორადი ოტალგიის მიზეზები;
  • ყურის ტკივილის მკურნალობა.

ყურის ტკივილი სამედიცინო ტერმინოლოგიით აღინიშნება როგორც ოტალგია. ხშირ შემთხვევაში, იგი გამოწვეულია რთული ნერვული კავშირებით, ამიტომ, ტკვილის მიზეზი უნდა ვეძიოთ არამხოლოდ ყურში, არამედ, თავისა და კისრის სტრუქტურებში, სტომატოლოგიურ, ხახის უკანა კედლის მიდამოსა და ცხვირის ღრუს ანთებით პროცესებში.
თქვენს შემთხვევაში დასაზუსტებელია, ყურის ტკივილს ხომ არ ახლავს თან:

  • ყურის დაგუბება;
  • გარეთა სასმენი მილის შეშუპება;
  • ყურის სიწითლე;
  • თეთრი გამონადენი;
  • აძლიერებს თუ არა ტკივილს ღეჭვითი მოძრაობა.

როდესაც ყურის ტკივილის მიზეზი საკუთრივ ყურია (პირველადი ოტალგია), მაშინ როგორც წესი, ყურის დათვალიერებით ვლინდება პათოლოგია. ხოლო როდესაც ტკივილის მიზეზი ყური არ არის (მეორადი ოტალგია), მაშინ ოტოსკოპიური სურათი ნორმალურია.
პირველადი ოტალგიის მიზეზებია:

  • უცხო სხეული;
  • გარეთა ოტიტი;
  • შუა ოტიტი;
  • ბაროტრავმა.

მეორადი ოტალგიის მიზეზებია:

  • სტომატოლოგიური მიზეზები (მაგ: კარიესი, პერიდონტალური აბსცესი, პულპიტი);
  • საფეთქელ-ქვედაყბის სახსრის სინდრომი;
  • ფარინგიტი ან ტონზილიტი;
  • ხერხემლის კისრის ნაწილის ართრიტი;
  • იდიოპათიური (დაუდგენელი) მიზეზი.

ყურის ტკივილის დიფერენციული დიაგნოსტიკა ემყარება ანამნეზს, ფიზიკური გასინჯვისა და ოტოსკოპიის მონაცემებს. ანამნეზური მონაცემებიდან საყურადღებოა:

  • პაციენტის ასაკი;
  • ტკივილის ლოკალიზაცია;
  • ტკივილის ირადიაცია;
  • ტკივილის ინტენსივობა.

yuris_tkivili

თუმცა გასათვალისწინებელია, რომ ტკივილის ინტენსივობა არ მიანიშნებს პროცესის სერიოზულობას. მაგ, სიმსივნით გამოწვეული ტკივილი შეიძლება იყოს მსუბუქი, მაშინ როდესაც კბილების კარიესით ან შუა ყურის ანთებით გამოწვეული ტკივილი შეიძლება იყოს ძლიერი.
სათანადო მკურნალობის გარეშე შესაძლოა, მან გამოიწვიოს ევსტაქის, ანუ ცხვირ-ხახა-ყურის დამაკავშირებელი მილის ანთება, შეშუპება და აერაციის დაქვეითება ყურში. რაც შემდგომში გადადის შუა ყურის მწვავე ანთებაში.
მკურნალობის თვალსაზრისით ინიშნება:

  • ანალგეტიკური მედიკამენტები;
  • არასტეროიდული ანთებისსაწინააღმდეგო პრეპარატები;
  • ამინოგლიკოზიდები;
  • სტეროიდების წვეთები;
  • დაბალი PH-ის მქონე ანტისეპტიკური საშუალებები;
  • მიორელაქსანტები.

ხოლო, თუ ტკივილი ბაქტერიითაა გამოწვეული - ინიშნება ანტიბიოტიკი.
თავი აარიდეთ დამოუკიდებლად მკურნალობას, არასწორად შერჩეულმა წვეთებმა შესაძლოა, გამოიწვიოს სმენის დაქვეითება ან სრული სიყრუე.
თუ თქვენ არ იმყოფებით თვითიზოლაციის რეჟიმში და გაქვთ სახლის დატოვების უფლება, შეგიძლიათ, მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში, ოტო-რინო-ლარინგოლოგთან კონსულტაციაზე, სადაც ქალბატონი რუსუდან კონცელიძე გაგიწევთ დახმარებას.
გაცნობებთ, რომ „ქირურგიის ეროვნული ცენტრი“ არ არის ჩართული COVID-19 ბრძოლის სქემაში, შესაბამისად ვიზიტი უსაფრთხოა.

სხვა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა