რა მივირთვათ ცუდი ქოლესტერინის დასაქვეითებლად?

რა მივირთვათ ცუდი ქოლესტერინის დასაქვეითებლად?

ქოლესტერინი ორგანული ნაერთია, რომელიც ორგანიზმში მნიშვნელოვან როლს ასრულებს.

ის შედის უჯრედების პლაზმური მემბრანის შემადგენლობაში. ქოლესტერინი აუცილებელი სუბსტანციაა სტეროიდული ჰორმონების წარმოქმნისთვის, ნაღვლის მჟავებისა და D ვიტამინის გამომუშავებისთვის. მნიშვნელოვან როლს ასრულებს ნერვული და იმუნური სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებაში.

საერთო ქოლესტერინი იყოფა ფრაქციებად: დაბალი სიმკვრივის, ცუდი ქოლესტერინი და მაღალი სიმკვრივის – კარგი ქოლესტერინი, რომელთა შორის არსებული დისბალანსიც საჭიროებს გამოსწორებას.

გვესაუბრება ქირურგიის ეროვნული ცენტრის ენდოკრინოლოგი ანა ჭოხონელიძე.

სასურველია, კვების რაციონში შეზღუდოთ ნაჯერი ცხიმები, ტრანსცხიმები. თანამედროვე რეკომენდაციების მიხედვით, კვების რაციონის საერთო კალორაჟის 50% ნახშირწყლებზე, 20% ცილებზე, ხოლო არა უმეტეს 30% ცხიმებზე უნდა მოდიოდეს. ნაჯერი და ტრანსცხიმები საერთო კალორაჟის 10%–ზე ნაკლები უნდა იყოს.

მაღალი ნაჯერი ცხიმების შემცველობით ხასიათდება შემდეგი ტიპის პროდუქტები:

  • ხორცის ქონიანი ნაჭრები;
  • ხორცის პროდუქტები, ძეხვეული, ხორციანი ღვეზელები და ა.შ;
  • კარაქი, ცხოველური წარმოშობის ერბო და ღორის ქონი;
  • ყველი, განსაკუთრებით კი მაგარი ყველი;
  • არაჟანი, ნაღები და ნაყინი;
  • ბისკვიტები, ნამცხვრები და ცხოველურ ცხიმზე დამზადებული საკონდიტრო ნაწარმი.

ნაჯერი ცხიმების მსგავსად, ტრანსცხიმებსაც შეუძლიათ სისხლში ქოლესტერინის დონის მომატება და ამის გამო, რეკომენდებული, დასაშვები ენერგიის რაოდენობა მიღებული ტრანსცხიმებისგან, არ უნდა აღემატებოდეს მთელი ჩვენი მიღებული ენერგიის 2%–ს.

ტრანსცხიმებს უმეტესწილად მოჭარბებით შეიძლება შეიცავდეს: ჰიდროგენიზებული მცენარეული ცხიმები, მცენარეული მარგარინების და ცხიმის შემცველი პროდუქტები.

გახსოვდეთ, რომ ყველა სახის ცხიმი არ არის საზიანო ორგანიზმისთვის, პირიქით ზოგიერთი ცხიმი აუცილებელია და ზოგჯერ მეტის მიღებაცაა საჭირო.

ნაჯერი ცხიმების უჯერით ჩანაცვლება შეიძლება დაეხმაროს ორგანიზმს სისხლში ცუდი ქოლესტერინის რაოდენობის შემცირებაში და კარგი ქოლესტერინის დონის გაზრდაში.

უჯერი ცხიმები, როგორიცაა ე.წ. ომეგა 3, ცნობილი როგორც აუცილებელი ცხიმოვანი მჟავები, გვხვდება შემდეგ პროდუქტებში:

  • ცხიმოვანი თევზები, როგორიცაა ორაგული, სარდინები და სკუმბრია;
  • თხილი, მიწისთხილი, მზესუმზირა, კაკაო და ა.შ;
  • მზესუმზირის და ზეითუნის ზეთები;
  • უჯერი ცხიმები გვხვდება ხილსა და ბოსტნეულშიც.

ზოგიერთ პროდუქტს ცუდი ქოლესტერინის დაქვეითება შეუძლია, მაგალითად:

  • ავოკადოს;
  • ჩაის;
  • ნიგოზს;
  • თევზს;
  • შავ შოკოლადს;
  • სოიოს;
  • ლობიოს;
  • ხილს (ვაშლი, მსხალი, ფორთოხალი, ლიმონი, კენკრის სმუზი);
  • ბოსტნეულს (განსაკუთრებით სასარგებლოა ბადრიჯანი).

ენდოკრინოლოგის რამდენიმე სასარგებლო რჩევა ჩვენს მკითხველს:

  • ყურადღებით წაიკითხეთ ეტიკეტზე პროდუქტის შემადგენლობისა და კვებითი ღირებულების ჩამონათვალი;
  • როცა ხორცს ყიდულობთ, შეარჩიეთ მჭლე ნაჭრები;
  • ტაფაზე შეწვის ნაცვლად გამოაცხვეთ, მოხარშეთ, შეწვით გრილზე ან ორთქლზე;
  • კერძები მაქსიმალურად გაამდიდრეთ ბოსტნეულით;
  • წვნიანს ზედაპირზე დაგროვებული ხილული ცხიმი მოაცილეთ.

ქირურგიის ეროვნული ცენტრის მისამართი: ქალაქი თბილისი, დიღომი, ჩაჩავას N5.

ქირურგიის ეროვნულ ცენტრს შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ქოლ–ცენტრის დახმარებით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.

გისურვებთ ჯანმრთელობას!