სახელი, გვარი: ნანა თავამაიშვილი.
პოზიცია: კარდიოლოგ–რადიოლოგი.
განათლება: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი, სამკურნალო საქმე.
ჰობი: მუსიკა, თეატრი.
„ჩემი და ქირურგიის ეროვნული ცენტრის ურთიერთობა 49 წლის წინ დაიწყო და კლინიკაში მისვლა დღესაც ისე მახარებს, როგორც ადრე. კლინიკაში ინსტიტუტის დამთავრებისთანავე დავიწყე მუშაობა. პირდაპირ ჩავირიცხე უმცროს მეცნიერ თანამშრომლად და მახსოვს ამით ძალიან ვამაყობდი, ასევე დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობდი. არც კი ვიცი როგორ განვითარდებოდა ჩემი ცხოვრება კლინიკის გარეშე. 49 წლის წინ ქირურგიის ეროვნულ ცენტრში მუშაობის ჩემი პირველი დღე ნათლად მახსოვს; პირადად კონსტანტინე ერისთავმა მიმიღო, ვისი სახელობისაც დღეს ჩვენი კლინიკაა და რომელიც მაშინ დირექტორი გახლდათ. ოთახში შევხვდი ბუმბერაზ ქირურგს, უდიდეს მეცნიერს და რა გასაკვირია რომ ვღელავდი. ბატონი კონსტანტინე არაჩვეულებრივი პიროვნება იყო, თანამშრომლები სიყვარულით ბაბუას ვეძახდით. მუსიკალურ სასწავლებელში ვსწავლობდი. ოჯახში სტუმრებისთვისაც დიდი სიამოვნებით ვუკრავდი. ზოგადად, მუსიკალური ოჯახი მყავს – ჩემი ძმები არაჩვეულებრივად მღერიან. გაგიკვირდებათ, მაგრამ ზუსტად 10 წელია ფორტეპიანოზე არ დამიკრავს, არ ვიცი რატომ... შესაბამისი განწყობა არ მაქვს. ვფიქრობ კიდეც ნამდვილად მე ვიყავი შოპენის ნოტებს რომ ვარჩევდი? ინტერვიუს დასაწყისში მკითხეთ დროის უკან დაბრუნება რომ შეგეძლოთ რას შეცვლიდითო. ალბათ 18 წლის ნანას თეატრთმცოდნეობა მოუნდებოდა და საბუთებს არა სამედიცინო ინსტიტუტში, არამედ თეატრალურში შეიტანდა. ძალიან მიყვარს თეატრი და დღემდე მსახიობების შესახებ ყველა ინფორმაციას სიამოვნებით ვკითხულობ. სპექტაკლებს ხშირად ვესწრები. ჩემთვის ფასდაუდებელი საჩუქარია სპექტაკლზე მიწვევა“, – განაცხადა ქალბატონმა ნანამ.