ინფექციის პრევენციის კვირეული

ინფექციის პრევენციის კვირეული

ქირურგიის ეროვნული ცენტრი

მე-20 საუკუნის მიწურულს სრულიად აშკარა გახდა, რომ კაცობრიობის ბრძოლა მიკროსამყაროსთან, ახალ საფეხურზე გადავიდა.

 

ერთი მხრივ, ეს განაპირობა ანტიმიკრობული პრეპარატების ძალების დასუსტებამ და მეორე მხრივ, მიკრობთა ვირულენტობის ზრდამ. სწორედ ამ პერიოდში გამოჩნდა ვირუსთა ახალი შტამები და გაჩნდა ახალი ეპიდემიები, რომლებმაც მნიშვნელოვნად შეარყია მეცნიერთა და წარმატებული ქვეყნების თავდაჯერებულობა, რომ ადამიანს უკვე მარტივად შეეძლო და მართავდა ინფექციებს, იმარჯვებდა და ამარცხებდა სხვადასხვა სახეობის ბაქტერიებით და   ვირუსებით გამოწვეულ დაავადებებს.

 

სწორედ ამ პერიოდში გაჩნდა თეზისი, რომ ანტიბიოტიკების ერა დამთავრებულია და აქედან გამომდინარე, გამოიკვეთა ტენდენცია, გადამწყვეტი მნიშვნელობა მინიჭებოდა ინფექციების პრევენციას და არა უკვე განვითარებული ინფექციების დამარცხებას.

 

1986 წელს, პრეზიდენტ რონალდ რეიგანის ინიციატივით დაწესდა „ინფექციის პრევენციის კვირეული“. ღონისძიება ყურადღებას ამახვილებს იმ ინფექციური დაავადებების პრევენციის გზებზე, რომლებსაც ადამიანისთვის ცხოვრების ჩვეული რიტმის დარღვევა,  ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება და სიცოცხლის მოსწრაფება შეუძლია.

 

რა თქმა უნდა, ბოლო ორი წელია, ინფექციის კვირეულის დღის წესრიგში კორონავირუსი და მისით გამოწვეული ჯანმრთელობის დაზიანების პრევენცია დგას. კოვიდ-19 პანდემიამ დაგვიმტკიცა, რომ ინფექციის პრევენცია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენ გარშემო მყოფი ადამიანებისთვის.

 

ყოველწლიურად გამართული კვირეული ემსახურება მიზანს, რომ თითოეულ ადამიანში ამაღლდეს ცნობიერება, კიდევ უფრო აღმატებით ჭრილში განიხილოს ინფექციით გამოწვეული პრობლემები, ისწავლოს მისგან თავის არიდება და მასთან ერთად ცხოვრება. მითუმეტეს, საცხოვრებელ გარემოში ყოველდღიურად ვხვდებით ინფექციის გადამცემ უამრავ წყაროს. ის შეიძლება, იყოს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, საგნები, საკვები პროდუქტები, საცურაო აუზები და ა.შ.

 

გამოყოფენ ჯანმრთელობისთვის ყველაზე დიდი ზიანის მომტანი ინფექციების ხუთეულს:

  • ტუბერკულოზი - ერთ-ერთი ყველაზე მომაკვდინებელი ინფექციური დაავადება. ბაქტერია, რომელიც ადამიანიდან ადამიანს ჰაერ-წვეთოვანი გზით გადაეცემა,  გასული წლის მონაცემებით, დაუდგინდა 10 მილიონ ადამიანს, რომელთაგან 1,5 მილიონი გარდაიცვალა;
  • წითელა - ძალიან გადამდები დაავადება, რომელსაც იწვევს ვირუსი და ვრცელდება ხველებით, ცემინებითა და ახლო კონტაქტით. ის ორი საათის განმავლობაში არსებობს ჰაერში და იმდენად გადამდებია, რომ გარშემო მყოფთა 90%-ის დაინფიცირება შეუძლია და ყოველწლიურად, მსოფლიოში უდასტურდება 20 მილიონზე მეტ მოსახლეს. სამწუხაროდ, აფრიკის განვითარებად ქვეყნებში დღემდე რთულად დასამარცხებელ დაავადებადაა მიჩნეული;
  • მალარია - პირველად 1930-50-იან წლებში დასავლეთ ევროპასა და აშშ-ში ინფიცირებულმა კოღოებმა გაავრცელეს. ის პარაზიტით გამოწვეული ინფექციური დაავადებაა, რომელიც პაციენტებში მაღალი ტემპერატურითა და კანკალით ვლინდება. 2019 წლის სტატისტიკით, 229 მილიონი ადამიანი დაავადდა მალარიით, 409 ათასი კი, ემსხვერპლა.
  • გრიპის ვირუსი - ყოველწლიურად, ზამთრის დადგომასთან ერთად აქტიურდება. ადამიანთა უმრავლესობისთვის ეს სახლში რამდენიმე დღით ჩაწოლასა და მედიკამენტურ მკურნალობასთან ასოცირდება, თუმცა, ხანდაზმულების, ორსული ქალებისა და ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებისთვის ხშირად, ფატალური შედეგით სრულდება. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემით, გრიპით წელიწადში 3-5 მლნ ადამიანი ავადდება, საშუალოდ 650 ათასი კი, იღუპება.
  • ნაწლავური ინფექციები - განსაკუთრებით ქოლერა და დიზენტერია XIX ს-ის მკვლელი დაავადებები იყო, თუმცა, დღემდე მისით, ყოველწლიურად, 5 წლამდე ასაკის 525 ათასი ბავშვი სიცოცხლეს ლეტალურად ასრულებს. სწორედ ამის გამო, ეს ინფექციები ერთ-ერთ ყველაზე საშიშ ინფექციურ დაავადებებად ითვლებიან მცირეწლოვან ბავშვებში. ნაწლავური ინფექციები გამოწვეულია ბაქტერიებით, ვირუსებით ან პარაზიტებით და ადამიანიდან ადამიანზე დაბინძურებული წყლით, ან საკვებით ვრცელდებიან.

2020 წელს გამართული ინფექციის კვირეული პანდემიის პრევენციის გზებსა და ინფიცირებულ ადამიანებს მიეძღვნა, რომელთაც კოვიდთან ბრძოლა მოუწია და სამწუხაროდ, ბევრი ამ ბრძოლაში დამარცხდა.

 

წლევანდელი ღონისძიება 17-23 ოქტომბერს გაიმართება და მისი მთავარი სლოგანია - „აქციე შენს განზრახვად ინფექციის პრევენცია“. სწორედ თითოეული ჩვენგანის მიზანი უნდა იყოს ინფექციების შესახებ მეტი ინფორმაციის მიღება და მათგან თავის დაცვა. დღევანდელი ეპიდემიოლოგიური ვითარება გვიჩვენებს, რომ ჩვენ კოვიდ-19 ვირუსთან ერთად ცხოვრება უნდა ვისწავლოთ და ვებრძოლოთ მას, ჩვენს ხელთ არსებული ყველა საჭირო იარაღით (ჰიგიენა და ვაქცინაცია). გახსოვდეთ, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და „იუნისეფის“ რეკომენდაციით, ყველა სახის ასაკობრივი სავალდებულო აცრა ჩვენივე ჯანმრთელი მომავლის საწინდარია.

 

ინფექციური დაავადებების დიაგნოსტირება-მკურნალობისთვის, დაუკავშირდით ქირურგიის ეროვნული ცენტრის ლაბორატორიას ნომერზე (032) 2 02 25 25 ან (+995) 577 119 119

გისურვებთ ჯანმრთელობას!


რა აინტერესებთ პაციენტებს

იხილეთ ვრცლად