კონფერენცია სასტუმრო პარაგრაფში

კონფერენცია სასტუმრო პარაგრაფში

ქირურგიის ეროვნული ცენტრის ბირთვული მედიცინის დეპარტამენტი

ქირურგიის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, 9 ოქტომბერს, სასტუმრო პარაგრაფში, გაიმართა ექიმ-მეცნიერთა სემინარი თემაზე - „ციფრული პოზიტრონულ-ემისიური ტომოგრაფიის გამოყენება ონკოლოგიურ დაავადებათა დიაგნოსტირებისთვის; ონკოლოგიურ დაავადებათა მკურნალობის მეთოდები“.

კონფერენციის შესავალ ნაწილში, მისასალმებელი სიტყვით წარდგნენ ქირურგიის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი და ცენტრის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე. სამეცნიერო კონფერენციის ფარგლებში, სამედიცინო საზოგადოებას მომხსენებლებმა გააცნეს შემდეგი თემები:

  • შორენა ესიაშვილი - „ციფრული პოზიტრონულ-ემისიური კომპიუტერული ტომოგრაფიით (PHILIPS Vereos) გამოვლენილი საინტერესო შემთხვევები - ონკოლოგიურ დაავადებათა დიაგნოსტირების ოქროს სტანდარტი“;
  • ანა გოდელაშვილი - „თანამედროვე რადიოთერაპიის როლი ადგილობრივად გავრცელებულ ხორხის სიმსივნეების მკურნალობაში“;
  • ირინა ჯობავა - „საშვილოსნოს ყელის კიბოს რადიოთერაპიული მკურნალობა“;
  • ლაშა გოგინაშვილი - „ბრაქითერაპია პროსტატის კიბოს მკურნალობის დროს“.

გამომსვლელებმა სასტუმროს საკონფერენციო დარბაზში 35 კაციან ჯგუფს წარუდგინეს საინტერესო სამედიცინო შემთხვევები, რომელთა მაგალითზე ნაჩვენები იყო პეტ კტ კვლევის უდიდესი როლი და მნიშვნელობა, სხვადასხვა ონკოლოგიური დაავადების დროს, დროული დიაგნოსტირებისა და მკურნალობის ტაქტიკის სწორად განსაზღვრაში.

კონფერენციამ თვალსაჩინოდ დაანახა სპეციალისტებს, რომ ონკოლოგიური პაციენტის კვლევის დასაწყისშივე, პეტ კტ კვლევა უნდა ჩაიწეროს ძირითადი კვლევების ნუსხაში. ონკოლოგიურ დაავადებათა დიაგნოსტირება, ამ კვლევის გარეშე, უკვე წარსულია, რადგან პეტ კტ დაავადების დაწყებისთანავე ავლენს და ადგენს უმცირესი ზომის ონკოლოგიური წარმონაქმნების არსებობას.

ასე რომ, თუ სიმსივნის არსებობის ეჭვი არსებობს, უნდა დაინიშნოს ყველა ის კვლევა, რაც დაავადების ადრეულ დიაგნოსტირებაში დაეხმარება როგორც პაციენტს, ისე ექიმს.

ქირურგიის ეროვნული ცენტრი გისურვებთ ჯანმრთელობას!


რა აინტერესებთ პაციენტებს

იხილეთ ვრცლად